"ორერა" სრული სვლით! - კვირის პალიტრა

"ორერა" სრული სვლით!

ვახტანგ კუციას უკანასკნელი ღიმილი...

დღეს თითქოს მივიწყებას მიეცა ერთ დროს ლეგენდარული ანსამბლი "ორერა". არადა, იყო დრო, როდესაც მის სიმღერებზე თაობები იზრდებოდნენ. ანსამბლი 1958 წელს დაარსდა და მას სათავეში დღეს უკვე მართლაც ლეგენდად ქცეული რობერტ ბარძიმაშვილი ჩაუდგა. მოგვიანებით, 1975 წელს მან ანსამბლი "ვია 75" დააარსა.

"ორერაში" არა მხოლოდ პროფესიონალი მომღერლები და მუსიკოსები იყვნენ, არამედ ისინიც, ვისაც პაროდირება შეეძლო. ცოტა ხანში ანსამბლს ბუბა კიკაბიძე შეუერთდა, რომელიც მალე ანსამბლის სული გახდა. უფრო მოგვიანებით კი "ორერაში" ნანი ბრეგვაძე მივიდა.

"ორერას" წევრები იყვნენ: თემურ დავითაია, გენო ნადირაშვილი, სოსო ჟვანია და ვახტანგ კუცია... ვახტანგი მეგობრებს ხშირად კარიკატურებით აშარჟებდა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ვახტანგ კუციას მონათხრობიდან კარიკატურების თანხლებით...

ანსამბლის 40 წლის იუბილეს აღნიშვნამდე ვახტანგ კუცია ბაქოში გასტროლზე ყოფნისას გულის შეტევით გარდაიცვალა. რამდენიმე წელიწადში კი "ორერას" სოსო ჟვანიაც გამოაკლდა. სხვათა შორის, ისიც მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.

რადგან მე, თქვენი მონა-მორჩილი 2001 წელს ანსამბლის საიუბილეო გაზეთის რედაქტორი ვიყავი, შეიძლება ითქვას, "ოქროს ფონდი" შემომრჩა... ამდენად, შეგვიძლია ექსკლუზიურად შემოგთავაზოთ "ორერას" ერთ-ერთი წევრის, ვახტანგ კუციას კარიკატურები, რომმლებიც უნიჭიერესი კაცის სიცოცხლის ბოლო დღეებშია შექმნილი.

თემურ დავითაია: "ჩემთვის ხშირად უკითხავთ, ამდენ ქვეყანაში ყოფილხარ და ვისი სამზარეულო  მოგწონს ყველაზე მეტადო?.. მე კი ვამბობ, ყველა სამზარეულოს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ქართულს მაინც არაფერი შეედრება-მეთქი. ისე, აფრიკაში ეგზოტიკური კერძები იყო, თურმე 3 დღის განმავლობაში გველის ხორცს გვაჭმევდნენ და არ ვიცოდით. რომ გავიგეთ, გულზე შემოგვეყარა. სხვათა შორის, ცუდი საჭმელი არ იყო, შემწვარი სოკოს გემოს წააგავდა, მაგრამ გველი იყო მაინც! ვჭამდით ზღვის კუს მოხარშულ  ხორცსაც...

ჩვენს ქართულ სამზარეულოზე მრავალფეროვანი და გემრიელი არაფერი მინახავს, იმის მიუხედავად, რომ მაროკოს მეფესთან მიღებაზე ზვიგენის ბულიონიც მიგემია"...

გენო ნადირაშვილი: "როცა სიმღერა  დავიწყე, ძალიან პატარა ვიყავი. ჩემს მუსიკალურ ოჯახში ყველა კარგად მღეროდა. ჩუღურეთში, დოქის 4 ნომერში ვცხოვრობდი. მაშინ ყველა ინდური ფილმის "ავარას" მელოდიებს მღეროდა. მეც შემოვჯდებოდი ჭიშკარზე, ქვას რიტმულად ვურტყამდი ნომრის ფირნიშზე და ვმღეროდი... სახლში რადიომიმღები "ბალტიკა" გვქონდა, კარგად იჭერდა "ამერიკის ხმას", უცხოურ რადიოტალღებს... ჯაზს გატაცებით ვუსმენდი... და ეს თითქოს ბავშვობიდანვე მთელ სხეულში გამიჯდა".

ვახტანგ კუცია: "ცხოვრებამ მაინც იმ სფეროებში დამტოვა, რომელიც ჩემეულად მიმაჩნია. ორჯერ შემიყვანეს გინესის რეკორდების წიგნში. პირველი რეკორდი ქართული და უცხოური პრესის ფურცლებზე 10 ათასი ნახატის გამოქვეყნებით დავამყარე, მეორე რეკორდი მხოლოდ ერთ წელიწადში 1300-ზე მეტი ნახატის გამოქვეყნებით.

ბოლო პერიოდი ჩემთვის მაინც შემაჯამებელი გამოდგა. ორ ენციკლოპედიაში შემიყვანეს ხელოვნებასა და ქართულ ჟურნალისტიკაში გაწეული ღვაწლის გამო. ქართული ესტრადისა და ჯაზის ენციკლოპედიაში სულ ორი კონტრაბასისტის გვარია დაფიქსირებული, თამაზ ყურაშვილის და ჩემი.

...ხანდახან ხუმრობით ვამბობ, "საუკუნის ანსამბლ "ორერაში" ერთი კაცი მაინც ხომ უნდა იყოს რეკორდსმენი. შესაძლოა, ხელოვნების ორი ჟანრი - კარიკატურა და ესტრადა სხვადასხვა პოლუსზეა, მაგრამ ორივე  ერთ მისიას - ადამიანის განტვირთვას და მისთვის კარგი განწყობის შექმნას ემსახურება. ამ ორ ჟანრს ერთმანეთთან ისიც აკავშირებს, რომ ორივეგან იმპროვიზაცია არის შესაძლებელი... მე ვერავინ შემზღუდავს, ვერც ესტრადაში და ვერც ხატვაში. ვთქვათ, ვერავინ მეტყვის, ცხვირი რატომ დახატე გრძელიო  და ა.შ. აი, ასეთი თავისუფალი ვარ!"