პირველი ქალბატონები - კვირის პალიტრა

პირველი ქალბატონები

სულაც არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სახელმწიფოთა პირველი პირების მეუღლეები არიან. ყველას აინტერესებს, ვინ არიან ისინი, როგორ ცხოვრობდნენ, სანამ პირველი ქალბატონები გახდებოდნენ, ან ახლა რას საქმიანობენ.

საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა რულოვსმა 2008 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ახლა საქართველოსა და ნიდერლანდების მოქალაქეა. გარდა მშობლიური ენისა, სანდრა რულოვსი ლაპარაკობს ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. ამასთან ჩინებულად იცის ქართული ენა. ბავშვობაში სანდრა ოცნებობდა მწერალი გამხდარიყო. ბეჭდავდა მოთხრობებს Ardnas Sfoleor-ის ფსევდონიმით. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ამას წინათ დაწერა წიგნი სახელწოდებით "საქართველოს პირველი ლედი. იდეალისტის ნაამბობი".

 

KvirisPalitra.Geფოტომოდელი და მომღერალი კარლა ბრუნი საფრანგეთის პრეზიდენტის მესამე ცოლია. 1997 წელს მან პოდიუმი დატოვა და საზოგადოებას მოევლინა, როგორც მომღერალი. გამოშვებული აქვს რამდენიმე ალბომი. 2008 წლის 11 ივლისს მისი ალბომების 500000 ეგზემპლარი გაიყიდა. კარლა ბრუნი ირწმუნება, რომ არ არის პოლიტიკური ფიგურა.

ბოლო დროს ხმა გავრცელდა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეყრებაო, თუმცა საზოგადოებას ისინი ისევ ბედნიერ წყვილად ევლინებიან.

KvirisPalitra.Geრუსეთის პრეზიდენტის მეუღლე სვეტლანა მედვედევამ 1987 წელს დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგის) საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი. 1993 წელს ცოლად გაჰყვა დმიტრი მედვედევს, 1995 წელს შეეძინა ვაჟი. მას შემდეგ აღარ მუშაობს, ზრდის შვილს.

რუსეთის პირველი ლედის თაოსნობით ყოველწლიურად იტალიის ქალაქ ბარიში იმართება რუსული ხელოვნების ფესტივალი. სვეტლანა მედვედევა სათავეში უდგას პატრიარქ ალექსი II-ის კურთხევით შექმნილი პროგრამის "რუსეთის მოზარდი თაობის სულიერ-ზნეობრივი აღზრდის" მზრუნველთა საბჭოს. 2008 წელს სვეტლანა მედვედევას ხელმძღვანელობით რუსეთში ჩატარდა "ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების" დღესასწაული. იმავე წელს შექმნა და სათავეში ჩაუდგა სოციალურ-კულტურულ ურთიერთობათა ფონდს. სვეტლანა მედვედევა ფლობს ფრანგულ ენას.

KvirisPalitra.Geიორდანიის დედოფალი და ოთხი შვილის დედა რანია ალ-იასინი თავს "ჭეშმარიტ არაბ ქალად" მიიჩნევს, თუმცა გარეგნულად დასავლელ სუპერმოდელს ჰგავს. 2003 წელს თავის მონარქიულ წოდებას "მსოფლიოს ელეგანტური დედოფლის" ტიტულიც მიუმატა. მის მიერ 1995 წელს შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია იორდანიელ ქალებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაბმაში ეხმარება. რანია შეეცადა, დაერღვია ტაბუ, რომელიც აფერხებს იორდანიის საზოგადოების ნაწილის განვითარებას; ის გამოდის ქალთა უფლებების დამცველად.

KvirisPalitra.Geთურქეთის პრეზიდენტის მეუღლე, სამი ვაჟის დედა ჰაირიუნისა გიული, ცნობილია Hermes-ისა და Dior-ის ფირმის ძვირფასი თავსაბურავებით. მასზე პრესაში იშვიათად ლაპარაკობენ, არც საზოგადოებაში ჩნდება ხშირად და არასოდეს იწვევენ სახელმწიფო მეთაურის რეზიდენციაში - თურქეთში აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულებებში ისლამური თავსაბურავის ტარება, პირველი ლედი კი უთავსაბურავოდ არსად დადის.