შეცდომით დასახელებული "საუკეთესო ფილმი" და არეული კონვერტები - ხმაურიანი "ოსკარის" დაჯილდოება
27-02-2017
26 თებერვალს ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ ყოველწლიური დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიალი გაიმართა. წლიდან წლამდე კინომოყვარულები და არა მარტო, ამ დაჯილდოების მოლოდინში არიან. თუმცა, წლევანდელი "ოსკარის" ცერემონიალი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ, ამის მიზეზი კი ნამდვილად არსებობს.

ფოტოგალერეა

წლევანდელ ცერემონიალზე გარკვეული უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მსახიობმა უორენ ბიტმა წლის ფილმად თავდაპირველად „ლა ლა ლენდი“ დაასახელა, თუმცა მას შემდეგ რაც აღნიშნული ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე ავიდა და „ოსკარი“ გადაეცა, ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ „მოხდა გაუგებრობა“ და
წლის ფილმი „შეცდომით წაიკითხეს“. ამის შემდეგ აჩვენეს კონვერტი, სადაც მითითებული იყო, რომ წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ რეალურად არა „ლა ლა ლენდს“, არამედ „მთვარის შუქს“ გადაეცა.


როგორც აღმოჩნდა, კონვერტები არასწორად შეიტანეს სცენაზე. მსახიობმა უორენ ბიტმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებულ კონვერტში ეწერა ემა სტოუნი - "
ლა ლა ლენდი", რამაც ის დააბნია და ფილმი შეცდომით ამოიკითხა. შეცდომის გამო მსახიობმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას.

მის შემდეგ სცენაზე "მთვარის შუქის" შემოქმედებითი ჯგუფი ავიდა, რომლებიც გაოგნებულები იყვნენ საღამოს ასეთი მოულოდნელი ფინალით.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ ქესი აფლეკს გადაეცა, რომელმაც ჯილდო მიიღო ფილმში „მანჩესტერი ზღვასთან“ შესრულებული როლისთვის.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის  გამარჯვება „ლა ლა ლენდის“ მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ემა სთოუნმა მოიპოვა. ამავე ფილმმა მიიღო „ოსკარი“ საუკეთესო მუსიკისა და სიმღერისთვის. საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა "ლა ლა ლენდის" რეჟისორმა დემიენ შაზელმა. ჯამში, „ლა ლა ლენდმა“ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე 14 ნომინაციიდან 6 ჯილდო მოიპოვა.

მეორეხარისხოვანი როლის შერულებისთვის „ოსკარი“ მიიღეს: მამაკაც მსახიობებს შორის - მაჰარშელა ალიმ, ფილმისთვის „მთვარის შუქი“, ხოლო ქალ მსახიობებს შორის, ვაიოლა დევისმა ფილმისთვის - „წინაღობანი“.

ადაპტირებული და ორიგინალური სცენარების კატეგორიებში გაიმარჯვეს ფილმებმა „მთვარის შუქი“ და „მანჩესტერი ზღვასთან“.

წლის ანიმაციური ფილმის კატეგორიაში კი „ზოოტოპიამ“ გაიმარჯვა.

ფოტოგალერეა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით