"ნულიდან დავიწყე და მილიონერი მოკლე დროში გავხდი" - ვინ არიან ყველაზე მდიდარი ქართველი ქალბატონები? - კვირის პალიტრა

"ნულიდან დავიწყე და მილიონერი მოკლე დროში გავხდი" - ვინ არიან ყველაზე მდიდარი ქართველი ქალბატონები?

დღეს ჩვენს საზოგადოებაში საქმიანი ქალბატონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

მოდის ინდუსტრიისა თუ სხვა სფეროების განვითარებაში მათი წვლილი საკმაოდ დიდია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ქალები საქართველოს ფარგლებს გარეთ ხშირად უფრო წარმატებით მოღვაწეობენ ვიდრე საკუთარ სამშობლოში. მათ შესახებ იმეჭდება სტატიები მსოფლიო გამოცემებში. დღეს ჩვენ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ

(ფოტოგალერეა)

მარიამ კუკუნაშვილი

სუროგაციის ცენტრის - NEW LIFE-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელია. უკვე შვიდ ქვეყანაში გახსნა სუროგაციის ცენტრი და ბლომად მილიონებიც იშოვა. კუკუნაშვილს რამდენიმე ქვეყანაში აქვს კლინიკები და მომავალში მსოფლიო ქსელის გაფართოებას აპირებს. ის ძალიან ბევრს მოგზაურობს.

"შვიდი წელია რაც ამ ბიზნესში ვარ. გავაფართოვე ჩემი ქსელი და უკვე შვიდ ქვეყანაში მაქვს სურაგიციის ცენტრი. ზოგიერთ ქვეყანაში კი კლინიკა. მომავალში სხვადასხვა ქვეყნებში კიდევ გავხსნი მსგავს დაწესებულებებს. ნულიდან დავიწყე საქმიანობა და მილიონერი მოკლე დროში გავხდი".

ქეთი მელუა

მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ქეთი მელუა წლებია ბრიტანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მას კარგა ხანია უკვე ცნობილ მდიდარ ბრიტანელებს შორის მოიხსენიებენ.

The Sunday Times-მა გამოაქვეყნა 30 წლამდე ასაკის ბრიტანელი მილიონერი მომღერლების სია, სადაც მეორე ადგილს სწორედ ქეთი მელუა  მისი ქონება 14 მილიონ სტერლინგს შეადგენს, რაც მილიონობით გაყიდული ალბომისა და შემოსავლიანი გასტროლების შედეგია. 2006 წლის 2 ოქტომბერს ქეთი მელუა გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს ზღვის დონიდან ყველაზე ღრმა წერტილში კონცერტის ჩატარებისთვის. მელუამ და მისმა ბენდმა ჩრდილოეთის ზღვაში, 303 მეტრ სიღრმეზე, გაზის ჭაბურღილის შახტაში არაჩვეულებრივი კონცერტი გამართეს.

ირინა ჯინჭარაძე

ირინა ჯინჭარაძე ცნობილი ბიზნესმენის მამუკა ჯინჭარაძის ქვრივია. ის  "სახალხო ბანკის" ("ლიბერთი ბანკი") მფლობელი გახლდათ. მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქონების ნაწილი დაათმობინეს. ბანკი 12.51 მილიონად გაიყიდა. ჯინჭარაძეს 7 მილიონი დოლარის თაღლიურად მითვისებაში ედავებოდნენ, თუმცა გენერალურმა პროკურატურამ ბანკის კანონიერი მეპატრონე დაზარალებულად სცნო.

ინა გუდავაძე

ინა გუდავაძე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივია. ის გარდაცვლილი ბიზნესმენის ძირითადი ქონების მფლობელია, რომელიც მემკვირეობით ერგო. გაზეთმა "The Sunday Times" ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა ე.წ. მეგზური  RICH LIST-2014  როდესაც გამოაქვეყნა, მასში გაერთიანებული სამეფოს ათასზე მეტ უმდიდრეს ადამიანს შორის ინა გუდავაძეც შეიყვანა. გუდავაძე გამოცემა The Chive-ის მიერ გამოქვეყნებულ წარმატებულად გათხოვილ ქალთა სიაშიც მოხვდა, რომელთაც მეუღლის ქონება მემკვიდრეობით დარჩათ. ის 938 - მილიონდოლარიანი ქონებით პირველ ადგილზეა.

მაკა ასათიანი

დიზაინერი მაკა ასათიანი იყო ტელეკომპანია "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელი. ასევე ფლობდა აქციებს "მერსედესის" სადილერო კომპანია შპს "აკასა" და შპს "ნოღელაში". წლების წინ მაკას ბიზნესსაქმიანობა სამოდელო სააგენტოს დაფუძნებით დაიწყო. კარგა ხანს მამის, კახი ასათიანის კუთვნილ კომპანიას - "აირზენასაც" ხელმძღვანელობდა. მაკა ასათიანის მეუღლის, კოტე გოგელიას ქონება, არაოფიციალური მონაცემებით, 50 000 000 დოლარია. გოგელია-ასათიანის წყვილი შვეიცარიაში ცხოვრობს.

ნინო ვასაძე

ნინო ვასაძე  უკრაინაში მოღვაწე ტარიელ ვასაძის ქალიშვილია, თუმცა ბიზნესის  მართვის განსაკუთრებული ალღოთი ქალიშვილი მამას არ ჩამოუვარდება. ის უკრაინაში ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესქალბატონად მიიჩნევა. ცნობილია, რომ მამამისი მსხვილი ავტომწარმოებელი, დისტრიბუტორი და სერვისული მომსახურების მიმწოდებელია უკრაინაში. ამასთან, დსთ-ის ქვეყნებში ავტომობილების მთავარი ექსპორტიორია. ვასაძის აქტიური საქმიანობის წყალობით, კომპანია 20-ზე მეტი საავტომობილო ბრენდის გენერალური იმპორტიორი და ოფიციალური დილერია. მისი ქონება 183 მილიონ დოლლარს აღემატება, თავად ნინომ კი ზუსტად რამდენის გამომუშავება შეძლო უკვე  უცნობია. ის უკრაინაში "კია"-ს წარმომადგენელი, ასევე კომპანია "ავტოკაპიტალის" (უკრაინაში "მერსედესბენცის" წარმომადგენლობა) ფინანსური დირექტორი და "უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ბიზნესის მართვის ნიჭის გარდა, ნინო გარეგნობითაც გამოირჩევა, უყვარს გემოვნებით ჩაცმა და ბომონდურ შეკრებებსაც ხშირად ესწრება. ჟურნალმა "კორესპონდენტმა" რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში.

თინა კანდელაკი

რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანი თინა კანდელაკი აქტიურად მონაწილეობს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში - მოსკოვთან ახლოს მდებარე ელიტური სოფლის "შელესტოვოს" თანაინვესტორი და არტდირექტორია. 2014 წელს თინა რუსეთის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელეს. იგი ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის "აპოსტოლის" გენერალური დირექტორია. გარდა ამისა, რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში "ორიფლეიმის" სარეკლამო სახეა. მოსკოვში აქვს ქართული რესტორანი "თინათინი". კანდელაკს ყოფილი ქმრის - ანდრეი კონდრახინისგანაც დარჩა ბლომად ქონება.

ეკატერინე მწითურიძე

ეკატერინე მწითურიძე რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველია, ცნობილი ჟურნალ Variety-ს რუსული რედაქციის მთავარი რედაქტორია და ასევე რუსული კინოს ერთ-ერთი მთავარი უწყების "როსკინოს" მეთაური. გარდა ამისა, ეკატერინე უკვე ხუთი წელია, კანში რუსულ პავილიონს ხელმძღვანელობს, რომელიც თვითონვე დააარსა. მისი ქონების შესახებ ღიად არასდროს არ არის საუბარი, თუმა ის ერთ-ერთ წარმატებულ ქალბატონად აღიარეს რუსეთის ფედერაციაში.

ელა იაკობაშვილი

ცნობილი ბიზნესმენისა და ინვესტორის, დავით იაკობაშვილის მეუღლეს - ელა იაკობაშვილს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების ქონება აქვს. ელა პარიზში ცხოვრობს. ევროპაში მულტიმილიონერ დავით იაკობაშვილს უძრავი ქონების ბიზნესი აქვს, რომლის მნიშვნელოვან წილს მეუღლე განკარგავს. მათ ერთმანეთი გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიცნეს, როცა დავით იაკობაშვილი პარტნიორებთან ერთად სილამაზის სალონ "ჟენშენს" ხსნიდა. მაშინ ელამ მასთან მდივნად დაიწყო მუშაობა...

ქეთა თოფურია

რა სიმდიდრის პატრონია, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ქეთა რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მომღერალია. თოფურია აცხადებს, რომ საოცნებო სახლი მოსკოვის ცენტრში და ძვირად ღირებული საოცნებო მანქანა საკუთარი შრომით შეიძინა. ქეთამ მომავალი მეუღლე, ებრაელი ბიზნესმენი ლევ გეიხმანი თვითმფრინავში გაიცნო. გავრცელებული ინფორმაციით, გეიხმანს ნავთობის ბიზნესი აქვს და სურს ბიზნესსაქმიანობაში ქეთაც ჩართოს. გარდა ამისა, ქეთა საკუთარი დიზაინით შექმნილ სამოსსაც უშვებს, რომელიც KetiOne-ს სახელითაა ცნობილი. ბრენდი რუსეთში საკმაოდ პოპულარულია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ