"იმ­გ­ვარ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რიც მე ვარ, ად­გი­ლი ადა­მი­ან­თა შო­რის არ მო­ე­ძებ­ნე­ბა" - კვირის პალიტრა

"იმ­გ­ვარ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რიც მე ვარ, ად­გი­ლი ადა­მი­ან­თა შო­რის არ მო­ე­ძებ­ნე­ბა"

1986 წლის 17 იანვარს, ოპერატიული სამძებრო სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს ვასილი კულიკი, ირკუტსკის საქალაქო სადგურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახაზო ექიმი, მეტსახელად - "ირკუტსკელი მონსტრი".

იმ დღეს მას დაბადების დღე ჰქონდა. მანიაკის დაკავებას ხელი შეუწყო მზარეულმა - გალინა გორიაკინამ. სასადილოს ფანჯრიდან მან შენიშნა კაცი, რომელიც პატარა ბიჭუნას ნახევრად დანგრეული ნაგებობისკენ მიათრევდა. ბავშვი მოძალადეს წინააღმდეგობას უწევდა. გალინამ ბუფეტიდან კიდევ ორი ქალი წაიყვანა და ნაგებობისკენ წავიდა. ქალები იქ შემზარავი სცენის მხილველნი გახდნენ: კაცს ბავშვი გაეგუდა, მიწაზე დაეწვინა და მის გაუპატიურებას ცდილობდა. ქალების განწირულ ყვირილზე ახლომახლო მყოფი ორი მამაკაცი მივიდა. მანიაკი გაქცევას შეეცადა, მაგრამ დაიჭირეს და მილიციის რაიონულ განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც მისი ვინაობა გაირკვა.

(იხილეთ ასევე: მორფინით, ატროპინით თუ მხუთავი გაზით საიქიოს გასტუმრებული პაციენტები)

სერიული მკვლელი - ვასილი კულიკი სავსებით ნორმალურ ოჯახში გაიზარდა: მამა - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, დედა - სკოლის დირექტორი. თვით ვასილი გარეგნულად რესპექტაბელური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. სამსახურში მისი პირადი საქმე უამრავი "მადლობით" იყო სავსე. თუმცაღა, ექიმის ჩრდილოვანი მხარე დაუოკებელ სექსუალურ მანიაკს ფარავდა, რომელიც თავიდან პატარა ბიჭუნების გაუპატიურებით იყო გატაცებული, შემდეგ კი, როცა ბავშვების შიშის განცდამ თავი მოაბეზრა, მათი მოკვლაც დაიწყო.

1984 წელს, კულიკმა პირველი მკვლელობა ჩაიდინა: ის ქუჩაში თავის ძველ პაციენტს - მოხუცებულ ქალბატონს შეხვდა და თავი მის დასახმარებლად გამოიდო. ქალი სახლში მიაცილა და ამინაზინის ორმაგი დოზა გაუკეთა. ამან მსხვერპლი მოადუნა და ნახევრად უგონო მდგომარეობაში ჩააგდო. კულიკმა ქალი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ - მოახრჩო. ამ შემთხვევის შემდეგ, მის სპეციალიზაციად მოხუცი ქალების (როგორც წესი, 70 წელზე ზემოთ) განადგურება იქცა. როცა "სასწრაფოთი" მარტოხელა მოხუც ქალბატონებთან გამოძახებაზე მიდიოდა, კულიკი მათ მონაცემებს უბის წიგნაკში ინიშნავდა. სამუშაოს შემდეგ, პაციენტებს ისევ მოინახულებდა, "მზრუნველობას იჩენდა", წნევის გაზომვას და ინიექციის გაკეთებასაც სთავაზობდა. შპრიცს დასაძინებელი პრეპარატით ავსებდა. სასურველი შედეგის დადგომის მერე, მათ აუპატიურებდა და კლავდა. შიგადაშიგ, მოხუცებს ბავშვებსაც უნაცვლებდა. სულ, სისხლიან ანგარიშზე 13 მსხვერპლი იყო.

სასამართლომ კულიკს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. დამნაშავე ცდილობდა, თავი ფსიქიკურად დაავადებულად წარმოედგინა. შემდეგ, გაქცევაც სცადა. ფიზიკურ ფორმას ციხეშიც ინარჩუნებდა - მუშტებსაც იღერებდა და კუნთებსაც ავარჯიშებდა. ცდილობდა, რაიმე იარაღი ჩაეგდო ხელში. მას სამართებელი და წვერგალესილი სახრახნისიც უპოვეს. საბოლოოდ, განაჩენი 1988 წლის 11 აგვისტოს აღსრულდა.

სხვათა შორის, რარიგ უცნაურიც უნდა იყოს, დაკავების შემდეგ, ვასილი კულიკმა გაიხსენა, რომ ის მაინც ექიმი იყო და ბრალის აღიარებისას დაწერა: "საკუთარ თავს ფიზიკურად და მორალურადაც სრულიად ჯანმრთელად მივიჩნევ და მოვითხოვ, რომ ჩემ მიმართ სასჯელის უკიდურესი ფორმა იქნას გამოყენებული... ვთვლი, რომ იმგვარ ადამიანებს, როგორიც მე ვარ, ადგილი ადამიანთა შორის არ მოეძებნება. აღარაფერს ვამბობ ჩემს პროფესიასთან შეთავსებაზე..." (იხილეთ სრულად)