"მშობლებს ბოდიშს ვუხდი..." - რის გამო დაარღვევდა კანონს მსახიობობაზე მეოცნებე პოლიციის უფროსი ლეიტენანტი?! - კვირის პალიტრა

"მშობლებს ბოდიშს ვუხდი..." - რის გამო დაარღვევდა კანონს მსახიობობაზე მეოცნებე პოლიციის უფროსი ლეიტენანტი?!

"მძიმე ბავშვობა მქონდა"

26 წლის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ელენე ზანგური ამბობს, რომ ამ ასაკში ყველა ოცნება აისრულა. რას შეცვლიდა საკუთარ ცხოვრებაში ულამაზესი გოგონა, ამას ჟურნალ "გზისთვის" მიცემული ინტერვიუდან გაიგებთ, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ამ ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია, აღმართს დაღმართი მოჰყვება, დაღმართს კი, აღმართი. შეუძლებელია მუდამ წარმატებული იყო. უბრალოდ, როცა რაღაც ისე არ არის, როგორც გინდა, რომ იყოს, ორმაგად მობილიზებული უნდა გახდე და არ უნდა ჩაიქნიო ხელი.

- თუ ცხოვრება ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ საკუთარ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?

- ზუსტად ეს არის ჩვენი ერის პრობლემა, რომ დამოკიდებულები ვართ სხვის აზრზე, ვცხოვრობთ ჩარჩოებში, გვეშინია ხალხის რეაქციის, მეზობლის თვალში ცუდად გამოჩენის. თუმცა, ეს დამოკიდებულებები იცვლება და ახალი თაობა უკვე სხვანაირად ფიქრობს, რაც უზომოდ მახარებს.

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- ყოველთვის მსახიობობა მინდოდა. ცხოვრებაში არაფერი მანიჭებს იმაზე დიდ სიამოვნებას, რასაც თამაშის და სხვადასხვა როლის მორგებისას ვგრძნობ. ეს იქნებოდა ჩემთვის იდეალური პროფესია და ალბათ, წარსულში რაიმეს შეცვლის შანსი რომ მომეცეს, სამსახიობოზე ჩავაბარებდი.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- ალბათ, 50/50-ზე. მართალია, ყველა შედეგს აქვს თავისი მიზეზი და ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ შემთხვევითაც ბევრი რაღაც ხდება. ჩემი ცხოვრება მაგალითად, პარადოქსებითაა სავსე. ალბათ, ბედისწერაც არსებობს და რაც გვიწერია, ის მაინც მოხდება. ყველა ადამიანს თავისი ბედისწერა აქვს.

- დაარღვევ თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

- კი, ნამდვილად დავარღვევ ისე, რომ არც დავფიქრდები. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდაც ჩემთვის საყვარელი ადამიანი ბედნიერი იყოს.

- რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, სად წახვიდოდი?

- სამუდამოდ არც ერთ ქვეყანაში არ წავიდოდი. ამის ბევრი შანსი მქონდა და ყოველთვის უარი ვთქვი. ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი საქართველოს გარეშე.

- რომელს ისურვებდი: იყო უბედური გენიოსი, თუ ბედნიერი სულელი?

- არჩევანის წინაშე რომ ვიყო, ავირჩევდი, ვიყო ბედნიერი სულელი. ასეთი ადამიანების ყოველთვის მშურდა.

- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ უფლის მადლიერი?

- იმის გამო, რომ დავიბადე ჯანმრთელი, მაქვს ორი ხელი და ორი ფეხი, არც ჭკუა მაკლია და არც - გარეგნობა. ღმერთს ნამდვილად არ დაუკლია არაფერი ჩემთვის. ახლა ჩემზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებ ამ ყველაფერს (იცინის).

- რა არის შენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება?

- მძიმე ბავშვობა მქონდა, საშინელი გაჭირვების წლები გამოვიარეთ... ბავშვობასთან ბევრი ცუდი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ალბათ, დაბადების დღეზე ვიყავი: 3 წლის რომ გავხდი, მაშინ ბებიასთან ერთად, რუსეთში ვცხოვრობდი და მახსოვს, ძალიან დიდი სუფრა გავშალეთ. იყო ბევრი სტუმარი და ბევრი საჩუქარი. იმის მერე მგონი, დაბადების დღის აღსანიშნავად მსგავსი სუფრა არც მქონია. ბებია ყველაზე ნათელი და სუფთა ადამიანი იყო ჩემთვის, ძალიან მაკლია და მენატრება.

- რა ან ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? ის, რაც ბოლოს გააკეთე, გამოხატავდა ამ სიყვარულს?

- ყველაზე მეტად მშობლები მიყვარს. ისინი უძვირფასესი არიან ჩემთვის. უბრალოდ, ვერ გამოვხატავ ამას ისე, როგორც საჭიროა. ხანდახან ცივი ვარ და უხეში, რისთვისაც მათ სახალხოდ, ბოდიშს ვუხდი. ვიცი, ამ ინტერვიუს აუცილებლად წაიკითხავენ. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 15 დეკემბრის ნომერში)

სოფო ჭონიშვილი