საუკუნოვანი ჰოლივუდი ქალს დანებდა - კვირის პალიტრა

საუკუნოვანი ჰოლივუდი ქალს დანებდა

კინოაკადემიკოსებზე "ავატარის" გიგანტურმა ბიუჯეტმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა

ჰოლივუდში 1929 წელს, სასტუმრო "რუზველტის" საბანკეტო დარბაზში, აშშ-ის ხელოვნების აკადემიის წევრებისთვის კორპორატიული საღამო გაიმართა. საღამოზე 200-ზე მეტი ამერიკელი კინოხელოვანიც მიიწვიეს, თუმცა მოსაწვევებში ხუთ-ხუთი დოლარი გადაახდევინეს. იმ დროს ყველაზე პოპულარული ფილმი გახლდათ სამხედრო დრამა "ფრთები". ამიტომ კინოაკადემიის პრეზიდენტმა დუგლას ფერბენკსმა საუკეთესოდ სწორედ ეს მუნჯი კინოფილმი დაასახელა.

KvirisPalitra.Geსხვათა შორის, პრესის მიპატიჟება იმ ბანკეტზე არავის გახსენებია. თუმცა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთმა რადიოსადგურმა წინდახედულება გამოიჩინა და მომდევნო წლის ჰოლივუდური ბანკეტის რადიოტრანსლაციის უფლება შეიძინა. 1953 წელს "ოსკარების" გადაცემის ცერემონიალი პირველად იხილა აშშ-ისა და კანადის ტელემაყურებელმა. 1969 წლიდან კი კინოხელოვნების მთავარი დღესასწაულის ტრანსლაცია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ტელეეკრანებთან მილიარდობით მაყურებელს იზიდავს.

"ოსკარების" გადაცემის ცერემონიალი ლოს-ანჯელესში წლეულს უკვე ოთხმოცდამერვედ გაიმართა და როგორც სტატისტიკოსებმა დაითვალეს, ღონისძიებას ტელეეკრანებთან 4,31 მლრდ მაყურებელი ადევნებდა თვალს, რაც შარშანდელზე 14%-ით მეტია. სხვათა შორის, ბოლო რამდენიმე წელია, "ოსკარის" დაჯილდოების ღონისძიება პოპულარობას კარგავდა, წლეულს კი, მაყურებლისა და კომპეტენტურ პირთა შეფასებით, შოუ უფრო დინამიკური გამოვიდა, რასაც კინოაკადემიის ახალ პრეზიდენტ ტომ შირაკის დამსახურებად მიიჩნევენ.

KvirisPalitra.Geწლევანდელი ცერემონიალი გამორჩეული იყო იმითაც, რომ "ოსკარის" ისტორიაში პირველად, მთავარი ჯილდო რეჟისორ ქალს ერგო. კეტრინ ბიგელოუს "ქარიშხლის მბრძანებელი" საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად აღიარეს.

აშშ-ის კინოაკადემიის წლევანდელი ღონისძიება ბევრი სხვა დეტალითაც იყო გამორჩეული. მაგალითად, "ოსკარი" არგუნეს მსახიობ სანდრა ბალოკს ფილმში "უხილავი მხარე" მთავარი როლის შესრულებისთვის, თუმცა მანამდე მას სწორედ ამ როლისთვის "ოქროს ჟოლოც" აქვს მიღებული - ყველაზე ცუდი სამსახიობო ოსტატობისთვის! წლეულს, ასევე პირველად "ოსკარის" ისტორიაში, საუკეთესო ფილმის პროდიუსერი ცერემონიალზე არ შეუშვეს.

საქმე ის გახლავთ, რომ "ქარიშხლის მბრძანებლის" პროდიუსერმა ნიკოლას კარტიემ აშშ-ის კინოაკადემიის წევრებს ელექტრონული ფოსტით დაუგზავნა წერილები, სადაც სთხოვდა, ხმა მიეცათ მისი ფილმის სასარგებლოდ. ამის გამო დასაჯეს და მოსაწვევის გარეშე დატოვეს.

1943 წლის შემდეგ, წლეულს, პირველად მთავარი პრიზის მოსაპოვებლად, ხუთის ნაცვლად, ათი ფილმი იყო წარდგენილი. წლევანდელი "ოსკარი" იმითაც იყო გამორჩეული, რომ მთავარი ჯილდო ექვს ნომინაციაში ყველაზე მცირებიუჯეტიან ფილმს არგუნეს. შედარებისთვის, "ქარიშხლის მბრძანებელმა" 11 მლნ დოლარის მოგება ძლივს მოუტანა მის ავტორებს, მაშინ, როცა "ოსკარის" გარეშე დარჩენილმა "ავატარის" შემოსავალმა ორ მლრდ დოლარს გადააჭარბა.

KvirisPalitra.Geდაკვირვებული მაყურებელი შენიშნავდა, რომ წლეულს "ოსკარებით" დაჯილდოების ცერემონიალზე ლაურეატები აღარ ამბობდნენ - "მადლობა დედას". აშშ-ის კინოაკადემიის ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ პირდაპირი ეთერით გრძელი სამადლობელი სიტყვის მოსმენა მაყურებლისთვის მოსაბეზრებელია, ამიტომ სამადლობელ ტექსტს ვრცლად იწერდნენ კულისებში და შემდეგ ხვდებოდა ტელეეკრანზე ან ინტერნეტში.

მაგალითად, ჯეფ ბრიჯესს, რომელსაც "ოსკარი" მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის გადასცეს, დაჯილდოების დროს თავი ღირსეულად ეჭირა, კულისებში ვრცელი სიტყვის ჩაწერისას კი ემოციებმა სძლია და ცრემლად დაიღვარა. ბრიჯესს ტირილის საბაბი ნამდვილად ჰქონდა. აქამდე სხვადასხვა დროს ის ხუთჯერ იყო წარდგენილი "ოსკარზე", მაგრამ სანუკვარი ჯილდო მხოლოდ ახლა მოიპოვა.

წლევანდელ "ოსკარზე" კრიტიკოსებმა ჩაცმულობა სანდრა ბალოკს დაუწუნეს და აღნიშნეს, რომ ის ქალთევზას ჰგავდა. ყველაზე საკამათო კი "ავატარის" გმირის, ზოი სალდანას "კუდიანი" კაბა გახდა, რომელიც ზოგმა საშინელებად შერაცხა, ზოგმაც ზოი ამ სამოსში ფანტასტიკური პლანეტის ყვავილს შეადარა. ბევრი ილაპარაკეს კეიტ უინსლეტის ვერცხლისფერ კაბასა და 2,5 მლნ დოლარად შეფასებულ ყელსაბამზე.

ყველაზე მეტად კრიტიკოსები პენელოპა კრუსის ჩაცმულობამ მოხიბლა და... გაცამტვერდა მოსაზრება თითქოს წითელ ხალიჩაზე წითელი კაბით გავლა არაეფექტურია.

P.S. სხვათა შორის, ჰოლივუდის პირველი ფილმი ზუსტად 100 წლის წინ, 1910 წლის მარტში გამოვიდა კინოეკრანებზე. ეს გახლდათ დევიდ იორკ გრიფიტის "ძველ კალიფორნიაში".