"თვითონ სხვას არასოდეს დაჩაგრავდა, მაგრამ მისი დაჩაგვრაც შეუძლებელი იყო..." - ქართული კინოს რაინდი - კვირის პალიტრა

"თვითონ სხვას არასოდეს დაჩაგრავდა, მაგრამ მისი დაჩაგვრაც შეუძლებელი იყო..." - ქართული კინოს რაინდი

"გოგოებთან თამაში უყვარდა, მაგრამ სიტყვა "გოგოს" ვერ გამოთქვამდა და "დოდოს" ამბობდა, ამიტომ შეარქვეს სახელად დოდო"

"სულ მანქანით დადიოდა. ერთხელ გაიარა ფეხით და მაინცდამაინც მაშინ სახურავიდან თუნუქის ფურცელი ჩამოვარდა და თავში დაეცა"

ფოტოგალერეა

ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი დავით (დოდო) აბაშიძე 1924 წლის 1-ლ მაისს მსახიობების ივანე აბაშიძის და ნინო ანდრონიკაშვილის ოჯახში დაიბადა.  მომავალი მსახიობი ბავშობიდანვე შეიპყრო სცენისა და თეატრის სიყვარულმა. მშობლების სასცენო მოღაწეობას პატარა ბიჭი მკულისებიდან აკვირდებოდა. კინომცოდნე კირა წერეთელი, რომელმაც მსახიობს წიგნი მიუძღვნა, ერთ-ერთ ეპიზოდს დოდოს ბავშვობიდან ასე იხსენებს:

„ერთხელ, თურმე, თეატრში ახმეტელის „ლამარა“ გადიოდა. სცენაზე ვნებები იწყებდა აბობოქრებას, საცაა, ხევსურებს ხმალზე უნდა გაეკრათ ხელი, რომ უეცრად ბიჭუნას ხმა გაისმა - სახეანთებული, თმააბურძგნილი ბავშვი ფეხზე წამოხტა და დარბაზში რეპლიკა ისროლა. სცენაზე მსახიობებმა საბრძოლველად შემართული ხმლები დაუშვეს. მამამ დაინახა და დედას სცენიდან ხელით ანიშნა - ბავშვი გაიყვანეო. ის იყო დარცხვენილი ქალბატონი ნინო წამოდგა და კარისკენ გაემართა, რომ ლოჟის შემოსასვლელში ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი გამოჩნდა, დაამშვიდა ნინო და უთხრა, რომ ბიჭი უთუოდ მსახიობი გამოვიდოდა“.

მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ყვებოდა იმას, თუ როგორ მოხვდა თეატრალურ ინსტიტუტში:

„ინსტიტუტში „ნაცნობობით“ მიმიღეს. მამაჩემი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო რეაბილიტირებული, მაგრამ ბევრ კოლეგას მისი ოჯახის წინაშე თავი ვალდებულად მიაჩნდა. ამბობდნენ, ვიდრე შენი პროგრამა ბოლომდე დააგუგუნე, კომისიის წევრები დაყრუვდნენო (შეეცადნენ გავეჩერებინე). დუმილი ჩამოწვა. აზრის გამოთქმას არავინ ჩქარობდა. მაინც მიმიღეს“.

დოდო აბაშიძის კინოკარიერა კი კინოფილმ „ჭრიჭინადან“ იწყება. ამის შემდეგ იყო „ბაში-აჩუკი“ და სხვა ქართული ფილმები. ბოლო როლი კი ფილმ „ფესვებში“ შეასარულა, რომლის ეკრანებზე გამოსვლასაც მსახიობი ვერ მოესწრო. ყველასთვის გასაოცარი იყო, საიდან ჰქონდა დოდოს ულევი ენერგია, რომელსაც ის მუშაობის პროცესში არ იშურებდა. ასევე განსაკუთრებული იყო მისი იუმორიც. ფილმებში კარგად გამოჩნდა მისი როგორც კომედიური, ასევე დრამატული ნიჭი.

„დოდოს ყველაზე დიდი ღირსებაა თვალები, რომელიც ყოველთვის გრძნობითა და აზრითაა სავსე. საკმარისია, კინოობიექტივი მის თვალებზე შეჩერდეს, რომ რეპლიკა საჭირო აღარ არის - ყველაფერს, რაც სიტყვით უნდა თქმულიყო, ზუსტად და მეტყველურად გადმოსცემს თვალები. ბუნებამ ის არა მარტო ნიჭით დააჯილდოვა, არამედ, არაჩვეულებრივი კაცთმოყვარეობითა და შესანიშნავი გარეგნობითაც“, - წერდა სულიკო ჟღენტი მსახიობზე.

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დოდო აბაშიძეს მისი შვილი ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე იხსენებს:

„მამა მეშვიდე თუ მერვე კლასამდე საოცრად წყნარი და რბილი ხასიათის ბავშვი ყოფილა. თურმე, სახლში იჯდა და ქარგავდა ბალიშისპირებს. ახლაც შენახული გვაქვს მისი ბავშვობის დროინდელი ნაქარგები. გოგოებთან თამაში უყვარდა, მაგრამ სიტყვა "გოგოს" ვერ გამოთქვამდა და "დოდოს" ამბობდა, ამიტომ შეარქვეს სახელად დოდო, თორემ დავითი ერქვა. როცა წამოიზარდა, ჰანტელებით ვარჯიში დაუწყია და მეათე კლასში უკვე ისეთი "ყოჩი" დამდგარა, რომ აუღებელ ციხესიმაგრეს ჰგავდა. თუმცა, ძველი ბიჭი კი არ იყო, დღევანდელი გაგებით. ვერ იტანდა, როცა ვიღაც ვინმეს ჩაგრავდა. თვითონ სხვას არასოდეს დაჩაგრავდა, მაგრამ მისი დაჩაგვრაც შეუძლებელი იყო... როგორც ყველა ბავშვს, მასაც უყვარდა ფეხბურთის თამაში. დიდი დავით ყიფიანი - დათო ყიფიანის მამა - იხსენებდა, ერთად რომ ვთამაშობდით, ფეხები სულ დამტვრეული მქონდაო...

შინ სულ სხვანაირი იყო, ვიდრე გარეთ. შეეძლო საათობით არ ელაპარაკა, თავის ოთახში ჩაკეტილიყო და წიგნი ეკითხა. როგორც ჩანს, გარეთ ხარჯავდა მთელ ენერგიას.

მონათხრობით ვიცი, რომ დედაჩემის და დეიდაჩემის სახლში, დეიდაჩემის დაბადების დღეზე სტუმრად მისულან ცნობილი ქირურგები - ვახტანგ ხურციძე (წოპე) და ზაალ კახიანი, რომლებსაც თან ეროსი მანჯგალაძე და დოდო მიუყვანიათ. ასე გაიცნო მამამ დედაჩემი - მარინა ახვლედიანი. დედა უცხო ენების ინსტიტუტში სწავლობდა და მამაჩემმა ამის გამო თეატრალურის დამთავრების შემდეგ უცხო ენების ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ ვერ გაძლო და სწავლას თავი დაანება. ცოლად მოგვიანებით შეირთო, ფილმის "მე ვიტყვი სიმართლეს" გადაღებისას. ამ ფილმში დედაჩემი მთავარ როლს ასრულებს, - მამა მეხანძრეს თამაშობს. ფილმის ბოლო კადრებზე ვხუმრობ - მეც ვთამაშობ-მეთქი, რადგან ამ დროს დედაჩემი უკვე ფეხმძიმედ იყო..

ბატონმა ზაზამ ისიც გაიხსენა, რომ დოდოს ნემსის ეშინოდა:

„ნემსის გაკეთების ეშინოდა... სულ მანქანით დადიოდა. ერთხელ გაიარა ფეხით და მაინცდამაინც მაშინ სახურავიდან თუნუქის ფურცელი ჩამოვარდა და თავში დაეცა, - შვიდი ნაკერი დაადეს უნარკოზოდ. ექიმი სთხოვდა, ნემსს გაგიკეთებო, მაგრამ დოდო არაფრით დათანხმებულა. სხვათა შორის, ცხვირის ოპერაციაც უნარკოზოდ გაიკეთა, - პისტოლეტის ტარი ჩაარტყეს ერთხელ ცხვირში და გაუტეხეს, არასწორად შეუხორცდა. და ვეღარ სუნთქავდა. წოპეს გააკეთებინა ოპერაცია უნარკოზოდ. ტკივილს იტანდა, მაგრამ ნემსის ეშინოდა...“

საზოგადოებისთის მუდამ საინტერესო იყო მსახიობის პირადი ცხოვრებაც. როგორც მსახიობის შვილი ამბობს, დოდოს ბოლოს იმედი ჰქონდა რომ მეუღლეს შეურიგდებოდა:

„დედა და მამა 1970 წელს გაშორდნენ ერთმანეთს. მერე კი ჰქონდათ შერიგების რამდენიმე მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდათ. ისინი სხვადასხვა აზროვნებისა და ხასიათის ადამიანები იყვნენ და ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. თუმცა დოდოს მაინც დედაჩემი უყვარდა და ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ მარინა შეურიგდებოდა. ის მამასთვის ყველაფერი იყო, თავი და ბოლო. სხვა ქალთან ურთიერთობაზე არც უფიქრია. მშობლები რომ დაშორდნენ, 13 წლის ვიყავი. მე დედასთან ვცხოვრობდი. როცა დავოჯახდი, მერე გადავედი მამასთან“.

საკმაოდ გახმაურებული იყო დოდოსა და ლია კაპანაძის რომანის ამბავი.

ლია კაპანაძე, მსახიობი:

- პირველად რომ ვნახე, მისთვის, ისე, როგორც მამაკაცისთვის არც კი შემიხედავს... ის პირველი შეხვედრა "მაცი ხვიტიას" გადაღებებზე მოხდა. მაშინ არც კი დავლაპარაკებივართ ერთმანეთს... დოდო ისეთი საინტერესო ადამიანი იყო, ისეთი მოუბარი, რომ გარშემო მუდმივად აუდიტორიას იკრებდა ხოლმე... მახსოვს, გადაღების შემდეგ, სამეგრელოში დაგვპატიჟეს, იმ სუფრაზე თამადა სწორედ დოდო იყო. სტუმრად გადასაღები მოედნიდან წავედით, დაღლილი ვიყავი. თავიდან ვიფიქრე, სუფრიდან მალე გამოვიპარები-მეთქი, მაგრამ დოდოს თამადობა რომ ვნახე, წამოსვლა აღარ მომინდა... ჩვენ შორის ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით... ჩვენი ურთიერთობა არავის უკვირდა. მისი მეგობრები ამჩნევდნენ, რომ დოდო ჩემთან ურთიერთობის შემდეგ ბედნიერი და მხიარული გახდა, მაგრამ შეცდომა არც მას ვაპატიე! სიყვარულში შეიძლება პატარა რამ მოიტყუო, მაგრამ თამაშს ვერ ვიტან! - განაცხადა ლია კაპანაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლეგენდარულ მსახიობს სიცოცხლის ბოლო წლებში დიაბეტი აწუხებდა. ის საკმაოდ დიდ ხანს იყო ცუდად.

ზაზა აბაშიძე:

- ავადმყოფობის ბოლო თვეებში დოდომ მარინას დაურეკა და სთხოვა, მასთან მისულიყო, მაგრამ დედა არ მივიდა. მეც არ მინდოდა, მამა ასეთ მდგომარეობაში ენახა. თავიდან გაყრის თაობაზე განცხადება სასამართლოში მამაჩემმა შეიტანა, მაგრამ პროცესზე არ გამოცხადდა. ეგონა, მარინა არ დათანხმდებოდა. დედა დათანხმდა და მოსამართლემაც გაყრა უცებ გააფორმა. სიცოცხლის ბოლო თვეებში დოდო ამბობდა, ეგ მამაძაღლი მოსამართლე, ვინ ეკითხებოდა, ასე უცებ რომ გაგვყარა, 6 თვე მაინც მოეცა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებადო. წლების გასვლის შემდეგ თავის გადაწყვეტილებას ორივე ნანობდა, მაგრამ თავიანთი სიჯიუტის გამო აღარ შერიგდნენ.

დოდო აბაშიძე 1990 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა, ის მწერალთა და საზოგადმო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე