ქართული კინოს მარად ცოცხალი "ზვიადაური" - კვირის პალიტრა

ქართული კინოს მარად ცოცხალი "ზვიადაური"

„დაუმორჩილებელი კაცი დავმორჩილდი მიმწუხრსა და სიბერეს"

ფოტოგალერეა

ზურაბ ქაფიანიძე ქართველ მსახიობთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება გახლდათ. შთამბეჭდავი გარეგნობის ბიჭს კარიერის გარიჟრაჟიდან მოყოლებული ხშირად უწევდა გმირული პერსონაჟების გაცოცხლება და ქართულ კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახეც შექმნა, თუმცა, როგორც ირკვევა, რაჭველი ყმაწვილი თეატრალურ უნივერსიტეტში სრულიად შემთხვევით მოხვდა.

„ჩემი ბედი სიცილმა გადაწყვიტა. ქუჩაში მეგობრებთან ერთად მოვდიოდი და ხმამაღლა ვიცინოდი. ჩემი სიცილი აკაკი ხორავას გაუგონია და დამიბარა. სად აბარებო, - მკითხა. „გეპეიში“- მეთქი. გამოიტანე საბუთები და აქ მოიტანეო. გამოცდების ჩაბარებამდე უკვე თავის ჯგუფში ჩავურიცხივარ. რომ დავამთავრე, ქუთაისში გამამწესა. შენ მხოლოდ აკაკი ვასაძე თუ გაგხსნის, როგორც მსახიობსო, და მართალი იყო. აკაკი ვასაძე ჩემი მამობილი იყო“.

თუმცა მას მოქალაქეობრივი პოზიცია, ქვეყნის ტკივილზე წუხილი ყოველთვის გამოარჩევდა სხვათაგან.

სიცოცხლის ბოლო წლებში დიდი დარდით საუბრობდა ხოლმე სამშობლოს ბედკრულ ყოფაზე, პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე, ზურაბ ქაფიანიძე მართლაც განსაკუთრებულად უყვარდათ საქართველოში, ის ხომ საოცრად ჰგავდა თავის კინოგმირებს - პირდაპირი და ალალი...

ქალიშვილთან, ლელასთან ერთად

ის 1937 წლის 1-ლ აპრილს ონის რაიონში, სოფელი ნაკიეთში, ვასო ქაფიანიძისა და თინა ხიდაშელის ოჯახში დაიბადა.

1961 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და მუშაობა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო. 1964 წლიდან ზურაბ ქაფიანიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. მისი კინოდებიუტი შედგა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში „მიხა“.

ქართველმა მსახიობმა ეკრანზე 50-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა, თუმცა უარყოფითი გმირი არასოდეს უთამაშია.

1999-2003 წლებში ზურაბ ქაფიანიძე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. 2011 წლის 4 ივლისს 74 წლის მსახიობი ინსულტით გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

საქართველოს სიყვარულით მცხოვრები მსახიობი სიბერეს არ უშინდებოდა:

„დაუმორჩილებელი კაცი დავმორჩილდი მიმწუხრსა და სიბერეს... მაგრამ სამშობლოს ამბავში არც ვემორჩილები და არც დავემორჩილები არაფერს. სანამ ისე არ იქნება, როგორც მე მინდა ვნახო სამშობლო, მანამ არ დავიბერებ თავს სამშობლოსთვის“.

მამის სამშობლოსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე საურობს ზურაბ ქაფიანიძის შვილი ბექნუ ქაფიანიძეც:

„მამა მხოლოდ მსახიობი და ცნობილი სახე არ იყო, ის თავიდან ბოლომდე, ეროვნული ფიგურა გახლდათ. მამას ჰქონდა ჩანაწერების დღიური, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოვაჩინეთ. ერთგან წერს, სანამ ჩემს ქვეყანაში ერთი გაჭირვებული ადამიანი მაინც იარსებებს, ვერ მოვისვენებო... თითოეული ადამიანის პრობლემა გულთან ახლოს მიჰქონდა. ქუჩაში უბრალო შემხვედრსაც კი ეხმარებოდა. თუკი ვინმეს ოდნავ მაინც ხელს გაუმართავდა, ამით უზომოდ ბედნიერი იყო“.

"როგორ მწყდება გული იცი? ამდენი მოღალატე რომ არის ერში..." - ამბობდა ის "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში...

ერთხელ, მძიმე წლებში, ცოტაოდენი ფული აიღო. მაღაზიაში შევიდა. ნახა, კაცი დგას, წვალობს... ფული არ ჰყოფნის. არ იცის, რა იყიდოს, რომ ოჯახი გამოკვებოს. ზურაბ ქაფიანიძემ ჯიბიდან ფული ამოიღო: აი, ძმაო, ნახევარი შენ, ნახევარი - მე... იყიდე, რაც გინდაო. დამუნჯდა სიხარულით კაცი... სანოვაგით დატვირთული წავიდა შვილებთან... წლების მერე საოცრება მოხდა. მოდიოდა მოწყენილი არტისტი ქუჩაში. უცნობი შეეგება სიცილით: მე ის კაცი ვარ, თქვენ რომ 200 დოლარი მაჩუქეთ, ახლა მე მაქვს 1.000 დოლარი ჯიბეში, ნახევარი თქვენ, ნახევარი - მეო... ასეა, სიყვარული არ იკარგება...

ამბობენ, რომ ბევრი როლი დაუთმია. თუ ვინმეზე მიხვდებოდა, რომ ძალიან უნდოდა რამე როლის თამაში, აუცილებლად ვაჟკაცურ სიტყვას ეტყოდა: მე განზე ვდგები, ეს როლი შენიაო... თუ სადმე მეორე მსახიობად მიიწვევდნენ როლზე, იქაც უარს ამბობდა, პირველს არ შევუშლიო...

“ერთ დღეს ზურას მეგობრებს უქეიფიათ. სიმღერა ნდომებიათ და პირველი ხმა ვერ უპოვიათ. შუაღამის 3 საათზე მიადგნენ ქაფიანიძეს. შენი სხვა არაფერი გვინდა, ფანჯრიდან მარტო თავი გადმოყავი და პირველი ხმა მოგვეცი, შეგვარგე პურმარილიო. საცვლების ამარას გამოუყვია თავი და ამას პირველი უთქვამს, იმათ - მეორე და ბანი! გაიხარეო! - დაუძახიათ მოქეიფეებს, - ძლივს ჩავატანეთ საღამოს გემოო.”

იხილეთ ფოტოგალერეა: ზურაბ ქაფიანიძის უცნობი ფოტოები

ეკა გადახაბაძე