ქალები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ისტორიაში და დაუმსახურებლად მიივიწყეს
11-04-2016
ქალები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ისტორიაში და დაუმსახურებლად მიივიწყეს
ფოტოგალერეა

ჟანა ბარე.
ბოტანიკოსი და მკვლევარი, პირველი ქალი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. 1776 წელს მამაკაცის სამოსგადაცმული 26 წლის ბარე ავიდა გემზე (ქალებს იმხანად გემბანზე არ უშვებდნენ) და განაცხადა, ბოტანიკოს ფილიბერ კომერსონის მსახური ვარ და ჟანი მქვიაო. სინამდვილეში კი მისი სატრფო იყო. ფილიბერთან ერთად მცენარეების ნიმუშებს აგროვებდა და შეისწავლიდა. როცა გამჟღავნდა, რომ ქალი იყო, კომერსონთან ერთად კუნძულ მავრიკიაზე ჩამოსვეს. საფრანგეთში 10 წლის შემდეგ დაბრუნდა და მთავრობამ ბოტანიკაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

ანიტა
თეგეოსელი.
ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი (ჩვ.წ.-მდე III ს.) წერდა რეალურ სამყაროზე და არა ზებუნებრივზე, ფლორასა და ფაუნაზე და არა ღმერთებზე. სახელი გაითქვა იუმორისტული ხასიათის ეპიტაფიების წერით.

საიდა ალ ჰურა. XVI ს. მაროკოს ქალაქ ტეტუანის დედოფალი და ლეგენდარული მეკობრე შიშის ზარს სცემდა ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ
ნაწილს. მას უწოდებდნენ კეთილშობილ ლედის, რომელიც თავისუფალი და დამოუკიდებელია და ქედს არ უხრის უმაღლეს ხელისუფლებას.

ჩიეუ თჰი ჩინი. ეს ვიეტნამელი ჟანა დ"არკი ჩვ.წ.-მდე III ს.-ში მეთაურობდა ამბოხებულთა არმიას ჩინელ დამპყრობელთა­ წინააღმდეგ და შიშის ზარს სცემდა მათ.

აფრა ბენი

აფრა ბენი.
XVII ს. დრამატურგი, პოეტი და ჯაშუში, შესაძლოა, პირველი პროფესიონალი მწერალი ქალი ინგლისში, რომელმაც სახელი გაითქვა ეროტიკული ხასიათის ნაწარმოებებით. ინგლის-ჰოლანდიის ომში (1666-1667) "ასტრეას" ფსევდონიმით კარლოს II-ის საიდუმლო დავალებებს ასრულებდა.

კაროლინა ჰერშელი.
ბრიტანელი ასტრონომი კაროლინა ჰერშელი 1750 წელს დაიბადა გერმანიაში, 22 წლისა ინგლისში გადასახლდა თავის ასტრონომ ძმასთან, რომელსაც კვლევებში ეხმარებოდა. პირველი ქალი იყო, რომელმაც კომეტა აღმოაჩინა, მისი სამეცნიერო შრომები მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი.

მარგარეტ ნაიტი. დაიბადა 1838 წელს აშშ-ში. გამოიგონა პროდუქტი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო - ქაღალდის პაკეტი. შექმნა მანქანა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ბრტყელძირიანი ქაღალდის ტომრების მასობრივი წარმოება. ნაიტის ორიგინალური დიზაინით შექმნილ დანადგარებს დღემდე იყენებენ.

ედმონია ლუისი. მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი მოქანდაკე 1844 წელს დაიბადა ნიუ-იორკში. სწავლობდა ობერლინის კოლეჯში. შექმნა ცნობილი აბოლიციონისტების, მათ შორის, ლონგფელოსა და გრილის მარმარილოს ბიუსტები. მას თავად პრეზიდენტი ულის გრანტი მფარველობდა.

სარა გუპი. ბრიტანელმა გამომგონებელმა სარა გუპიმ XVIII ს-ის დასასრულსა­ და XIX ს-ის დასაწყისში, სხვადასხვა ელექტროხელსაწყოს გამოგონებაზე 10 პატენტი მიიღო. მან გამოიგონა ყავის მადუღარა, რომელსაც იყენებდნენ ორთქლით კვერცხის მოსახარშავად, ტოსტების დასაბრაწად და გემის ფსკერიდან მოლუსკების მოსაშორებლადაც, რაშიც მას ბრიტანეთის ფლოტმა 40 000 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.

ძიუ ძინი. ჩინელი ფემინისტი, რევოლუციონერი და პოეტი იბრძოდა ქალებისთვის განათლების უფლების მინიჭებისა და ტერფების შებოჭვის პრაქტიკის წინააღმდეგ (ჩინეთსა და იაპონიაში, იმისათვის, რომ პატარა ტერფი ჰქონოდა, რაც სილამაზის ეტალონად მიიჩნეოდა, ქალებს ჩვილობიდან მჭიდროდ უხვევდნენ ფეხებს, რაც მათ საშინელ ტანჯვას აყენებდა). ძიუ ძინმა დააარსა ფემინისტური ჟურნალი და ძინის დინასტიის წინააღმდეგ ამბოხების მოწყობას ცდილობდა, რისთვისაც 1907 წელს სიკვდილით დასაჯეს.

ჰარიეტ პაუერსი. 1837 წელს, ჯორჯიაში, მონობაში დაბადებული ჰარიეტ პაუერსი აშშ-ის ისტორიაში ტექსტილის უდიდეს ოსტატად იქცა. ნაჭრებისგან ქმნიდა საბან-აპლიკაციებს ბიბლიური ამბებისა და მითების გადმოსაცემად. ააღორძინა დასავლეთ აფრიკული მხატვრული ტრადიციები. შემონახულია მისი ორი საბანი, რომელთაგან ერთი - ამერიკის ისტორიის სმითსონის სახელობის ინსტიტუტის ნაციონალურ მუზეუმში, მეორე კი ბოსტონის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში ინახება.

ლოზენი

ლოზენი.
აპაჩთა დიდი მებრძოლი. მისი ოჯახი 1870 წელს რეზერვაციაში გადაასახლეს. ის და მისი ძმა ვიტორიო მეთაურობდნენ მებრძოლთა ჯგუფს, რომელიც თავს ესხმოდა მათთვის წართმეული მიწების ახალ მეპატრონეებს.

ფანი ფარმერი. "კულინარიის დედა" დაიბადა ბოსტონში­ 1857 წელს. მის კულინარიულ წიგნებს დღემდე გამოსცემენ. პირველი ქალი იყო, რომელიც ფულს კულინარიითა და საოჯახო საქმეებით შოულობდა.

იხილეთ ფოტოგალერეა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით