"სოფიკო უფრო დიდი არტისტია, ვიდრე მე" - ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი დედა-შვილი (+ ფოტოგალერეა)
30-06-2016
"სოფიკო უფრო დიდი არტისტია, ვიდრე მე" - ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი დედა-შვილი (+ ფოტოგალერეა)
ფოტოგალერეა

”პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა, რომ ორჯერ მყვარებოდა…”

”ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას, რაც იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც არც დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე, გადავყევი ხრამში, სიბნელეში. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან…”


იშვიათად ხდება ხოლმე, რომ წარმატებული მშობლების შვილი, ისეთივე მაღალ სიმაღლეებს აღწევს, როგორც დედ-მამა, მით უფრო თუ ერთ-ერთი მათგანის პროფესიას ირჩევს. სოფიკო ჭიაურელმა ეს შეძლო. მან მოახერხა, რომ თეატრსა თუ კინოში ისეთი სახეები შეექმნა,
რითაც რეჟისორი მამისა და მსახიობი დედის წარმატებები ლამის დაჩრდილა.

ვერიკო

ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც 1900 წლის 23 სექტემბერს დაიბადა, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.
ის ტრაგიკულ-დრამატული ჟანრის მსახიობი გახლდათ, გამოირჩეოდა საოცარი სცენური მომხიბვლელობით, კოტე მარჯანიშვილი მას მუსიკის იმ მელოდიას ადარებდა, რომელსაც რაც უფრო ხშირად ისმენ,
მით უფრო გეძალება მოსმენის სურვილი.


”ვერიკოს თვალები მისი სულის სარკეა, ეს თვალები მის უდიდეს ნიჭს ასხივებს", - ამბობდა მსახიობზე მხატვარი ელენე ახვლედიანი.

ვერიკო ანჯაფარიძე პატარა სოფიკო ჭიაურელთან ერთად

მსახიობის ცხოვრება მოულოდნელობებით იყო სავსე, მისი პირველი მეუღლე შალვა ამირეჯიბი იყო, რომელიც ქართული თეატრის ვარსკვლავს ლექსებსაც უძღვნიდა. როგორც ამბობენ, შალვა ამირეჯიბთან ქორწინება მამის უკანასკნელი სურვილი და თხოვნა იყო. მათ ქალიშვილიც შეეძინათ, რომელიც ჩვილობაშივე გარდაიცვალა.

მოსალოდნელ გაყრას თავად ამირეჯიბიც გრძნობდა: "ამბობენ, რომ ჯერ ბავშვი ხარ, / არ შემრჩები დიდხანს ცოლად. / მე არ მინდა დავიჯერო, / ნათქვამია ჭორის ტოლად", - წერდა ერთ ერთ ლექსში შალვა ამირეჯიბი.

შალვა ამირეჯიბთან დაშორების შემდეგ, ვერიკო მის ერთადერთ სიყვარულს -  მიხეილ ჭიაურელს შეხვდა, როგორც ამბობენ, ფიქრის გორაზე შედგა მათი პირველი პაემანი.

სოფიკო ასე იხსენებდა დედას:

"ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო… ძალიან მიყვარს "დისქავერის" გადაცემები. ამას წინათ ვუყურებდი ფილმს თუთიყუშებზე, გავგიჟდი, როგორ უვლის დედა-თუთიყუში ამ თავის პატარა თუთიყუშებს… დედა ჩემთვის იყო დედა და სხვა არაფერი. ასე გრძელდებოდა ჩემთვის დიდხანს… ეს გავაცნობიერე მერე, მე თვითონ რომ გავხდი მსახიობი, როცა დავინახე, როგორ აფასებდნენ. მაგრამ ნამდვილად ბოლომდე გავაცნობიერე მაშინ, როცა ის აღარ იყო ამქვეყნად…"

"სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან, ჩემი პირველი როლი, ჰარა "ბაფთიან გოგონაში" - ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი არ მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან".

ვერიკო ანჯაფარიძე 1987 წელს გარდაიცვალა, ის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.

სოფიკო

სოფიკო ცდილობდა და მოახრეხა კიდეც, რომ როგორც მსახიობი, არ დამსგავსებოდა დედას. ის 1937 წლის 21 მაისს დაიბადა. როგორც ამბობენ, ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ნიჭითა და სიბეჯითით გამოირჩეოდა.

"მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დედა კრიტიკულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, როგორც არტისტის მიმართ. და ერთხელ, სტუმრების თანდასწრებით დალია სადღეგრძელო და განაცხადა: "დიახ, დღეს უკვე სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ სოფიკო უფრო დიდი არტისტია, ვიდრე მე". იცით, როგორ იმოქმედა ამან? ის კი არა, რომ გამიხარდა, რაც თქვა, პირიქით, შემზარა, ამ სიტყვებში იგრძნობოდა ესტაფეტის გადმოცემა, დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის…"

მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე და სოფიკო ჭიაურელი

სოფიკოს პირველი მეუღლე რეჟისორი, გიორგი შენგელაია გახლდათ, მათი რომანი თბილისში დაიწყო და მოსკოვში, მეორე კურის სტუდენტი გოგონა თავის საყვარელ მამაკაცს ცოლადაც გაჰყვა.

"ჩვენ ტოლები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. 5 წელი, უბრალოდ, "დავდიოდით", კინოში, მეგობრებთან სტუმრად, 19 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. მე ვიყავი უბედნიერესი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ წლების შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში უთანხმოებამ იჩინა თავი. ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე დიდმა სიყვარულმა - კოტემ… ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა, რომ ორჯერ მყვარებოდა…" - იხსენებდა შემდეგ სოფიკო.

"ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა. მაშინ ვიფიქრე, ღმერთისტოლა ვარ-მეთქი. ჩემზე იყო დამოკიდებული პატარა არსების სიცოცხლე. ბევრი ბედნიერი წუთი არსებობს ცხოვრებაში, მაგრამ ამას არც ერთი არ შეედრება. მარკესის ნათქვამია: ბედნიერება ერთი წუთით გრძელდება, ამას იგებ, როცა ის ქრებაო. ჩემი აზრით, ნამდვილი ბედნიერება სიყვარულთან ერთად კვდება".

კოტე მახარაძისა და სოფიკოს რომანი კი სცენიდან დაიწყო. მაშინ, როცა ვერიკო ანჯაფარიძემ "ურიელ აკოსტა" აღადგინ და სპექტაკლში მთავარ როლებს სოფიკო და კოტე თამაშობდნენ.

"გაგანია რომანი გვქონდა, მაგრამ ბავშვების გამო ვერ ვწყვეტდი ოჯახის დანგრევას. კოტე გიჟდებოდა. მახსოვს, ვიყავით პოდმოსკოვიეში, იყო ზამთარი, ღამე და ნამქერი. გამოვედით რესტორნიდან და კოტემ მითხრა: "ან მეტყვი ჰოს, ან არადა თავს მოვიკლავო". მე ვუთხარი: "კარგად იყავი". ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას, რაც იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც არც დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე, გადავყევი ხრამში, სიბნელეში. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან…" - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში სოფიკო ჭიაურელი

"ღმერთმა გვაჩუქა სიცოცხლე, ეს დიდებული რამ. მე არ მესმის, როდესაც ამბობენ, აი, მე რომ ახალგაზრდა ვიყო… მე არ მსურს უკან დაბრუნება. ცხოვრებაში იმდენი რამ იყო და ისევ თავიდან? არ არის საჭირო."

ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი მძიმე ავადმყოფობის გამო, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში კოტე მახარაძის გვერდით დაკრძალეს.

იხილეთ ფოტოგალერეა


მოამზადა ეკა გადახაბაძემ

guri
02 ივლისი 2016 08:07
პირადულში სოფიკო ჯერ კიდევ გათხოვილი ქალი კოტეს ხვდებოდა და მეუღლესთან განქორწინების გარეშე იქორწინა მასთან.ეს ჩემთვის მიუღებელია.თქვენთვის?????
Tamila
01 ივლისი 2016 17:20
შეუდარებელი იყო ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ძალიან კარგი იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ ორი ადამიანის სული.ყველა კინო მიყვარს ამ ორი მსახიობის შესრულებით.. ასეთი ადამიანები უკვდავები არიან...
Salome
01 ივლისი 2016 17:11
"Otaraant qvrivi" samsaxiobo pakultetze unda istsavlebodes rogorts shedevri.veriko udidesi iko,vetanxmebi Dalis.

რედაქტორის რჩევით