"ყველა კაცი ჩემზე ეჭვიანობდა" - რა ხდებოდა რეალურად "კონკიასა" და "პრინცს" შორის და როგორ გამოიყურებიან მსახიობები ახლა? - კვირის პალიტრა

"ყველა კაცი ჩემზე ეჭვიანობდა" - რა ხდებოდა რეალურად "კონკიასა" და "პრინცს" შორის და როგორ გამოიყურებიან მსახიობები ახლა?

გაგრძელდა თუ არა მათი რომანი ფილმიდან ცხოვრებაში?

როცა ამ ზღაპარ-ფილმს იღებდნენ, ძნელად თუ წარმოიდგენდნენ, რომ იმჟამინდელ საბჭოთა თუ უკვე პოსტსაბჭოთა სივრცეში თაობების საყვარელ ფილმად იქცეოდა... ჩეხი რეჟისორის, ვაცლავ ვორლიჩეკის ფილმი "სამი კაკალი კონკიასათვის" ეკრანებზე 1973 წელს გამოვიდა და ერთბაშად დაიპყრო ბავშვების გულები. ფილმში კონკიას როლს ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა ასრულებს, სიმპათიური პრინცი კი ასევე ჩეხი მსახიობი, პაველ ტრავნიჩეკია.

მწერალ ბოჟენა ნემცოვას ზღაპრის მიხედვით გადაღებული ფილმი ევროპის ბევრ ქვეყანაში არდადაგებზე საყურებელ ფილმად იქცა. საშობაოდ ხშირად აჩვენებენ ჩეხეთში, გერმანიაში, სლოვაკეთში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, უკრაინაში და ზოგჯერ რუსეთშიც. მაგალითად, 2012-2013 წლებში გერმანიაში შობასა და ახალ წელს ფილმი 14-ჯერ აჩვენეს.

ფილმს იღებდნენ იმჟამინდელი ჩეხოსლოვაკიის სხვადასხვა ქალაქებში, რამდენიმე ეპიზოდი კი იმჟამინდელ აღმოსავლეთ გერმანიაშიც არის გადაღებული.

ცოტამ თუ იცის, რომ "სამი კაკალი კონკიასათვის" ზაფხულში უნდა გადაეღოთ, სადაც კონკია და პრინცი ყვავილნარში ისეირნებდნენ, მაგრამ გერმანული კინოსტუდიის დირექტორმა ოქტომბერში განაცხადა, რომ სტუდიის დათმობა მხოლოდ უახლოესი 3 თვით შეეძლო, ამიტომ გადაღებები მალევე დაიწყეს, ასე გაჩნდა "ზამთრის კონკიას" იდეა.

ამბობენ, რომ ფილმიდან კონკიას ცნობილი კაბა აღარ არსებობს, ერთ-ერთი თაყვანისმცემელი გამოფენაზე კაბას თავს დაესხა და ნაფლეთებად აქცია. და ყველაზე მთავარი, კონკიას ფეხსაცმელი, იყო 3 წყვილი სხვადასხვა სიმაღლის ქუსლის, რადგან კონკიასთვის მოსახერხებელი ყოფილიყო სირბილი მოლიპულ კიბეებსა და ცხენზე ახტომისას.

პერსონაჟების კოსტიუმების გამოფენა ხშირად იმართება ჩეხეთსა და გერმანიაში, რადგან ფილმი დღესაც პოპულარულია.

საინტერესოა რას საქმიანობენ ბევრისთვის საყვარელ ფილმში მონაწილე მსახიობები დღეს?

მომხიბვლელი კონკია, ანუ ლიბუშე შაფრანკოვა 1953 წელს იმჟამინდელ ჩეხოსლოვაკიაში, ქალაქ ბრნოში დაიბადა. ამჟამად 63 წლის მსახიობს თურმე ბავშვობიდან განსაკუთრებულად უყვარდა თეატრი. მისი დაც მსახიობია. პირველი წარმატება ლიბუშეს ფილმმა "ბებიამ" მოუტანა, თუმცა საერთაშორისო აღიარება სწორედ კონკიას როლით ერგო. კინოს შემდეგ ლიბუშემ სცენაზეც ითამაშა, სადაც თავისი მომავალი ქმარი, იოზეფ აბრაჰამი გაიცნო. ლიბუშესა და იოზეფს ერთი ვაჟი - იოზეფ აბრაჰამ უმცროსი ჰყავთ, რომელიც დღეს ცნობილი პროდიუსერია.

"მსოფლიო კინოს კონკია" ფილმში "სამი კაკალი კონკიასათვის" 19 წლის იყო.

2009 წელს ლიბუშეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. იმ პერიოდში მან რამდენიმე პროექტზე უარი თქვა, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა მაყურებელს. "რწმენა, ოჯახი და სამსახური - ჩემი ცხოვრების ძირითადი კომპონენტებია", - თქვა ერთხელ მსახიობმა ინტერვიუში.

მიუხედავად ასეთი პროფესიისა, ლიბუშე ქმართან ერთად წყნარი ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას, იშვიათად ჩნდება მიღებებზე და ხმაურიან ღონისძიებებზე, არ უყვარს ინტერვიუების მიცემა. აქტიურად არის ჩართული სატელევიზიო პროექტებში. მსახიობი იმდენად პოპულარულია და ისე უყვარს მაყურებელს, 2013 წელს, პრაღაში მთავარი ნაძვის ხე სწორედ მას აანთებინეს. ამ ღონისძიებას 30 000 ადამიანი ესწრებოდა. 2015 წელს ჩეხეთის პრეზიდენტმა ლიბუშე შაფრანკოვას ხელოვნების დარგში უმაღლესი ჯილდო გადასცა.

კითხვაზე, რა დაამახსოვრდა გადაღებებიდან, ლიბუშე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: "ძალიან ციოდა, რადგანაც ზამთრისთვის შეუფერებელი კოსტიუმები გვეცვა. თავდაპირველად, ფილმი ზაფხულში უნდა გადაეღოთ, თოვლი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფინალში უკვე იმხელა თოვლში ვიღებდით, რომ მსახიობი პაველ ტრავნიჩეკი (პრინცი) თავის ცხენიანად ლამის თოვლში დაიხრჩო".

პაველ ტრავნიჩეკი - ქალების გულთამპყრობელი პრინცი

პაველი 1950 წლის 26 ოქტომბერს იმდროინდელ ჩეხოსლოვაკიაში, ქალაქ კოშიცეში დაიბადა. ლიბუშე შაფრანკოვასა და პაველ ტრავნიჩეკის ტანდემი მაყურებელს იმდენად მოეწონა, რომ მათ კიდევ ერთხელ მოირგეს პრინცისა და პრინცესის როლები. მათთვის კიდევ ერთი წარმატებული ფილმი აღმოჩნდა "მესამე პრინცი".

პაველმა კარგი მუსიკალური განათლება მიიღო. ის მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა. უკრავს ფორტეპიანოზე, საყვირზე და შესანიშნავად მღერის.

პაველი სამჯერ იყო დაქორწინებული და ორი ბიჭი ჰყავს - ადამი და პაველი. მსახიობი სოციალურად აქტიურია, ხშირად ესწრება საქველმოქმედო ღონისძიებებს და აქტიურად კონტაქტობს თაყვანისმცემლებთან.

რა ხდებოდა რეალურ ცხოვრებაში კონკიასა და პრინცს შორის?

გაგრძელდა თუ არა მათი რომანი ფილმიდან ცხოვრებაში?

ლიბუშე შაფრანკოვა ამაზე საუბარს მუდამ თავს არიდებდა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, "ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ. ყველა მაყურებელს სურდა რომ ასე ყოფილიყო. ტყუილად კი არ გადაგვიღეს მე და პაველი კიდევ ერთ ზღაპარში "მესამე პრინცი".

რაც შეეხება პაველის პასუხს, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- პაველ იცით თუ არა, რომ საბჭოთა კავშირის გოგონების უმრავლესობა თქვენზე იყო შეყვარებული?

- არ ვიცოდი, რა თქმა უნდა ეს სასიამოვნოა, ჩემთვის ახლაც საიდუმლოა, ასეთი ფანტასტიური წარმატება რატომ ხვდა წილად ამ ზღაპარს.

- ალბათ იმიტომ, რომ პრინცი და პრინცესა ორივე ძალიან ლამაზები იყვნენ.

- იცით, როგორი ამაყი ვიყავი ამ როლზე რომ მე დამამტკიცეს. ჩემს გარდა 20 პრედენტენტი იყო, მაგრამ რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ლიბუშეს გვერდით მე საუკეთესო ვიქნებოდი. ვგრძნობდი, რომ ჩეხოსლოვაკიაში ყველა კაცი ჩემზე ეჭვიანობდა. ყველას სურდა ჩემს ადგილზე ყოფნა, კონკია ხომ ასეთი ლამაზი იყო.

- აღიარეთ, თქვენს შორის იყო რაიმე გრძნობა?

- კი, ერთმანეთი შეგვიყვარდა. მაშინ, როცა გადამღები ჯგუფი საქმეებით იყო დაკავებული, ტყეში გავრბოდით და ერთმანეთს ვკოცნიდით... ძალიან კი ციოდა. ფილმს თითქმის ზაფხულის ტანსაცმელში გამოწყობილები მინუს 20 გრადუს ყინვაში ვიღებდით, თუმცა მე და ლიბუშე ერთმანეთს საკუთარი გრძნობებით ვათბობდით.

- მას შემდეგ, თქვენ არაერთხელ ითამაშეთ პრინცის როლი, თქვენ და ლიბუშე კვლავ გადაგიღეს ფილმში "მესამე პრინცი"...

- სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყარა... ის სხვას გაჰყვა ცოლად. მოიწყო შესანიშნავი კინოკარიერა...

- და თქვენი კარიერა?

- თეატრში უფრო ვთამაშობდი, ვიდრე კინოში. შემდეგ საკუთარი სამსახიობო სააგენტო გავხსენი, რომელიც ჩეხურ ტელევიზიებში სხვადასხვა კონკურსებს და შოუებს აკეთებს.

- თქვენი კონკია თუ იპოვეთ?

- სამჯერ ვიყავი დაქორწინებული. დიდი ბიჭები მყავს - ადამი და პაველი. სამწუხაროდ, სამივე ქორწინება განქორწინებით დასრულდა. ამჟამად მეგობართან, მონიკა ფიალკოვოისთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც ჩემზე 34 წლით პატარაა. ერთმანეთი მუსიკალურ კონკურსზე გავიცანით, სადაც წამყვანი ვიყავი. ახლა ის არის ჩემი კონკია. ახლაც კი, რომანტიკოსი ვარ...

იხილეთ: "სამი კაკალი კონკიასათვის" - პოპულარული ზღაპრის გმირები დღეს