10 ყველაზე ცნობილი ქართველი დედა-შვილი
03-03-2017
10 ყველაზე ცნობილი ქართველი დედა-შვილი
ფოტოგალერეა

დედა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანია. დედის დღესთან დაკავშირებით კი გადავწყვიტეთ გაგახსენოთ ცნობილი დედები და მათი ასევე ცნობილი შვილები:

ეკატერინე ჭავჭავაძე და სალომე დადიანი


სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ეკატერინე ჭავჭავაძე 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა - გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა.
დავით დადიანისა და ეკატერინე
ჭავჭავაძის ქალიშვილი სალომე დადიანი (1848-1913) ზუგდიდში დაიბადა.. 1857 წელს, როცა სალომე ჯერ კიდევ ბავშვი გახლდათ, სამეგრელოს მართვის სადავეები რუსეთის იმპერიამ აიღო ხელში, რასაც ათიოდე წლის შემდეგ სამთავროს ოფიციალური გაუქმება მოჰყვა. ამის შემდეგ სალომეს დედა, ეკატერინე, რომელმაც სალომეს ძმის, ნიკოს, მეურვის სტატუსით ეს პროვინცია ოთხი წლის
მანძილზე მართა, ოჯახთან ერთად სამეგრელოდან გაემგზავრა და ჯერ სანკტ-პეტერბურგში დასახლდა, შემდეგ კი საცხოვრებლად საფრანგეთსა და გერმანიაში გადავიდა.
პარიზში ეკატერინეს შვილები - სალომე, ნიკო და უმცროსი ძმა ანდრია - ფრანგი არისტოკრატების წრეში ტრიალებდნენ. ეკატერინემ იცოდა, თუ როგორ მოეხდინა შთაბეჭდილება. საზოგადოებაში მას ყოველთვის ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი სეფე-ქალები ახლდნენ და თავი მუდამ მედიდურად ეჭირა, როგორც ეს იდუმალი აღმოსავლური ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს შეეფერებოდა.
1868 წელს 21 წლის ასაკში სალომე საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრს, შარლ ლუი ნაპოლეონ აშილ მიურატს (1847-1895) მისთხოვდა. მათი ქორწინება პარიზში წლის მოვლენად აღიარეს.


ვერიკო ანჯაფარიძე და სოფიკო ჭიაურელი

"ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო… ძალიან მიყვარს "დისქავერის" გადაცემები. ამას წინათ ვუყურებდი ფილმს თუთიყუშებზე, გავგიჟდი, როგორ უვლის დედა-თუთიყუში ამ თავის პატარა თუთიყუშებს...

სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან, ჩემი პირველი როლი, ჰარა "ბაფთიან გოგონაში" - ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი არ მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან", - ამბობდა სოფიკო ჭიაურელი.

მედეა ჩახავა და მაკა მახარაძე

საქართველო სახალხო არტისტის მედეა ჩახავა შეუდარებელი მსახიობი, დედა და ბებია იყო. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა:

„გავიდა მრავალი წელი და მედიკო ჩახავას სახელი ჩემთვის იქცა თეატრალური სიყმაწვილის ძვირფას, საყვარელ მოგონებად. ბევრი რამ, რასაც რუსთაველის თეატრში ვაკეთებდი, უშუალოდ იყო დაკავშირებული მის სახელთან. ჩვენ თანამოაზრენი, მეგობრები ვიყავით, ჩვენ ვიყავით თანაავტორები ბევრი დაუვიწყარი ნამუშევრისა. მედიკო ცვილივით დამყოლი და ელასტიური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით, ხორცს ასხამდა ჩემს ყოველ ჩანაფიქრს.“

„ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე, ჩემი შვილები შვილიშვილები და შილთაშვილებია. თემური, მაკა ივიკო, მათი შილები, შვილიშვილები - ეს ნამდვილი სასწაულია, მესამე მეოთხე თაობას მოვესწარი. ჩვენი დიდი ოჯახის წევრები იყვნენ სოფიკო და მისი შვილებიც, - ამბობდა ქალბატონი მედეა.  ქალბატონმა მედეამ მთელი თეატრალური დიანსია დაუტოვა ქვეყანას თავისი შთამომავლობის სახით. მისი ქალიშვილი მაკა სულ პატარა აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე, შემდგომ ბალერინობა გადაწყვიტა, თუმცა რამდენიმე ფილმში მოუხდა თამაში. მაკას ქალიშვილი ნატა მურვანიძეც წარმატებული მსახიობია.

მარინა თბილელი და ბაია დვალიშვილი

„არ იყო მისი შვილობა ადვილი ამბავი, ის იყო წარმატებული, ლამაზი ენერგიული და ძალიან ფერადი. ამ ყველაფერში ვიყავი მე, რომელიც ვიყავი ძალიან გამხდარი და პათლოგიურად მორცხვი. ჩვენს სახლში სადაც კარი არ იკეტებოდა, სულ სუფრა იყო გაშლილი. დედაჩემმა იცოდა ხმამაღლა სიცილი, ხმამაღლა ლაპარაკი, სულ ორომტრიალი იყო , მე კუთხეში ვიჯექი და ფრჩხილებს ვიკვნიტავდი, იმიტომ რომ ძალიან მორცხვი ვიყავი. მარინა ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევდა, ის ყველაფერს განაგებდა“ - იხსენებს შეუდარებელ მსახიობს მარინა თბილელს შვილი ასევე ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დალიშვილი

ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე

„არსებობენ კარგი მომღერლები, ძალიან კარგი მომღერლები და ნანი ბრეგვაძე" - ამბობენ ქართველ საესტრადო მომღერალ ნანი ბრეგვაძეზე, რომელმაც უამრავი ქვეყნის სცენა დაიპყრო. თუმცა როგორც აღმოჩნდა ის შვილზე, ასევე მომღერალ ეკა მამალაძეზეა დამოკიდებული. კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ამბობს:

„ძალიან მიყვარს სახლის დალაგება. კიდევ ჭურჭლის რეცხვა. კარტოფილს ვწვავდი არაჩვეულებრივად. დედაჩემი საუკეთესო მზარეული იყო. ახლაც სულ ვადარებ მისნაირად თუ ამზადებს ვინმე. ის რომ ბადრიჯანს აკეპავდა ნიგოზში... დედა სულ მანებივრებდა. ავად რომ გახდებოდა, მამას ეუბნებოდა, გიგა, არ დატოვო ბავშვი მშიერიო. ხომ იცით, კაცებს გემრიელი ხელი აქვთ. ახლა ეკას აქვს კარგი ხელი, ყველაფერი ეხერხება: სახლის დალაგება, ყიდვა, მოტანა, რემონტი, სადილი, ქსოვა... როლები გავცვალეთ - ახლა ეკაა ჩემი დედა და მე მისი შვილი ვარ. თვალის ოპერაცია გავიკეთე. არ იცით, რა ხდებოდა... ეკა ამ დროს ნატალიასთან იყო ნიუ-იორკში. მარტო რომ არ ვყოფილიყავი, ჩემი შვილიშვილები, ხან ერთი ბიჭი მითევდა ღამეს, ხან - მეორე.“

ბელა მირიანაშვილი და ნანუკა ხუსკივაძე

ბელა მირიანაშვილი ძველი თაობის ქართველ მსახიობთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა. მაშინ, როცა ბელა მირიანაშვილი კახი კავსაძეს ცოლად გაჰყვა, ნანუკა პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავდა.

„ბელა სახლში იყო გენერალი. ჩვენ მას გენერალს ვეძახდით. ბრძანებებს არ იძლეოდა, თმცა რაღაც იყო ისეთი ჰაერში, მოკლედ რომ ვთქვათ ვემორჩილებოდით. ყველაზე ჭკვიანი იყო ჩენს სახლში და ვიცოდით რომ მისი რჩევა თუ მოთხოვნა უდა შესრულებულიყო. თუმცა არ უყვარდა ეს სახელი და ამას ჩვენზე კარგი იუმორითვე პასუხობდა. ის იყო ძალიან მაგარი მეგობარი და იმედი. თავისი ბოხორა დაბალი ხმით ერთხელ მითხრა: თუ შენ წელს ვერ მოხვდები თეატრალურ ინსტიტუტში, მაშინ აღარც იფიქრო რომ იქ ჩააბარებო და ეს ჩემთვის იყო კანონი. დინჯად და მშვიდად ადევნებდა თვალყურს ჩემს გამოცდებს. ალბათ სადღაც არც უნდოდა რომ მსახიობი ვყოფილიყავი“ - გაიხსენა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ.

ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი


ცნობილი მსახიობის იმედო კახიანის ქალიშვილის, ეკა კახიანის სამომღერლო კარიერა ადრეულ ბავშვობაში, ანსამბლ  „მზიურში“ დაიწყო, პროფესიით მსახიობია და არაერთი როლი აქვს შესრულებული თეატრსა თუ სატელევიზიო სერიალებში. ასევე პოპულარული მომღერალია მისი ქალიშვილი ნინი ბადურაშილიც. 

თამრიკო ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საზოგადოებამ ეკა კახიანთან, თამარ გვერდწითელთან და სხვა იმ ბავშებთან ერთად გაიცნო, რომლებიც ანსამბლ „მზიურში“ მღეროდნენ.  მისი ქალიშვილი მარიამ როინიშვილიც პატარა ასაკიდან სცენაზე დგას.

ნინო ცქიტიშვილი და თაკო ნაცვლიშვილი


სამოდელო სააგენტო LOOK MODELS-ის დამფუძნებელი, თავის დროზე წარმატებული მოდელი ნინო ცქიტიშვილი დღეს უკვე წარმატებული ბიზნესლედია. სამოდელო სფეროში უკვე წარმატებული საერთაშორისო კარიერა აქვს მის ქალიშვილს თაკო ნაცვლიშვილს, რომელიც არაერთი წამყვანი მოდის სახლის სახეა.

"თაკო დამოუკიდებელი ადამიანია, თუმცა გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად ვიღებთ, ხშირად ვაძლევ რჩევებს. ვფიქრობ, შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, თუმცა გარკვეულ საკითხებში სიმკაცრესაც ვიჩენ. ვცდილობ, ბავშვები არაფერში შევზღუდო და არჩევანის თავისუფლება მივცე"- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო ცქიტიშვილი.

დალი და ნათია ფანჯიკიძეები

გერმანისტი, მთარგმნელი პროფესორი დალი ფანჯიკიძე ცნობილი მწერლის გურამ ფანჯიკიძეს მეუღლე და ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის დედაა.
„დედა 79 წლის გახდა. მთელი საღამო არც გვისმენდა და არც ხმა ამოუღია. საერთოდაც თითქმის აღარაფერზე ლაპარაკობს. მამასაც თითქმის აღარ ახსენებს. თუ ოდნავ გამოცოცხლდა, წიგნების დაბინავებაზე ზრუნავს. არკვევს, გვაქვს თუ არა ყველას სახლში "ბუდენბროკების" ახალი გამოცემა, ან რამე სხვა. წამოსვლისას გვითხრა, "არაფერი არ ხდება შემთხვევით, ჩემი თარგმნილი წიგნების პერსონაჟებმა გამხადეს ავად, ყოველმა მათგანმა და ყოველმა მათმა განცდამ და ღამეც ისინი მეცხადებიან, არცერთი გამორჩევით, ყველა ერთად... დიდხანს მინდა მყავდეს დედა“ - დაწერა სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძემ

იხილეთ ფოტოგალერეა


ეკა გადახაბაძე

ირაკლი
06 მარტი 2017 16:27
ამ სიას აკლია კეკე გელაძე და სოსო ჯუღაშვილი!
გიორგი
04 მარტი 2017 11:14
ძალიან საინტერესო სტატიაა, დიდი მადლობა.
nini@
03 მარტი 2017 18:22
ძალიან კარგი ქალბატონები გვყავდა დაე გვყავს და კიდეც გვეყოლება . გამორჩევა შეუძლებელია. მაგრამ მე ძალიან მიყვარს ბაია ჩვენი ვანელია .ჩვენი სახეა .

რედაქტორის რჩევით