კარიკატურა - კვირის პალიტრა

კარიკატურა

კარიკატურის ისტორია უძველესი დროიდან იწყება. პირველი კარიკატურები აღორძინების ხანაში გამოჩნდა. იმ დროის ცნობილი კარიკატურისტები იყვნენ აგოსტინო კარაჩე და ლორენცო ბერნინი. როგორც ამბობენ, ნაპოლეონ ბონაპარტე კარიკატურებს ვერ იტანდა. მეტიც, თვლიდა, რომ კარიკატურისტები ისევე უნდა დაესაჯათ, როგორც მკვლელები(!).

ნაპოლეონისგან განსხვავებით, საკუთარ კარიკატურებს საკმაოდ მშვიდად შეხვდნენ ჩვენი ხელისუფალნი, რომლებიც 23 მარტს საქართველოს პარლამენტში გამართულმა გამოფენამ შეკრიბა: დარბაზში პოლიტიკოსთა კარიკატურები იყო წარმოდგენილი, რომლებიც მხატვარმა ბესო დუგაშვილმა შექმნა.

KvirisPalitra.Ge"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ თავისი კარიკატურის დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა და შემოგვჩივლა: "აი, ნახეთ! ყველა, ვინც ხელისუფლებაშია, რა კარგად გამოიყურება, ოპოზიცია კი კარიკატურებშიც ისევეა დაჩაგრული, როგორც სინამდვილეში. ხედავთ, რა გამხდარი, დაჭმუჭნილი და დაღვრემილი ვარ ამ ნახატზე? თუ მაჩუქებენ, ჩემი ოთახის შესასვლელში გამოვაკრავ და ხანდახან მაინც გამეცინება. თუ საკუთარ თავზე გეცინება, კარგია, გულზე მოგეშვება და აღარ დაიბოღმები, თორემ ძალიან ბევრი ბოღმა დაგროვდა ქვეყანაში".

არანაკლებ იხალისეს საკუთარი კარიკატურების ხილვისას საპარლამენტო უმრავლესობისა თუ უმცირესობის სხვა წევრებმაც:

ხათუნა გოგორიშვილი: - ამ ყველაფერს იუმორის თვალით ვუყურებ. სიმართლე გითხრათ, ერთად ამდენი კარიკატურა პირველად ვნახე. აქამდე ჩემი კარიკატურა სხვებსაც შეუქმნიათ, მათ შორის ზაალ სულაკაურსაც და მის ნამუშევრებს ვინც უყურებს, ჩემი ჩათვლით, ყველა სიცილით კვდება.

ზურაბ მელიქიშვილი: - ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება. იმ რთულ გრაფიკში, რომელიც გვაქვს, წუთითაც რომ მოეშვა, მაინც კარგია. ჩემი აზრით, ოპოზიციიდან ჯონდი ბაღათურიას კარიკატურაა ყველაზე კარგი. მე კი რაღაც მოწყენილი ვჩანვარ, ეტყობა, ბიუჯეტზე ვფიქრობ და ამის ბრალია...

KvirisPalitra.Geმაგდა ანიკაშვილი: - ჩემი კარიკატურა მართლა ძალიან მომეწონა, ვიზუალურადაც მგავს, ხასიათითაც, თანაც, კეთილგანწყობილი და მეგობრულია. მაინც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მხატვარს იმის გამო, რომ ჩვენ მიმართ ყურადღება გამოიჩინა.

მიხეილ მაჭავარიანი: -კარიკატურა არ არის ფოტო ან ნახატი. მასში უბრალოდ უნდა ჩანდეს, როგორ ხედავს მხატვარი ამა თუ იმ პერსონას. ყურადღება გამახვილებულია რაღაც შტრიხზე, ხასიათის ან გარეგნობის თავისებურებაზე. მთავარია, ადამიანმა თავის თავს ხანდახან მაინც შეხედოს კრიტიკულად, მაშინ არც თავისი კარიკატურის დანახვა გაანაწყენებს.

KvirisPalitra.Geგიორგი თარგამაძე: - აქ არის  ისეთი კარიკატურები, რომლებიც საუკეთესოა მათ შორის, რაც ბოლო ხანებში მინახავს. საერთოდ, კარიკატურისტის უპირველესი ამოცანაა, გამოკვეთილი შტრიხი დაიჭიროს ადამიანში და მერე მასზე ააგოს თავისი ჩანაფიქრი. ვიღაცას გრძელი ცხვირი აქვს, ვიღაცას დიდი ღიპი ან სხვა რამ ნაკლი. ღიპი საჩემოდ არ გამოდგებოდა, სამაგიეროდ, ცხვირი გამომადგა და დახატა კიდეც.

გიგი წერეთელი: - ნამდვილად კარგი გამოფენაა. ბევრი ნამუშევარი მომეწონა, რაც შეეხება ჩემს კარიკატურას, ტექნიკურად კარგია, მაგრამ მგონი მე არ მგავს.

სულ ბოლოს კომენტარი გამოფენის ავტორს, ბესო დუგაშვილს ვთხოვეთ, რომლის კარიკატურებსაც ბოლო დროს "კვირის პალიტრაშიც" შეხვდებით:

- ყველა ჩემი ნახატი ძალიან მიყვარს. თქვენ გამოარჩევთ საკუთარ შვილებს ერთმანეთისაგან? ასევე არ შეუძლია მხატვარს ერთი ნახატი მეორეზე მეტად უყვარდეს. თავდაპირველად,  მიხეილ მაჭავარიანს ვაჩვენე რამდენიმე ნამუშევარი და შევთავაზე, გამოფენა მოგვეწყო.

ისიც დათანხმდა. ჩანაფიქრი მალევე განვახორციელეთ. ამ ჟანრში დიდი ხანია ვმუშაობ - ბავშვობიდან, მას შემდეგ, რაც გიგლა ფირცხალავას შემოქმედებას ვეზიარე. უნდა გითხრათ, რომ კარიკატურა ძალზე სპეციფიკური, გამორჩეული ჟანრია, შეიძლება ნახატზე გამოსახულ ადამიანს არ ესიამოვნოს საკუთარი თავის დანახვა და საყვედური გითხრას, ან პირიქით, იცინოს.

ბევრი მეუბნება, არ დამხატოო და მერე გემრიელად ხარხარებს. ჩვენს პარლამენტარებთან პირადი ნაცნობობა არ მაკავშირებს, მაგრამ კარგა ხანს ვაკვირდებოდი მათ დგომის მანერას, გამოხედვას, თავის დაჭერას. შევეცადე, მაქსიმალურად კარგი ნამუშევრები ყოფილიყო. სხვათა შორის, შეიძლება მომავალში მთავრობის წევრებიც დავხატო, ან თქვენც დაგხატოთ, ჟურნალისტები...

P.S. ამჟამად საქართველოში ისეთი სიტუაციაა, სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე. თუმცა, კარგია, რომ იუმორის გრძნობა მაინც არ დაგვიკარგავს.

ხათუნა ჩიგოგიძე