"ბავშვობაში პირადად შევსწრებივარ, თევზის არმია, დინებასთან ერთად, გზას როგორ მიიკვლევს ჭანისწყლისკენ"
12-10-2016
"ბავშვობაში პირადად  შევსწრებივარ, თევზის არმია, დინებასთან ერთად, გზას როგორ მიიკვლევს ჭანისწყლისკენ"
"ეს ფოტო ამერიკელის გადაღებულია და ჯეოგრაფიკის გამარჯვებულია! წალენჯიხა! მდინარე ჭანისწყალს უამრავი შენაკადი გააჩნია. ერთ-ერთია ოტოფუე, აპრილის თვეში იქ ქვირითის დასადებად თევზები ამ სახით მიერეკებიან ხოლმე", -ფოტომ, ამ წარწერით, ქართული ინტერნეტსივრცე ერთი კვირის წინ დაიპყრო.

სანახაობამ ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - ნაწილი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ "საქართველოს ბუნება ასე მდიდარია", ნაწილს კი დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ ამდენ თევზს გამრავლებას ვინმე დააცდიდა, "ლიფსიტასაც კი არ დატოვებდნენ", - წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი.

საბოლოოდ გაირკვა,
რომ ფოტო არა წალენჯიხაში, არამედ ტაილანდშია გადაღებული, ნამტოკის ეროვნულ ტყე-პარკში (Namtok Phlio National Park), რომელიც მდინარეებითა და ჩანჩქერებითაა მდიდარი. სამდონიანი ჩანჩქერის ერთ-ერთი მონაკვეთია ცივი, კამკამა წყლის აუზი, სადაც ასობით თევზი ცურავს და მათთან ერთად, ბანაობის უფლებას პარკის დამთვალიერებლებსაც აძლევენ.

მას შემდეგ, რაც ფოტოს ისტორია დავადგინეთ,
დავინტერესდით ასევე, რეალურად წალენჯიხაში ხდება თუ არა მსგავსი რამ. დავუკავშირდით წარმოშობით წალენჯიხელს, სვეტიცხოვლის დეკანოზს პეტრეს კვარაცხელიას, იგივე პეტრე კოლხს.

- ჭანისწყალს უამრავი შენაკადი ჰქონია. ერთ-ერთი ოტოფუეა, სადაც აპრილში თურმე ქვირითის დასადებად უამრავი თევზი იყრის თავს. როგორც წალენჯიხელი, რას გვეტყვით, რა ინფორმაცია გაქვთ, რეალურად ხდება თუ არა მსგავსი რამ იქ?

- ფოტზე, რომელიც სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა, ვერ გეტყვით, აღბეჭდილია თუ არა წალენჯიხის თვალწარმტაცი ბუნება, მაგრამ მასში დაუჯერებელიც არაფერია.

მსგავს სანახაობას ბავშვობაში პირადად  შევსწრებივარ. სხვაობა ისაა, რომ ჩემთვის ფოტო არავის გადაუღია... წალენჯიხას აქვს ღვთაებრივი მდებარეობა. მდინარე ჭანისწყალი სათავეს იღებს ეგრისის ქედიდან და გზადაგზა უამრავი შენაკადი უერთდება. ერთ-ერთი ასეთი სოფლების ობუჯისა და ჯიხაშკარის ზღვართან მდებარეობს. სიმართლე გითხრათ, შენაკადის სახელი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის, რომ საკმაოდ მოზრდილი გამოქვაბულიდან გამოედინება და დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მდინარეს უერთდება. თევზი ამ გამოქვაბულს თავს აფარებს და გამოზამთრების შემდეგ, დაახლოებით თებერვლის ბოლოსკენ მრავალრიცხოვანი არმიით, დინებასთან ერთად, გზას მიიკვლევს ჭანისწყლისკენ.

- ე.ი. თქვენ ეს პირადად გინახავთ...

- დიახ. ბიძაჩემთან ერთად, 10-12 წლის ყმაწვილები ვდარაჯობდით ამ პერიოდს, რომელსაც მეგრელები ,,ციმას" ეძახიან, რაც ,,ცვენას" ნიშნავს... მართლაც თევზის ცვენის ეს ულამაზესი სანახაობა დღემდე მომყვება... მივდიოდით ჯამებით, თხილის ჯოხებისგან  მოწნული კალათებით, რომლებიც წყალში ერთხელაც რომ ამოგვევლო, უამრავი თევზი მოყვებოდა. უფრო მეტი კი ხელიდან გვისხლტებოდა... შენაკადის ფსკერი არ ჩანდა, სულ თევზით იყო დაფარული...

- რა თევზია უმეტესად?

- ძირითადად წითელ წინწკლებიანი კალმახები. ისეთი ლამაზები, შეჭმა კი არა, დაჭერა დაგენანებოდა... რამდენადაც ვიცი, დღეს ჩემი სოფლის მდინარე აღარ გამოირჩევა თევზთა სიუხვით, რაც მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს. ვყვები 90-იანი წლების ისტორიას, როცა განუკითხაობა, სამოქალაქო დაპირისპირება, დევნილობის პერიოდი მძვინვარებდა და სამეგრელო გაღარიბებული იყო... ალბათ, მაშინ იმდენი თევზი დავიჭირეთ, მდინარე შენაკადებითურთ დაცარიელდა, თუმცა დღესაც შეიძლება თევზაობა...

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)

ლუკა
13 ოქტომბერი 2016 05:14
თანამედროვე ქართველები გამოვირჩევით ბუნებისადმი სასტიკი ბრძოლით და განადგურებით. ვაჟას ქვეყანაში მდინარეები საკანალიზაციო არხებად გადავაქციეთ, კაშხალებით ჩავხერგეთ, გვირაბებში გადავისროლეთ, კალაპოტიდან ამოვაგდეთ. თევზების და წყლის ბინადრების მაგივრად საქართველოს მდინარეები სავსეა ცელოფანის პარკებით, პლასტმასის ბოთლებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, ფეკალური მასებით, ბაქტერიებით, შხამქიმიკატებით, ნავთობპროდუქტებით, ვერცხლისწყლით, დარიშხანით, შხამებით...

ადამიანების მიერ გამოწვეულ საყოველთაო ბუნების დეგრადაციას უკურეაქცია მოყვება. დასნეულებული და განადგურებული ბუნება ისევ ადამიანებს მოუბრუნდება და გაანადგურებს. ქვეყანა რომელიც ტურიზმის მოზიდვას ცდილობს ბუნებას არ უნდა ანადგურებდეს.
kalo
12 ოქტომბერი 2016 18:56
გულზე მომეშვა,,როცა გავიგე რომ საქართველო არ არის, თორემ მაგ ადგილის ძებნაში იმდენ შენაკადს და ღელეს ააფეთქებდნენ და მოწამლავდნენ რომ...
ისე, ყველამ უნდა გაიგოს, რომ, მთელი ეს ბუნება, ქვეყანა, მხოლოდ ნათხოვარი გვაქვს ჩვენი შთამომავლებისაგან, და როცა დაიზრდებიან, მათვე უნდა დავუბრუნოდ, უკეთთსი თუ არა, უარესი მაინც არა. და მერე მათაც, ასევე ნათხოვარი, უნდა დაუბრუნონ თავიანთ შთამომავლებს. ესეიგი ვალი გვაქვს ხალხო, ვალი... წმინდა ვალი...
ლევანი
12 ოქტომბერი 2016 18:31
ქართველ მუცელღორ ბრაკონიერებს უნდა ანახოთ ზუსტად სადაა ეს მდინარე. ასევე უნდა დადოთ თევზის აქტივობის დღეები/საათები ამინდი. მერე ისინიც მივლენ და თავისი ელექტროშოკური აპარატებით დინამიტებით და სახლართი ბადეებით სათითაოდ ამოწყვეტენ საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი თევზის სახეობებს. ესეთი ადგილები თუ არსებობს მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ამის გახმაურებისგან თორე მარტო ოცნებად დარჩებათ მომავალ თაობებს ამ თევზების ხილვა ველურ ბუნებაში. ისევე როგორც ჩვენ ქურციკის, გნოლის კოლხური ხოხბის და ირმის ნახვა არ შეგვიძია ნაკრძალებს გარეთ.

რედაქტორის რჩევით