პლანეტის ყველაზე ჭკვიანი ქალები - კვირის პალიტრა

პლანეტის ყველაზე ჭკვიანი ქალები

დღეს ალბათ არ არსებობს სფერო, სადაც ქალს თავი არ გამოეჩინოს; თუმცა, კაცობრიობის ისტორიაში არიან მანდილოსნები, რომლებმაც პლანეტის უჭკვიანესი ქალების სახელი დაიმკვიდრეს.

ჰიპათია ალექსანდრიელი - ძველი დროის ყველაზე ჭკვიანი ქალი

ჰიპათია ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მმართველის, თეონ ალექსანდრიელის ქალიშვილი იყო. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო და მის თანამედროვეთა აზრით, ჭკუით ყველა მეცნიერი დაჩრდილა. ჰიპათია ფილოსოფიას ასწავლიდა და დამოწაფების მსურველებს ვერ აუდიოდა. სამწუხაროდ, დღემდე მისი ნაშრომების მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია.

ჰიპათიას ყველაზე ცნობილი ქმნილება, რომელიც დღემდე შემოინახა, ასტროლაბიაა, რომელსაც შეიძლება ყველაზე ძველი კომპიუტერი ეწოდოს. მას ბევრი ფუნქცია აქვს - დროის, გრძედისა და განედის, ვარსკვლავების განლაგების განსაზღვრა და მომავლის ჭვრეტის შესაძლებლობაც კი. ჰიპათია რელიგიურმა ფანატიკოსებმა მოკლეს და მისი ნაშრომებიც გაანადგურეს, თუმცა ისტორიამ შემოინახა ამ  ლეგენდარული მეცნიერი ქალის სახელი.

დანიელა სიმიდჩევა

ბულგარელ მეცნიერს მაგისტრის 5 საფეხური, ინჟინერ-ელექტრიკოსისა და ინგლისური ენის პედაგოგის კვალიფიკაცია აქვს. მისი ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) 200-ს შეადგენს, თუმცა უმუშევრის შემწეობით ცხოვრობს...

ადა ლავლეისი

პოეტ ჯორჯ ბაირონის ქალიშვილი გენიალური მათემატიკოსი იყო და ინფორმაციის პროგრამირების საშუალებაც შექმნა. ამ უნიჭიერესი ქალის სახელი ეწოდება პროგრამირების ერთ-ერთ პირველ ენას.

მერილინ ვოს სავანტი

მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ამერიკელი ქალია. 10 წლისამ IQ-ის ტესტი გაიარა და შედეგმა 228 ერთეული აჩვენა! მერილინის ქმარი ხელოვნური გულის შემქმნელია, რომლის ინტელექტის კოეფიციენტი მერილინისას ჩამოუვარდება და 180 ერთეულს შეადგენს. შედარებისთვის: სტივენ ჰოკინგის (ინგლისელი ასტროფიზიკოსი) ინტელექტის კოეფიციენტი 160-ია.

მერილინს მიაჩნია, რომ დისციპლინები, რომლებიც სწორედ ინტელექტთან არის დაკავშირებული, მათემატიკა და ბირთვული ფიზიკაა.

სოფია კოვალევსკაია

მსოფლიოში პირველი მათემატიკის პროფესორი და ფილოსოფიის დოქტორი გახლდათ. უდიდესი ინტელექტის მქონე სოფიას სამშობლოში სწავლა არ შეეძლო, რადგან ქალებს რუსეთის იმპერიაში უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების უფლება არ ჰქონდათ. სოფიამ ფიქტიური ქორწინებაც კი გააფორმა, რათა გეტინგენში (გერმანია) ესწავლა.

მარია სკლადოვსკა-კიური

ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც ნობელის პრემია ორჯერ მიიღო, ერთხელ ფიზიკის, მეორედ - ქიმიის სფეროში. მისი აღმოჩენილია ქიმიური ელემენტი რადიუმი. მარია სკლადოვსკა-კიურის აღმოჩენის გარეშე არ იქნებოდა მიღწევები სიმსივნური დაავადებების მკურნალობაში, ატომური ენერგეტიკის სფეროსა და კოსმოსის შესწავლაში.

იუდით პოლგარი

უნგრელმა ქალიშვილმა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ჭადრაკის დიდოსტატის წოდება 15 წლისამ მიიღო. მას გარი კასპაროვისა და ანატოლი კარპოვისთვისაც კი მოუგია ჭადრაკში. ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელიც ფიფა-ს მოჭადრაკეთა პირველ ასეულში შედის.