მორ­ფი­ნი­თ, ატ­რო­პი­ნით თუ მხუთავი გაზით საიქიოს გასტუმრებული პაციენტები - თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი სერიული მკვლე­ლე­ბი - კვირის პალიტრა

მორ­ფი­ნი­თ, ატ­რო­პი­ნით თუ მხუთავი გაზით საიქიოს გასტუმრებული პაციენტები - თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი სერიული მკვლე­ლე­ბი

ადამიანთა ცნობიერებაში ჩაბეჭდილია მოსაზრება, რომ მედიცინის წარმომადგენლები მხსნელები არიან.

ისინი მკურნალობენ სნეულებს, აშუშებენ ჭრილობებს და ხშირად, პაციენტებს იმ ქვეყნიდანაც აბრუნებენ. ამიტომაც, ადამიანთა ნდობა მათ მიმართ, უსაზღვროა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, ეს ნდობა სულ უფრო იკლებს. ზოგიერთი მედიკოსი არა მარტო ჰიპოკრატეს ფიცს არღვევს, არამედ ყველა მორალურ თუ ადამიანურ კანონსაც უგულებელყოფს. ამ ე.წ. თეთრხალათიან მკვლელთა რიგებს თავისი მოწინავეები ჰყავს. ახლა მათ "ტოპხუთეულს" წარმოგიდგენთ.

ექიმი სახელად - სიკვდილ

სერიულ მკვლელთა შორის რეკორდსმენად ბრიტანელი ჰაროლდ შიპმანი ითვლება, რომელსაც "ექიმი-სიკვდილი" შეარქვეს. 30 წლის საექიმო პრაქტიკის მანძილზე, შიპმანმა 352 ადამიანზე მეტი მოაკვდინა. ჰაროლდი 1946 წლის 14 იანვარს, რელიგიურ ოჯახში დაიბადა. სკოლაში კარგად სწავლობდა. 17 წლისას დედა გარდაეცვალა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ექიმი გამხდარიყო და ადამიანები გადაერჩინა. დაქორწინდა და ოთხი შვილიც ეყოლა. ისე ჩანდა, თითქოს, ყველაფერი წესრიგში იყო. მის რეპუტაციას ჩრდილი მხოლოდ 1974 წელს მიადგა, როცა ის ნარკოტიკული საშუალებების ქურდობაში ამხილეს. ჰაროლდმა ამ საქმიდან იოლად დაიძვრინა თავი - 600 გირვანქა სტერლინგიანი ჯარიმით. თუმცა, ამ შემთხვევის შემდეგ, სოლიდურ კლინიკაში მუშაობისთვის გზა გადაეკეტა.

შიპმანი ოჯახთან ერთად, მანჩესტერის გარეუბანში, ჰაიდში გადავიდა, სადაც კერძო საექიმო პრაქტიკა წამოიწყო. მისი პაციენტები ძირითადად ხანში შესული ადამიანები იყვნენ, რომლებსაც სახლში აკითხავდა. ის მარტივად, ეფექტიანად მოქმედებდა: იმ მიზეზით, რომ საჭირო იყო სისხლის აღება ანალიზისთვის ან ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება, მსხვერპლს მორფინის სასიკვდილო დოზას უკეთებდა, შემდეგ კი, პაციენტის რეაქციას მშვიდად ადევნებდა თვალყურს. საბრალო პაციენტები, რომლებიც არაფერს ეჭვობდნენ, ექიმს მადლობას ღიმილით უხდიდნენ და 5-6 წუთში სიცოცხლეს ემშვიდობებოდნენ. ცინიზმის მწვერვალი გახლდათ ის, რომ შიპმანი მსხვერპლთა ნათესავებს თანაგრძნობის გამოსახატავად სამძიმრის ბარათებს უგზავნიდა.

ჰაროლდი მაშინ გამოაშკარავდა, როცა ქალაქის ყოფილი მერის - კეტლინ გრანდის ანდერძი გააყალბა, რომელიც თვითონვე მოაკვდინა. მოხუცი ქალბატონის ქალიშვილმა არ ირწმუნა, რომ დედამ მას არც ერთი პენი არ დაუტოვა და მთელი ქონება (350 ათასი გირვანქა სტერლინგი) უბნის ექიმ - შიპმანს უანდერძა. მან დაამტკიცა, რომ ანდერძი გაყალბებული იყო. ამის მერე ექიმით პოლიცია დაინტერესდა. კრიმინალისტთა მუშაობის შემდეგ გაცხადდა, რომ 25 წლის მანძილზე ექიმმა "სამუდამოდ მოარჩინა" 41-დან 93 წლამდე ასაკის 215 პაციენტი, საიდანაც 171 ქალი და 44 მამაკაცი იყო. შიპმანის ერთ-ერთ მოტივად ანგარება დასახელდა, რადგან ის ამ ადამიანთა ანდერძებს აყალბებდა. 2000 წლის იანვარში, "ექიმ-სიკვდილს" 15-ჯერ მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. თუმცა მოგვიანებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1970-74 წწ-ში, საავადმყოფოში სტაჟიორად მუშაობისას, შიპმანმა იმ ქვეყნად 137 ადამიანი გაამგზავრა. ამგვარად, მისი მსხვერპლის რაოდენობა 352-მდე გაიზარდა.

2004 წლის 13 იანვარს, 58 წლის შესრულებამდე ერთი დღით ადრე, შიპმანი ციხის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მხიარული ჯეინის შემზარავი ცდები

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი იმ ქვეყნად მასაჩუსეტსელმა ექთანმა, ჯეინ ტოპანმა გაისტუმრა, რომელმაც 20 წლის მანძილზე, მორფინითა და ატროპინით 100 პაციენტი მოკლა.

ჯეინი ნაადრევად დაობლდა და ბავშვთა სახლში გაიზარდა. დაამთავრა საექთანო სასწავლებელი; ნებისმიერი კომპანიის სული და გული იყო და ამის გამო, სახელადაც მხიარული ჯეინი შეარქვეს. პირად ცხოვრებაში კი არ გაუმართლა - საქმრომ პირდაპირ საქორწინო ცერემონიიდან მიატოვა. პატარა ქალაქ ლოუელის მცხოვრებთათვის ეს მოვლენა კარგა ხანს სალაპარაკო თემა იყო. ამიტომაც, მხიარულმა ჯეინმა გადაწყვიტა, წყენა არავისთვის ეპატიებინა.

მისი მოვალეობა დაუცველ ადამიანთა მოვლა იყო. ისინი ვერც კი ხვდებოდნენ, რა პრეპარატები შეჰყავდა ექთანს ორგანიზმში. ამ დროს, მხიარული მედდა მათზე ცდებს ატარებდა. ჯეინი მათ მორფინსა და სხვა ნარკოტიკებს უკეთებდა, შემდეგ კი ყურადღებით აკვირდებოდა ადამიანის ორგანიზმის რეაქციას. (გაგრძელება)