საიდუმლო წამალი
25-08-2009
ხმა გავარდა: რუმინეთში ისეთი ექიმბაში გამოჩნდა, ხელისგულივით მოპრიალებულ კინკრიხოზეც კი ჯეჯილივით მობიბინე თმა ამოჰყავსო...
ეს ის რუმინეთი არ გეგონოთ, მსოფლიო რუკაზე რომ ევროპად მოიხსენიება. ერთი პატარა სოფელია იმერეთში. მეტიც, სოფელიც არ ეთქმის, მომცრო უბანია, სადაც ერთი გვარის ათიოდე ოჯახი ცხოვრობს. ძალიან ვეცადე, გამეგო, ვინ, როდის და რატომ მონათლა ეს უფერული დასახლება რუმინეთად, მაგრამ ყველამ მხრები აიჩეჩა და მხოლოდ ის მითხრეს, რომ რაც თავი ახსოვთ, მათ უბანს ყველა ასე მოიხსენიებს.
სწორედ
ქართულ რუმინეთს მიაშურა უამრავმა კაცმა "საყოველთაო" პრობლემის გადასაჭრელად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქუთაისელ რობიზონას, რომელსაც ჯერ კიდევ სტუდენტობაში გასცვივდა თმა და კარგა ხანია თავი ნიკელივით უპრიალებდა, 40 წლის ასაკში წამოუვიდა ჭაღარა ქოჩორი.
ლამის ღერა-ღერა დააწიწკნეს რობიზონას ის ნანატრი თმა ცნობისმოყვარეებმა იმაში დასარწმუნებლად, ყალთაბანდობას არ ჰქონდეს
ადგილიო...
კი, ნამდვილად სასწაული მოახდინა იმ უცნაურმა ექიმბაშმა, თან მის მიერ ჩატარებული პროცედურა სრულიად უმტკივნეულო იყო, - არც ოპერაციული ჩარევა და არც გადანერგვისა და შემგუებლობის ხანგრძლივი პროცესი...
სანამ ექიმბაშობას დაიწყებდა, ლავრენტი (ასე ჰქვია ექიმბაშს) მაინცდამაინც კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა ნაცნობებსა და მეზობლებში. შრომა არ უყვარდა, თან მევალეები სულ მოსაკლავად დასდევდნენ. სწორედ მათი შიშით გადაიხვეწა სოფლიდან. ამბობდნენ, რუსეთშიაო და ალბათ ასეც იყო, რადგან ცოტა ხნის წინ სატვირთო თვითმფრინავით "გამოდეპორტებულ" მგზავრებს შორის აღმოჩნდა ისიც და ხელში ისევ ის დენიკინის დროინდელი გაქუცული ჩემოდანი ეჭირა მხოლოდ, გაქცევისას რომ წაიღო. არც ტანსაცმელზე ეტყობოდა "აშენება", მაგრამ თავზე, ერთი ბეწვი თმა რომ არ ჰქონდა წასვლისას, ახლა ხშირი, მოზრდილი თმა უკან თასმით შეეკრა...
სწორედ ამ თმამ მიიპყრო ხალხის ყურადღება, რომლის ხათრითაც ლამის ძველი ვალებიც აპატიეს ლეოს (ასე ეძახდნენ ლავრენტის). მან კი მოაღო პირი და ზღაპარს მიმსგავსებული ამბით გააოგნა ხალხი.
- რუსის ქალი მყავდა. დედამისი ნამდვილი კუდიანი იყო, ათასგვარი ხალხური რეცეპტი იცოდა. არ ამხელდა, მაგრამ მოვპარე და ჩუმად გადავწერე ზოგი... სიქაჩლის უტყუარი სამკურნალო საშუალებაც ასე ვისწავლეო!
უცებ გავარდა ხმა ლავრენტის სასწაულ უნარზე და კლიენტიც მოაწყდა: ზოგს მოეჩვენა, რომ თავზე ბუსუსები გაუჩნდა, ზოგი ხორკლს გრძნობდა... ქუთაისელ რობიზონას კი, ისეთი ხშირი თმა ამოეზარდა, თვეში ორჯერ დაიწყო დალაქთან სიარული და ახლა ქუთაისელებმა გაიკვალეს გზა რუმინეთისკენ. ფასებიც ჯერ გააორმაგა და მერე გაასამმაგა ლეომ:
- წამლის შემადგენელი მასალა მიჯდება ძვირიო!..
თმის ხათრით, ზოგმა ვალიც კი აიღო და კარგა ხანს იძინ-იღვიძებდნენ იმ იმედით, რომ დილით "გაქოჩრილები" გაიღვიძებდნენ, მაგრამ... "სასწაული" აღარ მომხდარა...
არ ვიცი, ვინ დაეჭვდა პირველად, მაგრამ ის "მალამო" წაიღეს ლაბორატორიაში და ქათმის სკინტლი აღმოჩნდა მაზუთში გაზავებული.
გამწარებული კლიენტები გათენებასაც არ დაელოდნენ, ისე გავარდნენ რუმინეთში და იმ დროს დაადგნენ ლავრენტის თავზე, "წამლის" ახალ პარტიას რომ ანაწილებდა მომცრო ზომის ქილებში...
დაეტაკნენ გამწარებულები და ლამის შეაჭამეს მისივე "წამალი", სიმართლის აღიარებას სთხოვდნენ...
- კაცობას ვფიცავარ, თუ უებარი წამალი არ იყოს და რამეს ვიტყუებოდეო! - ქუდს წაავლო ხელი ლავრენტიმ და მიწას დაანარცხა, ვითომ გამწარებულ-შეურაცხყოფილმა და მაშინ მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა ხალხი: ქუდს სიჩქარეში თმაც მიაყოლა და ნიკელივით გაიბრწყინა მისმა კიტრივით წაგრძელებულმა თავმა...
ლავრენტის ქოჩორა თავისგან აღარაფერი დარჩა - მიწაზე არც მეტი, არც ნაკლები, პარიკი ეგდო...
იმდენი ურტყეს, მართლა რუსის ბარაბანს რომ არ მოხვედრია...
იქიდან წამოსულები რობიზონას მიუვარდნენ, რადგან ლავრენტის თანამოაზრე ყალთაბანდი ეგონათ ისიც. ლამის სკალპი ააძვრეს, იმაში დარწმუნებულებმა, რომ მასაც პარიკი ეხურა, მაგრამ თმა ნამდვილი აღმოჩნდა და მას შემდეგ სად არ ატარეს, რომ მისი გაჩენის საიდუმლო ამოეხსნათ... ვერც ვერაფერს გახდნენ და როცა ამ ამბის შემსწრე ერთმა მოხუცმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, - სასწაული ხანდახან მართლა ხდებაო, - რობიზონასაც შეეშვნენ და აღარც ლავრენტისკენ გაუხედავთ...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?