ახალი თაობის 10 ყველაზე პოპულარული და სიმპათიური მსახიობი მამაკაცი - კვირის პალიტრა

ახალი თაობის 10 ყველაზე პოპულარული და სიმპათიური მსახიობი მამაკაცი

მათი უმეტესობის პოპულარობა სატელევიზიო სივრცეში გამოჩენას მოჰყვა, მაგრამ როგორც ირკვევა, ბევ მათგანს ტელეეკრანამდე საკმაოდ კარგი სამსახიობო ნათლობა თეატრში აქვს მიღებული და ისინი ახლაც სცენაზე არაერთ საინტერესო როლს ასრულებენ. მაშ ასე, ახალი თაობის ყველაზე წარმატებული და სიმპათიური მსახიობი მამაკაცები:

ფოტოგალერეა

თორნიკე გოგრიჭიანი ფართო საზოგადოებამ პირველად სერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან“ გაიცნო. ის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია, განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ "ტიფლისში" შესრულებულმა როლმა მოუტანა, რასაც მოჰყვა მთავარი როლი ტელესერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში". მისი მეუღლე, ასევე მსახიობი, ნინო ქორიძეა, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს.

გიორგი ვარდოსანიძე თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია, ის ხშირად ჩნდება კინოშიც და ტელეწამყვანის ამპლუაშიც. მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, სადაც მოცეკვავე სალომე ჭაჭუასთან ერთად ცეკვავდა, მათ იქორწინეს, თუმცა ოჯახი მალევე დაინგრა.

კახა კინწურაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობია, საზოგადოებამ მისი პერსონაჟი ლუკა, სერიალიდან „ტიფლისი“ განსაკუთრებულად შეიყვარა. „5 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა დრამწრეზე შემიყვანეს. სცენაზე რომ დავდექი და ეს ჯადოსნური სამყარო შევიგრძენი, მას შემდეგ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. აქტიური ბავშვი ვიყავი და ბევრ წრეზე დავდიოდი, მაგრამ ყველაზე დიდი ხალისით სცენაზე გავდიოდი. უბრალოდ, მაშინ ეს საქმე გაცილებით მარტივი მეგონა, ვიდრე არის... კარგ რეჟისორთან ერთად და კარგი სცენარის მიხედვით ფილმზე ვიმუშავებდი. როგორ პერსონაჟს განვასახიერებდი? რომელიც იბრძვის, რომელსაც სტკივა, რომელსაც უყვარს...“- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი. კახას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.

საზოგადოება როგორც თეატრალური, ასევე კინოროლებით კარგად იცნობს მსახიობ ლევან ხურციას. ლევანი ცნობილ ადვოკატზე მარიამ კუბლაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც შვილი ჰყავს.

დათო ჯაყელი განსაკუთრებულად პოპულარული სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ ნუცას საყვარლის, რეზიკოს როლით გახდა. დათო ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია. „ცოლი რომ მოვიყვანე, ერთ თვეში 28 წელი შემისრულდა. ჩემი მეუღლეც ბათუმელია. ქორწინებამდე 11 წელი შეყვარებულები ვიყავით, დღეს ცოლ-ქმარი ვართ. შვილების დაბადებამ პასუხისმგებლობის შეგრძნება გამიმძაფრა. თუ როგორი მამა ვარ, ეს ალბათ, ჩემს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ, მგონი, ძალიან კარგი. თავისუფალ დროს მთლიანად ბავშვებსა და ოჯახს ვუთმობ. შედეგად კი ვიღებ ძალიან დიდ სიყვარულსა და სითბოს…“ - ამბობს დათო ერთ-ერთ ინტერვიუში.

გიორგი მახარაძემ პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებით“ მოიპოვა. „რეალურ ცხოვრებაში მაქსიმეს ადგილას რომ აღმოვჩენილიყავი, როგორც საჭიროდ ჩავთვლიდი, ისე ვიმოქმედებდი. მაქსიმეს რომ ტვინს "უბურღავენ", ეგრე ვინმემ რომ გამიკეთოს, მის ჯიბრზე შეიძლება, წარმოუდგენელი ამბები ჩავიდინო.. ახლა შეყვარებული ვარ ერთ ძალიან კარგ გოგოზე, მარიამ ნადირაძეზე. მე და მარიამი ერთად ვცხოვრობთ. ვთვლი, რომ ოჯახის სიმყარისთვის თანაცხოვრების პერიოდის გავლა აუცილებელია.“

გიორგი მარიამ როინიშვილის ყოფილი ქმარია, მათ საერთო ქალიშვილი ჰყავთ.

ანდრია გველესიანი ახმეტელის თეატრის მსახიობია, ის საზოგადოებამ უკრაინული "იქს ფაქტორით" გაიცნო, მოგვიანებით მონაწილეობდა ბელორუსიაში, მუსიკალურ კონკურსში,  შემდეგ კი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“.

ჯანო იზორიას როგორც კინოში, ასევე თეატრში შესრულებული როლების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა ის ფართო მაყურებელმა ტელესერიალ "ტიფლისში" შესრულებული როლით გაიცნო, განსაკუთრებული პოპულარობა კი ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შემდეგ დაიმსახურა. ჯანო ფოთის თეატრის მსახიობია. მსახიობია მისი მეუღლეც, წყვილს პატარა ქალიშვილი ევა-გაბრიელა ჰყავს.

არჩილ სოლოღაშვილი მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ის თეატრთან ერთად, არაერთ ქართულ ფილმსა თუ სერიალში მონაწილეობს. სოლოღაშვილი ტელეწამყვანიცაა. 2013 წელს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში თეატრალური პრემია ,,დურუჯით" დაჯილდოვდა. მისი მეუღლე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძეა.

გიორგი ბახუტაშვილიც ასევე მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია. საზოგადოებამ ის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. „ბედის უმადური არ ვარ. მგონია, ფუჭად არ მიცხოვრია, თან - მიმართლებდა. ვმუშაობ თეატრში, ვთამაშობ სერიალში, წინ კიდევ სხვა გეგმები მაქვს. მიმაჩნია, რომ წარმატება საქმისადმი სერიოზულმა მიდგომამ განაპირობა. სტუდენტობის დროს მაქსიმალურად ვცდილობდი, კარგად მესწავლა, პირადი ცხოვრება და გართობა კი მეორეხარისხოვანი იყო", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა. ჰყავს მეუღლე და შვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

მოამზადა ეკა გადახაბაძემ