როგორი დედები არიან ქართველი პოლიტიკოსების ცოლები (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

როგორი დედები არიან ქართველი პოლიტიკოსების ცოლები (ფოტოგალერეა)

პოლიტიკოს მამაკაცებს როგორც წესი, დროის სიმცირის გამო, შვილებთან დიდ დროის გატარების ფუფუნება არ აქვთ, ამიტომაც შვილების აღზრდის პროცესში უფრო მეტად დედები ანუ პოლიტიკოსის ცოლები მონაწილეობენ. წარმოგიდგენთ ქართველი პოლიტიკოსების ცოლებს დედის ამპლუაში:

(ფოტოგალერეა)

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას ერთი საერთო შვილი - ერთი წლის თემო ჰყავთ, თუმცა როგორც ბატონ პრეზიდენტს, ისე მის მეუღლეს პირველი ქორწინებებიდან თითო სრულწლოვანი ქალიშვილი ჰყავთ. ქვეყნის პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა პროფესიით მხატვარია. მუშაობდა ვიზაჟისტად და რამდენიმე ფილმშიცაა გადაღებული, თუმცა ახლა პატარა თემოს აღზრდითაა დაკავებული. ამჟამად პრეზიდენტის ოჯახი ქალქგარეთ, დუშეთის რაიონში ცხოვრობს, როგორც ახლობლები ამბობენ, მშობლების სურვილია პატარ თემო სუფთა გარემოში გაიზარდოს. "ჯერ სულ პატარაა და გამუდმებით საჭიროებს ყურადღებასა და სითბოს", - ამბობს პირველი ლედი ერთ-ერთ ინტერვიუში. პრეზიდენტის მეუღლე ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში.

მაკა ჩიჩუა: "მინდა ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ვიზრუნო. მხარი დავუჭირო ქალებს, გარემოსა და ცხოველთა დაცვას. ეს თემები ყოველთვის იყო ჩემი საზრუნავი. თუმცა, პირველი ლედის სტატუსმა საშუალება მომცა მეტი ინფორმაცია მიმეღო, დავკავშირებოდი ადამიანებს, რომლებსაც იგივე ინტერესები ამოძრავებთ, გამეზიარებინა მათი გამოცდილება". (იხილეთ ინტერვიუ)

გიორგი კვირიკაშვილი და მაკა ცინაძე

გაპრემიერების შემდეგ საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა გიორგი კვირიკაშვილის ოჯახი. პრემიერ-მინისტრს ოთხი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე მაკა ცინაძეა. ის პროფესიით ექიმია. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერის მეუღლეს არასოდეს უმუშავია და მთელ დროს შვილების აღზრდას უთმობს. წყვილის ქალიშვილი ნუკა ახლახან გათხოვდა. ქალბატონ მაკას კი საზოგადოებაში გამოჩენა დიდად არ უყვარს, ხშირად არის დაკავებული ქველმოქმედებით, მაგრამ ამის აფიშირებას ერიდება. როგორც ამბობენ, ხშირად სტუმრობს მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა სახლებს.

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ოთხი შვილი ჰყავს, მისი მეუღლე კი ეკატერინე ხვედელიძეა. ივანიშვილის თანამდებობაზე ყოფნისას ეკატერინე ხვედელიძე მუდამ ჩრდილში იდგა, არასდროს მიუცია ინტერვიუ, თუმცა ხშირად დაჰყვებოდა პოლიტიკოს მეუღლეს სხვადასხვა ღონისძიებებზე. ამბობენ, რომ ის კარგი მეოჯახეა და მთელ თავის დროს შვილების აღზრდას უთმობს. დედაზე ხშირად ლაპარაკობს მომღერალი ბერა ივანიშვილი და სოციალურ ქსელში მშობლებთან ერთად გადაღებულ სურათებსაც აქვეყნებს. მან დედას სიმღერაც მიუძღვნა, სადაც ამბობს, რომ მისი ერთადერთი გამგები და მესაიდუმლე დედა იყო ყოველთვის, რომელმაც დიდი სიყვარულით გაზარდა.

მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი

საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს ორი ვაჟი ჰყავთ - ედუარდი და ნიკოლოზი. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა უკრაინაში დაიწყო, სანდრა უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად საქართველოში დარჩა საცხოვრებლად. სანდრა ხშირად ლაპარაკობს შვილებზე, აქვეყნებს სოციალურ ქსელში მათ პოსტებსა და სურათებს.

"8 წლის ნიკუშასთვის მნიშვნელოვანია, რომ თინეიჯერობის წლები საქართველოში გაატაროს და აღიზარდოს ისე, როგორც რიგითი ქართველი" - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი.

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე

კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე 3 შვილის დედაა. პოლიტიკოსის ცოლებს შორის ის ერთ-ერთი წარმატებული და საქმიანი ქალბატონია, რომელიც საოჯახო საქმეებსა და დიზაინერობას უთავსებს ერთმანეთს. მიუხედავად მისი დატვირთული გრაფიკისა, ანუკი მაინც ახერხებს შვილებთან დროის გატარებას და დღის მეორე ნახევარს მთლაიანად მათ უთმობს.

ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი

ქვეყნის ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილი, კახეთის პოლიცის ყოფილი უფროსის, თამაზ თამაზაშვილის შვილია. წყვილს სამი ბიჭი ჰყავს და მეოთხე ბავშვს ელოდებიან. როგორც ამბობენ, ნუნუკას და ირაკლის ერთმანეთი სკოლის მერხიდან უყვარდათ. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ, ნუნუკა თამაზაშვილს არასდროს მიუცია ინტერვიუ, თუმცა ხშირად ახლდა ქმარს სხვადასხვა ღონისძიებებზე.როგორც ამბობენ, ის სამაგალითო ცოლი და დედაა. ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლისას სწორედ მეუღლეს გადაუხადა მადლობა, ქვეყნის სათავეში ყოფნისას, მუდმივად მხარში დგომისა და გამხნევებისთვის.

დავით სერგეენკო და ლელა მიგრიაული

დავით სერგეენკოს მეუღლე ლელა მიგრიაული გახლავთ, ის პროფესიით ექიმია. მინისტრსა და მის მეუღლეს ტყუპი გოგონები ჰყავთ. სერგეენკოს მეუღლე ინტერვიუებისგან თავს იკავებს და მეუღლესთან ერთადაც იშვიათად ჩნდება. "ყველაფერს თავად ვაგვარებ. დათოს ყოველთვის ისეთი სამსახური ჰქონდა, ძალიან დაკავებული იყო. დღესაც ასეა, საოჯახო საქმეებისთვის იშვიათად იცლის", ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონი ლელა.

სოზარ სუბარი და თამთა ყუბანეიშვილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთამინისტრის სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი პროფესიით ჟურნალისტია. წყვილს სამი შვილი ჰყავს. თამთას და სოზარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თამთა მეუღლეზე 18 წლით პატარაა.მინისტრის მეუღლე არასამთავრობო სექტორში საქმიანობს. მიუხედავად იმისა, რომ თამთა საკუთარი საქმიანობითაა დაკავებული, შვილების აღზრდასაც დიდ დროს უთმობს.  "ჩვენ გადანაწილებული გვაქვს ჩვენი მოვალეობები. ზოგჯერ მიწევს მივლინებაში წასვლა, ზოგჯერ სოზარსაც უწევს და ამ მხრივ ერთმანეთს ვენაცვლებით, სოზარს არ უჭირს ბავშვების დატოვება, მათი მიხედვა. დროის ნაკლებობას განვიცდით, თუმცა ამ მცირე დროსაც ეფექტიანად ვანაწილებთ, რათა შვილებთან ერთად ვიყოთ - დავდივართ იპოდრომზე, შაბათ-კვირას წიგნის მაღაზიაში", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში თამთა ყუბანეიშვილი.

დავით ნარმანია და თიკა თინიკაშვილი

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ულამაზესი მეუღლე თიკა თინიკაშვილი უკვე სამი შვილის დედაა. წყვილს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს. თბილისის მერის და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო. "ბავშვებს იშვიათად ვუკითხავ ''ლექციებს'', რადგან ეს მეთოდი უფროსებთან უფრო ამართლებს, ვიდრე უმცროსი ასაკის ბავშვებთან. სიტუაციიდან გამომდინარე ვმოქმედებ. ჩავჩურჩულებ ხოლმე, რომ არასწორად იქცევა. იმ მომენტში მაინც თავის აზრზე რჩება, თუმცა მოგვიანებით, როცა დაწყნარებულია, ამ საკითხს ვუბრუნდებით. ძილის წინაც ვახსენებ მომხდარს და ვარიგებ, რა იქნებოდა უკეთესი...

ვცდილობ, შვილები ერთმანეთისგან არ გავარჩიო და მოზრდილებმა ნაბოლარაზე არ იეჭვიანონ. ლიტერატურას გავეცანი, ფსიქოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ შვილს მშობლებისგან ყურადღება აკლია, ხშირად არაადეკვატური გზით ცდილობს მათი ყურადღების მიქცევას", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ქალაქის თავის მეუღლე.

დავით ბაქრაძე და მაკა მეტრეველი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარესა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერს, დავით ბაქრაძეს და მის მეუღლეს, მაკა მეტრეველს ორი გოგონა ჰყავთ. მაკა მეტრეველი ერთი პერიოდში საქართველოში მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ მიუხედავად ქმრის პროფესიისა, ბავშვებს ჩვეულებრივად ზრდის. "ისინი, პირველ რიგში ბავშვები არიან და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მამის სამსახურებრივ პოზიციას. ამ დამოკიდებულებით ვზრდი მათ. ისიც ხომ გაგიგონია, "თუ ბუნებამც არ უშველაო"... მოძველებული ტრადიციებით არ ვზრდი, თუმცა, იმის გაგებაც გამიჭირდება, 16 წლის ასაკში ოჯახიდან წავიდნენ და რაც მოუნდებათ, ის აკეთონ. იმას ვგულისხმობ, რომ მათ მიმართ უფრო ლოიალური დამოკიდებულება გვაქვს, ვიდრე ჩემს მშობლებს, რომლებიც გაცილებით მკაცრად მზრდიდნენ", - ამბობს მაკა მეტრეველი შვილების აღზრდასთან დაკავშირებით.

ირაკლი ალასანია და ნათია ფანჯიკიძე

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე პროფესიით ფსიქოლოგია. წყვილს ორი სრულწლოვანი შვილი ჰყავს. ნათიამ აშშ - დან, სადაც მთელი ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობდა, დაბრუნების შემდეგ საკუთარი ფსიქოლოგიური ცენტრი დააფუძნა და იქ მუშაობს, თუმცა არანაკლებ დროს შვილებს უთმობს. ამ მხრივ ის "ფეისბუკში" ძალიან აქტიურია და ხშირად აქვეყნებს შვილების და მეუღლის ფოტოებს, ყვება მათ ხასიათებზე, თავს გადახდენილ სახალისო ამბებზე.

იხილეთ ფოტოგალერეა