გამორჩეული გარეგნობის ქართველი არაპროფესიონალი მსახიობი მამაკაცების ათეული
19-09-2016
გამორჩეული გარეგნობის ქართველი არაპროფესიონალი მსახიობი მამაკაცების ათეული
მათ რომ ჰოლივუდში ეცხოვრათ, მეეჭვება, კინემატოგრაფის კლანჭებს დახსნოდნენ. თუმცა ბედისწერამ თუ იღბალმა თითოეულს სხვა ცხოვრების გზა გაუხსნა და ჩანს, არც ერთს უნანია საკუთარი არჩევანი. სამაგიეროდ, ისეთი განძი დატოვეს, დრო რომ ვერაფერს დააკლებს და არც ჩვენ მოგვცემს მისი დავიწყების საშუალებას.
სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანს წარსულში მოვიხსენიებთ, თუმცა მათი კინოგმირების ფოტოგალერეის დათვალიერებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ "ისინი" მუდამ - ჩვენ შემდეგაც აწმყოში დარჩებიან!

(ფოტოგალერეა)


გეიდარ ფალავანდიშვილი
გეიდარ ფალავანდიშვილი პროფესიით ჰიდროინჟინერი იყო. "მთვარის მოტაცებაში"
ვითამაშე და მეტი რაღა უნდა მინდოდესო"?!
- მითხრა ერთხელ. ისეთი გარეგნობა ჰქონდა, შეუძლებელია არ აღტაცებულიყავი - საოცრად მომხიბვლელი იყო, ვაჟკაცური, შეუპოვარი და მკაცრი იერის. როლებიც ისეთი არგუნეს, მის ბუნებას რომ ესადაგებოდა. თუნდაც თარაშ ემხვარის "მთვარის მოტაცებაში", ანდა "ალავერდობაში" - გურამ რჩეულიშვილის, მისივე მეგობრისა და ცოლისძმის,
"ვედრებაში" - მუცალის, "ფერისცვალებაში" - გივის... თამაში არ სჭირდებოდა, ასეთი იყოო, - უთქვამს მასზე მხატვარ ზურაბ ნიჟარაძეს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რომ ვნახე, თითქოს, ავადმყოფობას შეეცვალა - მკაცრი იერი სადღაც გამქრალიყო... მერე კი, მალე... თავადაც "გაქრა"...

ალეკო გაბეჩავა
აფხაზეთიდან იყო, ერთხანს ზუგდიდში ცხოვრობდა და სწორედ ზუგდიდის ცენტრში შეუნიშნავს რეჟისორ გიორგი შენგელაიას, "მაცი ხვიტიას" გადაღებას რომ იწყებდა. 23 წლის ულამაზესი ბიჭი ყოფილა, მთავარი გმირის - მაცის როლზე რომ აიყვანეს. გადაღებისას კასკადიორი არც დასჭირვებია, ყველა ილეთს თავად ასრულებდა. "მაცი ხვიტიამ" ძალიან პოპულარული გახადა და რამდენიმე ფილმში კიდევ გადაიღეს, თუმცა მსახიობობაზე არ უფიქრია - ავტოინჟინერი იყო და ყველაზე მეტად სწორედ მანქანები აინტერესებდა. 2013 წელს გარდაიცვალა სოფელ რუხში.

სოსო ჯაჭვლიანი
თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხის" ყველასთვის საყვარელი, ულამაზესი და უკეთილშობილესი გედია - სოსო ჯაჭვლიანი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, ოდესმე პოლიტიკოსი თუ გახდებოდა. ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა, წარმატებული სპორტსმენიც გახდა, კინოსაც იღებდა და ფილმებში როლებსაც ასრულებდა. პოპულარობა არ აკლდა, მაგრამ პროფესიად მსახიობობა მაინც არ აურჩევია.

თენგიზ მუშკუდიანი
როცა ახალგაზრდა ხარ, გარეგნობითაც გამოირჩევი, ძალიან კარგადაც მღერი და ფილმში მთავარ როლს შემოგთავაზებენ, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და არ დათანხმდე. კიდევ უფრო ძნელი მთავარი როლით მიღწეულ პოპულარობაზე უარის თქმა მგონია. მაგრამ ხალისიან ფილმ "აბეზარაში" ელეგანტური ახალგაზრდა არქიტექტორის, გიორგის როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღვაწლმოსილი პედაგოგი თენგიზ მუშკუდიანი ნამდვილად არ ნანობს, კინომსახიობობას მომღერლობა რომ არჩია.

გოგა ფიფია
ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი და პროფესორი გოგა ფიფია განთქმული ქირურგების ოჯახში გაიზარდა და არც მას დაურღვევია ტრადიცია: ბავშვობიდან იცოდა, ექიმი რომ უნდა გამოსულიყო, შესაბამისად, არც მსახიობობაზე ჰქონია პრეტენზია. კინოგადაღებები კი მაინც ძალიან ტკბილ მოგონებად დარჩა. ფილმი "როცა აყვავდა ნუში" სევდიანი ფილმია, მისი გმირიც - ულამაზესი და კეთილშობილი ლექსოც ძალიან სევდიანია, ამიტომაცაა, უცრემლოდ ვერავინ უყურებს ამ ფილმს. სამწუხაროდ, თავად გოგა ფიფიას ცხოვრებაც სევდიანად დასრულდა - საკმაოდ ადრე დატოვა წუთისოფელი, თუმცა თავად ძალიან ხალისიანი ადამიანი იყო, ისეთივე ხალისიანი, როგორც მზიურელებთან, ფილმ "მზიურის" გადაღებისას...

ლევან თუთბერიძე

კინორეჟისორი და სცენარისტი ლევან თუთბერიძე ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ძალიან პოპულარული რომ გახდა თანატოლებში, და არა მარტო მათ შორის. პოპულარობის მიზეზი კი მხოლოდ მისი გმირი - ტრაგიკული ბედის მქონე მეფე დიმიტრი II თავდადებული არ ყოფილა. რეჟისორ ბუბა ხოტივარის ამავე სახელწოდების ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს ისეთი გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა, მეფური თვისებები და ტრაგიკულობა კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენდა და გოგონების დიდი უმრავლესობაც მისით იყო გატაცებული.


ჯუანშერ ჯურხაძე
კინომცოდნე გოგი დოლიძეს უთქვამს: თუ ქუჩასა და საზოგადოებაში ქალსაც მოექცევა კისერი და კაცსაც, დიდსაც და პატარასაც, აქაურსაც და უცხოელსაც, მაშინ უნდა იცოდე, რომ სადღაც, ახლომახლო ჯუანშერ ჯურხაძე დგას ან მოდისო... თვითონ მიამბო, მეგობრების თანდასწრებით 32-კილოგრამიანი წაქცეული გირი ნეკით როგორ წამოაყენა, ნეკითვე ასწია და შორს გადაისროლა; 5-კაპიკიანს, თურმე, სულ იოლად ღუნავდა. დაეჭვება რომ შემატყო, მითხრა, თუ არ გჯერათ, ჩემს ნამოწაფარ "კომაროველებთან" მოიკითხეთ, დღემდე შენახული აქვთ ის გაღუნული "შაურიანებიო"... ისტორიკოსი იყო, ოჯახის ტრადიციას გაჰყვა და თავადაც პედაგოგი გამოვიდა. არადა, ბევრი ცდილობდა კინოში მის გადაბირებას. დებიუტი "მაგდანას ლურჯაში" ჰქონდა, მჭედლის როლი შეასრულა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი და მისთვისაც მნიშვნელოვანი "დიდოსტატის მარჯვენაში" ზვიად სპასალარის როლი აღმოჩნდა. ვახტანგ ტაბლიაშვილს უთქვამს: ჯუანშერ ჯურხაძის სპასალარის გარეგნობაში საქართველოს ძლიერება იკითხებაო. 80 წელს გადაცილებული იყო, რომ გარდაიცვალა, არადა ისე სპორტულად ცხოვრობდა და მხნედ გამოიყურებოდა, უკვდავი გეგონებოდა.

დავით აგიაშვილი

"მოდი ჩემთან, სანამ დროა, სანამ გული გულობს..." - მეგობრობა, სიყვარული, კარგი და ცუდი ადამიანები, რევაზ ლაღიძის უტკბესი სიმღერები და საუცხოო სახეები - ფილმ "განგაშიდან" ბევრს ემახსოვრება ყველასგან გამორჩეული მისი მთავარი გმირი - ძალიან სიმპათიური, უფრო ზუსტად - ულამაზესი ბიჭი იმ დროისთვის ძალიან პოპულარული სახელით - დათო. ცხოვრებაშიც დათო ერქვა, რეჟისორი და სცენარისტი დავით აგიაშვილი, მწერალ ნიკა აგიაშვილის ვაჟი. წლების განმავლობაში აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, მისი უკანასკნელი ნამუშევარია "თბილისი, I Love You", რაც ვაჟებთან - კინორეჟისორ ნიკა აგიაშვილთან და ჰოლივუდის მსახიობ ჯორჯ ფინთან (გიორგი აგიაშვილთან) ერთად განახორციელა. სამწუხაროდ, ორი წლის წინ დავით აგიაშვილიც ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან და საქართველოს სიყვარულით შექმნილი ფილმის თბილისურ პრემიერას ვერ მოესწრო.

კოტე მგალობლიშვილი

ვის არ ახსოვს "ჩვენი ეზოს" ყველაზე მხიარული გოგო-ბიჭებიდან ერთ-ერთი - გოჩა და სოფლისა და ოჯახის შემარცხვენელი, ვარდენის ზარმაცი, მაგრამ საოცრად მოხერხებული "უდიპლომო სასიძო" - ბიჭიკო, არტისტული და მომხიბვლელი ახალგაზრდა, რომელიც რეალურ ცხოვრებაშიც მოხერხებული აღმოჩნდა - მსახიობობის დიპლომს ჯერ ინჟინრის დიპლომა ამჯობინა, შემდეგ კი, ასაკის მატებასთან ერთად - თანამდებობები და პოლიტიკოსობა არჩია და რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

კახა ქორიძე
ომში გაბნეულ-დაკარგული აუხდენელი ოცნებებით, სევდითა და სიყვარულით სავსე ცრემლიანი ფილმის - "ღიმილის ბიჭების" ყველაზე ლამაზ და სერიოზულ ბიჭს ცხოვრების გზად მსახიობობა არ აურჩევია, არქიტექტორობა ირჩია. ამბობენ, მეუღლეს, რომელიც მისი ბავშვობის დიდი სიყვარული იყო, დაჰპირდა, ფილმში აღარ ვითამაშებო და სიტყვა არ გატეხა. დღეს კახა ქორიძე თავისი განუყრელი "ღიმილიანი" მეგობრების - სამეფო სახლის მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისა (ფილმიდან "ჭკუისკოლოფა" )და მისი ულამაზესი მეუღლის – თავადიშვილ ლეილა ყიფიანის (ფილმიდან ნათელა) გვერდითაა და სამეფო ოჯახის კანცლერია.

იხილეთ ფოტოგალერეა


ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ზურაბი
22 სექტემბერი 2017 09:44
გვარი აღარ მახსოვს,ლეილა ყიფიანის-ხატიას პარტნიორი ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს" მიხედვით გადაღებულ ფილმში.
მედეა
06 ივნისი 2017 00:39
კარგი იქნებოდა ყველას ფოტო დაგერთოთ
liza
22 სექტემბერი 2016 08:17
საქართველო სავსე იყო ასეთი და უკეთესი ბიჭებით.ეხლაც სავსეა ღმერთმა მარავლოთ

რედაქტორის რჩევით