მეგობრებმა მას შემდეგ შეწყვიტეს ურთიერთობა, რაც როზას კლარას ვაჟი შეუყვარდა - 8 მარტის დამაარსებელი ქალების სიყვარულის ისტორიები
მეგობრებმა მას შემდეგ შეწყვიტეს ურთიერთობა, რაც როზას კლარას ვაჟი შეუყვარდა - 8 მარტის დამაარსებელი ქალების სიყვარულის ისტორიები
ფოტოგალერეა

დღესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქალებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა უწევთ, ისინი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობენ მომავალ თაობებს გაუკვალონ გზა ამ ბრძოლისა და შთამომავლობას გაცილებით უკეთესი გარემო დაუტოვონ. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ეს ბრძოლა საუკუნის და მეტი ხნის წინ...
გადავწყვიტეთ მოგიყვეთ იმ ორ ქალბატონზე, რომლებიც ამ ბრძოლის სათავეებთან იდგნენ. როგორც ირკვევა კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი კარგი მეგობრები იყვნენ, თუმცა, მოდით, გავიხსენოთ ყველაფერი როგორ დაიწყო...

ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა
You must have Flash Player installed in order to see this player.
თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა - სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო მასობრივი პროტესტები გამოიწვია. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო 1857 წლის 8 მარტს, ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-
ქალთა გაფიცვა. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ, იმავე თვეს, სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

მომდევნო წლებში, 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 1908 წელს, ნიუ-იორკის ქუჩებში 15 000 ქალბატონი
გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე.
შემდეგი წლის ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1913 წლის 8 მარტს ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობა მოაწყვეს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ ქალები წინ უფლებების მოპოვების გზაზე...

კლარა
კლარა ცეტკინი, რომლის ქალიშვილობის გვარი აისნერი იყო, 1857 წლის 5 ივლისს, გერმანიაში დაიბადა. კლარა ბავშვობიდან გამოირჩეოდა სწავლის სიყვარულითა და კარგი მეხსიერებით. მან  სწავლა ლაიბციგის პედაგოგიურ სასწავლებელში გააგრძელა,
საიდანაც იწყება მისი კავშირი რევოლუციურად განწყობილ სტუდენტებთან. სწორედ აქ შეხვდა ის თავის პირველ მეუღლეს ოსიპ ცეტკინს და შეუყვარდა. კლარას მშობლები მათ ურთიერთობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, ფიქრობდნენ, რომ რევოლუციურ იდეებს გამოკიდებულ ცეტკინთან მათი შვილი მომავალს დაიღუპავდა, თუმცა კლარას არაფრის გაგონება არ სურდა...  გოგონა მზად იყო ვაჟს ქვეყნის დასალიერამდე გაჰყოლოდა.

1878 წელს კლარა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პატრიის წევრი გახდა. 1882 წელს კი როცა გერმანიაში სოციალისტების წინააღმდეგ კანონი მიიღეს, კლარას მეუღლე ოსიპ ცეტკინი იძულებული გახდა გერმანია დაეტოვებინა და საფრანგეთში გადასულიყო, მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლო კლარამ მეუღლესთან ჩასვლა. მიუხედავად იმისა, რომ კლარასა და ოსიპის ქორწინება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ იყო, კლარა მას ქმარს ეძახდა და ოსიპის გვარზეც გადავიდა. მათ 2 ვაჟი ჰყავდათ. კლარას მეუღლე საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლიდან 7 წელში გარდაეცვალა. ამის შემდეგ კლარა აქტიურად ჩაერთო ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში.
ის, შვილებთან ერთად, გერმანიაში დაბრუნდა, სადაც გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „თანასწორობის“ რედაქტორად დაინიშნა.

რატომ მაინცდამაინც 8 მარტი?

როგორც თავში აღვნიშნეთ პირველი ფართომასშტაბიანი ქალთა საპროტესტო აქცია სწორედ 8 მარტს გაიმართა, სავრაუდოდ, ამიტომაც გადაწყდა ამ დღის შერჩევა, თუმცა არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ის სპეციალურად დაამთხვიეს ქალის გმირული საქციელის განმადიდებელ, ებრაელთა დღესასწაულ პურიმს. პურიმის დღესასწაული მოძრავია, თუმცა 1910 წელს სწორედ 8 მარტს დაემთხვა...

ამბობენ, რომ კლარა ცეტკინს და მის თანამებრძოლს, ასევე ებრაულ ოჯახში გაზრდილ როზა ლუქსემბურგს, არ სურდათ ამ თარიღის ჭეშმარიტი მიზეზი საჯაროდ გაემხილათ, თუმცა საკუთარი ეთნიკური ტრადიციების ერთგულმა ქალებმა, პლანეტის ყველა ქალს სადღესასწაულოდ იუდეველთა საკულტო თარიღი დაუწესეს.

ცნობისთვის: სპარსეთის მეფემ, ართაქსერქსემ, ძველი წელთაღრიცხვის 480 წელს ცოლად მოიყვანა ქვეყნის ყველაზე მშვენიერი ასული - ესთერი, რომელმაც მეფეს დაუმალა თავისი ებრაული წარმოშობა. გამოხდა ხანი და მეფის დიდვეზირმა ამანმა, ბაბილონის ტყვეობიდან სპარსეთში შემოხიზნულ ებრაელებზე გამწყრალმა, ართაქსერქსეს ებრაელთა ამოწყვეტა გადააწყვეტინა. როცა ეს ამბავი შეიტყო, თავის ერზე მზრუნველმა ესთერმა სამი დღე და ღამე იმარხულა, მერე მოაწყო ნადიმი და მადლი ჰპოვა ქმრის თვალში, რომელმაც პირობა მისცა, რომ ყოველ სურვილს შეუსრულებდა. ესთერმა ებრაელების ხელშეუხებლობა გამოსთხოვა და მეფემაც დიდსულოვნად შეუსრულა თხოვნა - ებრაელებს თავის დაცვისა უფლება მისცა და ის ხალხი, ვისაც ებრაელები უნდა დაეხოცა, თვით ებრაელებისგან დაიხოცნენ. ამ სასწაულებრივი გადარჩენის აღსანიშნავად, ებრაელებმა დააწესეს დღესასწაული -„პურიმი“ („წილისყრის დღე’“).

პირველი ქმრის გარდაცვალება კლარას დიდ ხანს არ უგლოვია, მალევე ის მხატვარ გეორგ ფრიდრიხ ცუნდელს შეხვდა და ისევ გაიტაცა გრძნობამ. ფემინისტი ქალბატონი მხატვარზე 18 წლით უფროსი იყო. თავდაპირველად მათი ქორწინება წარმატებული ჩანდა, ახალგაზრდა მეუღლე ნახატებს ჰყიდდა და ასე გამოიმუშავებდა ფულს, თუმცა ისინი 1914 წელს დაშორდნენ, როცა გეორგი მოხალისეებში ჩაეწერა და პირველ მსოფლიო ომში ბრძოლა გადაწყვიტა. კლარა ხომ ომის წინააღმდეგი იყო, ის ომს და ბრძოლას იმპერიალისტებს აბრალებდა, ამიტომ მეუღლის გადაწყვეტილება უარყოფითად მიიღო. ოფიციალურად ისინი მაშინ განქორწინდნენ, როცა კლარა 70 წელს იყო მიღწეული.

მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო გერმანიის კომუნისტური პარტიის შექმნაში. როგორც ცნობილია, ის საკმაოდ ახლოს იცნობდა ლენინს. 1920 წელს კი საბჭოთა რუსეთში ჩამოვიდა და პროლეტარიატის ბელადს ინტერვიუც ჩამოართვა. 1920 -1932 წლებში ის რაიხსტაგში კომპარტიის წარმომადგენელი იყო. როგორც ცნობილია, ის თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ფაშიზმის ჩამოყალიბებას, ხოლო გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ იძულებული გახდა გერმანია დაეტოვებინა და საბჭოთა კავშირში წასულიყო.

ის 1933 წელს, მოსკოვთან ახლოს გარდაიცვალა.

როზა


როზა ლუქსემბურგი 1871 წელს, პოლონეთში, პოლონურ - ებრაულ ოჯახში, დაიბადა. განათლება ვარშავაში მიიღო.

კლარასგან განსხვავებით, ლუქსემბურგმა სწავლის პერიოდშივე დაიწყო რევოლუციურ მოძრაობებში ჩართვა. ის სოციალ-დემოკრატიული იდეების პოპულარიზაციის გამო სამართალდამცავებს ემალებოდა და 1889 შვეიცარიაშიც გადასახლდა. შეისწავლა მარქსისტული ლიტერატურა და ემიგრაციაში მყოფი პოლონელი პოლიტიკოსების აქციებსაც ესწრებოდა.

1897 წელს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი მოიპოვა. მისი დისერტაცია პოლონეთში კაპიტალიზმის განვითარებას ეხებოდა.
ციურიხის უნივერსიტეტში პირველი დისერტაციის დაცვის შემდეგ, ის უფრო პოპულარული გახდა, ჰქონდა კავშირი იმ პოლიტიკოსებთან რომელთაც შემდეგ შეძლეს და პოლონეთის პოლიტიკური ცხოვრება შეცვალეს. ის პოლონეთში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ - ერთ დამფუძნებლადაც მიიჩნევა.

1890 წელს 19 წლის პოლონელმა ქალბატონმა ლიტველი ემიგრანტი ლეო იოგიხესი გაიცნო. სიმპათიური ახალგაზრდა სოციალიზმის იდეების პროპაგანდას ეწეოდა. თუმცა გოგონა მისი პიროვნებით უფრო იყო დაინტერესებული, მათი რომანი დიდ ხანს არ გაგრძრლებულა... მოგვიანებით ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ ქალბატონს მეგობრის - კლარა ცეტკინის ვაჟი კოსტანტინ ცეტკინი შეუყვარდა. ვაჟი როზაზე 14 წლით უმცროსი იყო.

22 წლის კოსტია როზას გამოსვლებმა მოხიბლა, როზა კი ფიქრობდა, რომ 36 წლის ასაკში ნამდვილი სიყვარული იპოვა. ხუთწლიანი ვნებიანი რომანის შემდეგ კოსტიამ როზასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

ცნობილია, რომ როზასა და კონსტანტინეს სასიყვარულო ურთიერთობის გამო მეგობრებმა ურთიერთობა შეწყვიტეს.

როზა ყველანაირად ცდილობდა საყვარლის შენარჩუნებას, მაგრამ კოსტია მაინც სხვა ქალთან წავიდა. მამაკაცებით იმედგაცრუებულმა როზამ კი მთელი დარჩენილი სიცოცხლე პოლიტიკას მიუძღვნა.

მას შემდეგ, რაც როზა კლარას ვაჟს დაშორდა, ძველმა მეგობრებმა ისევ აღადგინეს ურთიერთობა.

ის რამდენიმეჯერ იყო დაპატიმრებული, მაგრამ ციხეშიც ახერხებდა პროპაგანდას ომის შეწყვეტასა და რევოლუციაზე.

როზა ლუქსემბურგი თავის თანამებრძოლთან, კარლ ლიბკნეხტთან ერთად, 1919 წელს, ბერლინში, ერთ-ერთი ამბოხების დროს მოკლეს.

იხილეთ ფოტოგალერეა


მოამზადა ეკა გადახაბაძემ
გია
17 მარტი 2017 00:45
ეს ინფორმაცია გადასამოწმებელია...ნიუიორკში ნამდვილად სამკერვალოს ქალები გამოვიდნენ?
გიორგი
10 მარტი 2017 11:39
აი ქალები მალადეც
ნინო
09 მარტი 2017 21:32
აი ასეთი ქალები ქმნიდნენ მსოფლიოს უკეთესს და ეწირებოდნენ იდეებს,დიდება მათ ხსოვნას.
mm
09 მარტი 2017 13:42
ნათელი მათ ხსოვნას. მათთან ერთად დასაფასებელია ულრიკე მაინჰოფი და ყველა რევოლუციონერი, ვინც ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის (და არა საკუთარი ცხოვრებისთვის) თავდაუზოგავად იბრძოდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა