ქართული ღვინო ყიფიანის მამულებიდან მსოფლიო აღიარებით - რა სძენს ასეთ განსაკუთრებულობას ხვანჭკარას?! - კვირის პალიტრა

ქართული ღვინო ყიფიანის მამულებიდან მსოფლიო აღიარებით - რა სძენს ასეთ განსაკუთრებულობას ხვანჭკარას?!

მევენახეობა და მეღვინეობა, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებისთვის, რაჭისთვისაც უძველესი დარგია. რაჭველი გლეხი საუკუნეების განმავლობაში ხვეწდა და სრულყოფდა როგორც ვაზის ჯიშს და მისი განაყოფიერების, მოვლის, კულტივირების წესებს, ასევე ღვინის დაყენების ხერხებსა და მეთოდებს.

ღვინო "ხვანჭკარას" წარმოშობაზე, მისი მოვლის, მოყვანასა და განვითარებაზე, მის უნიკალურობაზე, გვესაუბრება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების აღრიცხვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, მეღვინე, აკადემიური დოქტორი, დავით მაღრაძე.

- ბატონო დავით, გვიამბეთ საიდან მომდინარეობს სახელწოდება "ხვანჭკარა"?

- ხვანჭკარის - "ყიფიანების ღვინოდ" წოდებულის წარმოება XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო და რაჭველი გლეხის ღვინის დაყენების მაღალ ტრადიციებს დაემყარა. საყოველთაოდ ცნობილი "ყიფიანის ღვინო" ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძნიდან მზადდებოდა.

რაჭის თავადმა ყიფიანმა გლეხობაში ჩამოყალიბებული ღვინის ტკბილად დაყენების მეთოდი გამოიყენა და უფრო ფართო წარმოებას მოჰკიდა ხელი. საყიფიანო ვაზის მამულებიდან დაყენებულ ღვინოს როგორც მაზრაში, ისე გუბერნიაში საუკეთესოს სახელი დაუმკვიდრდა. ამ ღვინის კომერციალიზაცია სწორედ თავად ყიფიანს ეკუთვნის. თავის მხრივ ალექსანდროული და მუჯურეთული ძველი, აბორიგენული, რაჭული ჯიშებია, მათთან ერთად შავი კაპიტონიც გამოიყენებოდა. რაც შეეხება სახელწოდებას, "ხვანჭკარა" საბჭოთა პერიოდში 1930-იან წლებში, სოფელ ხვანჭკარის მიხედვით დაერქვა.

- ძირითადად რომელ ზონებს მოიცავს მისი განაშენიანება?

- ხვანჭკარის მიკროზონა მოიცავს ხვანჭკარის თემში შემავალ და მიმდებარე სოფლებს.

- რა სძენს მას თავის უნიკალურ გემოსა და თვისებებს?

- "ხვანჭკარამ" თავისი უნიკალურობა პირველ რიგში ადგილმდებარეობის, განაშენიანებისა და მოვლის გამო შეიძინა. ვაზს, ყოველგვარი გარე დანამატების გარეშე შეუძლია დააგროვოს მისთვის დამახასიათებელი შაქრიანობა. რიონისპირა ფერდობებზე ნეშომპალა-კვარცითა და კირქვებით მდიდარი ხირხატიანი ნიადაგები სითბოს შთანთქმისა და გაცივების მაღალი უნარით გამოირჩევა, რაც იქ მოყვანილ ალექსანდროულსა და მუჯურეთულს უნიკალურობას სძენს, ამასთანავე, ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგიაც განსაზღვრავს მის განსაკუთრებულ თვისებებს. ასევე აღსანიშნავია, რომ რაჭველი გლეხი ღვინოს ოქტომბერში აყენებდა, ე.წ. ფარღალალა მარნებში, სადაც ის ნახევრადტკბილ გემოს ინარჩუნებდა. სწორედ მგავსი ტიპის მარნები უწყობს ხელს მის თავისებურ დაღვინებას. ამავე დროს, აღსანიშნავია რეგიონის ფაქტორი, კლიმატი.

ალექსანდროული და მუჯურეთული კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებიდან, ყვავილობას კი ივნისის პირველ დეკადაში იწყებენ, ხოლო ყურძნის დამწიფება აგვისტოს მე-2 დეკადის დასასრულიდან იწყება. ყურძენი საბოლოო სიმწიფეს სექტემბრის დასასრულს აღწევს, ხოლო ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოს მისაღებად მას ოქტომბრის მეორე ნახევარში კრეფენ.

- რა წარმატებები და აღიარება ჰპოვა არსებობის განმავლობში ?

- საბჭოთა ბერიოდში ხვანჭკარამ არაერთი აღიარება მოიპოვა. ასევე დღესდღეობითაც მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსებში, გამოფენებსა და ღვინის ფესტივალებში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლოდა და დღესაც სარგებლობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში (რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ლატვია და სხვა) და შეიძლება ითქვას, რომ ერთ - ერთი პირველია.

ეს საინტერესოა:

"ყიფიანის ღვინომ" პირველი მედალი ჯერ კიდევ 1900 წელს ბათუმის პირველ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მიიღო. ხოლო პირველი საერთაშორისო აღიარება 1907 წელს ბელგიის საერთაშორისო გამოფენაზე მოიპოვა, სადაც "გრან-პრი" დაიმსახურა.

1996 წელს წარმოებულმა ღვინო "ხვანჭკარამ" საერთაშორისო გამოფენებზე მოიპოვა 5 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი, ხოლო 2000 წელს, ქალაქ სოჭის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი და "გრან-პრი" დაიმსახურა.

მოამზადა გიორგი მოსაშვილმა