"ქალიშვილებს თვეში ერთი - ორჯერ ვნახულობ" - პუტინის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ქალიშვილებს თვეში ერთი - ორჯერ ვნახულობ" - პუტინის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება

ფოტოგალერეა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირადი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რომ გასაიდუმლოებულია და მასზე მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაციები ვრცელდება. ასევე გასაიდუმლოებულია პუტინის ქალიშვილების ცხოვრებაც, თუმცა 2015 წელს სააგენტო "როიტერმა" გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელიც პუტინის ქალიშვილებს ეძღვნება, რომელშიც აღნიშნულია, რომ  პუტინი საჯაროდ ქალიშვილებთან ერთად არასდროს გამოჩენილა.

ვლადიმირ პუტინს ორი ქალიშვილი ჰყავს - მარია და კატერინა. უფროს ქალიშვილს სახელი მამის დედის საპატივცემულოდ დაარქვეს, ხოლო უმცროსს დედის დედის.

"აქამდე არასდროს მინახავს კატიასა და მაშასნაირი ბავშვები, ისინი ისე იქცევიან, თითქოს ძალიან მორცხვები არიან... მაგრამ არავითარ შემთხვევაში! მათ იციან საკუთარი თავის ფასი, ისინი ერთმანეთს აფასებენ და ცდილობენ საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინონ", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მეუღლის ლუდმილა პუტინას გერმანელმა მეგობარმა, ირენა პიტჩმა.

2014 წელს სააგენტო ТАСС-სთან ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქალიშვილები მოსკოვში ცხოვრობენ. "ერთმანეთს სახლში ვხდებით. ქალიშვილებს თვეში ერთი-ორჯერ ვნახულობ. ვფიქრობ, მათთვის უფრო მეტი დრო უნდა გამოვნახო".

(იხილეთ ასევე: /ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე)

მარია პუტინა

მარია 1985 წლის 28 აპრილს, იმჟამინდელ ლენინგრადში დაიბადა. სწავლობდა ჯერ სანკტ-პეტერბურგში, კერძო გერმანულ გიმნაზიაში, მოგვიანებით კი უკვე მოსკოვში, ასევე გერმანულ სკოლაში.

"ისინი აქ ამაყობდნენ არა სწავლაში წარმატებით, არამედ ავტორიტეტული მშობლებით. მაშა ნაკლებად კონტაქტური იყო. მოგვიანებით სკოლიდან გავიდა და სახლში განაგრძო სწავლა, უსაფრთხოების მიზნით. მაგრამ როგორც გავიგე, მას განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა" - განუცხადა გამოცემა Собеседник-ს მარია პუტინას ყოფილმა თანაკლასელმა.

სკოლის შემდეგ, პუტინის უფროსი ქალიშვილი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

"მაშა პუტინას არცერთ ჩვენგანს არ გვინახავს მიუხედავად იმისა, რომ ერთ კურსზე ვიყავით. ლექტორები ამბობდნენ, რომ მას კვირაობით ამეცადინებდნენ. ძირითადად სახლში, ხოლო შაბათ-კვირას პრაქტიკულ ლექციებს უნივერსიტეტში გადიოდა", - წერს გამოცემა მარიას ერთ-ერთ კურსელზე დაყრნდობით.

გათხოვება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარია პუტინა ცოლად გაჰყვა ჰოლანდიელ ბიზნესმენს იორით იოსთ ფასენს. De Telegraaf-ის ცნობით, ფასენი ჰოლადნიელი მხატვრის ოჯახში დაიბადა, ისწავლა არქიტექტურაზე ჰააგის უნივერსიტეტში, შემდეგ კი რუსეთში მოიწყო წარმატებული კარიერა. 2014 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარია პუტინა მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად სამხრეთ ჰოლანდიაში გადავიდა.

2012 წლის 15 აგვისტოს ბულგარულმა ტელეკომპანიამ BTVnews გაავრცელა, რომ მარია პუტინამ შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა.

2016 წლის ზაფხულში ზოგიერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარია პუტინა ავტოავარიაში დაიღუპა, თუმცა ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა.

სამსახური

"როიტერის" ინფორმაციით, მარია პუტინა ბიომედიცინის სფეროში იყო დასაქმებული, ასევე მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინოლოგიურ სამეცნიერო ცენტრში, რომელიც საქველმოქმედო პროგრამას "ალფა-ენდოს" ხელმძღვანელობს და ეხმარება ენდოკრინოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებს.

კატერინა პუტინა

კატერინა პუტინა 1986 წლის 31 აგვისტოს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიბადა. დის მსგავსად ისიც კერძო გინმაზიაში სწავლობდა სანკტ-პეტერბურგში, ხოლო მშობლების მოსკოვში გადასვლის შემდეგ, გერმანულ სკოლაში. ცოტა ხნის შემდეგ, სკოლის ნაცვლად სწავლა სახლში განაგრძო.

"კატია ძალიან ჭკვიანი გოგონაა. როდესაც მათთან სტუმრად ვიყავი, მომიყვა, რომ ძალიან აინტერესებს ჩინეთი. იმ დროს ის უკვე სწავლობდა ჩინურ ენას", - იხსენებს მისი მასწავლებელი ვერა გურევიჩი.

2005 წელს კატერინა პუტინა, დასთან ერთად იწყებს, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლას სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კატერინა იაპონიის ისტორიამ გაიტაცა.

კატერინა პუტინა (ტიხონოვა)

"ხმაური მათ გარშემო არ ყოფილა. კატერინა ყველას ახსოვს, როგორც მშვიდი და მოკრძალებული გოგონა. შესაძლოა გოგონებს დაცვა ჰყავდათ, მაგრამ თვალში არავის ეჩხირებოდნენ. ვიცოდით, რომ კატერინა თვითონ სწავლობდა ჩინურ ენას და ეჭვი არ ეპარებოდა საკუთარ არჩევანში. ფიქრობდნენ, რომ ჩინურს აირჩევდა და ამას გაჰყვებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში იაპონიის ისტორია აირჩია", - განაცხადა გაზეთ Life-თან სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, ივან სტებლინ-კამენსკმა.

"აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი განსაკუთრებული სამყაროა, სადაც ენთუზიაზმით სავსე ადამიანები სწვალობენ, მაგრამ ის, რომ ჩვენთან სწავლობდა კატერინა პუტინა, არც ისე შესამჩნევი იყო - ის არ გვინახავს. პუტინას ინდივიდუალური გეგმა ჰქონდა, ხოლო ლექტორები მასთან სახლში მიდიოდნენ", - იხსენებს კატერინას კურსელი.

"ქორწილი კორეელთან"

2010 წლის ოქტომბერში გაზეთმა Korea JoongAng Daily დაწერა, რომ კატერინა პუტინა ცოლად მიყვებოდა რუსეთში სამხრეთ კორეის საელჩოს ყოფილი თანამშრომლის ვაჟს. ინფორმაცია სიძის მამამ, კორეელმა ადმირალმა ენ იონგ გუმ დაადასტურა.

გაზეთმა რომანის დეტალებიც გაავრცელა: ეკატერინა პუტინამ და მისმა საქმრომ ერთმანეთი 1997 წელს მოსკოვში საერთაშორისო სკოლაში გაიცნეს. ურთიერთობა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც სიძის მამამ რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა, ხოლო 2002 წელს, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს კატია თავის შეყვარებულს კორეაში ესტუმრა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იმ პერიოდში წყვილი აშშ-ში სწავლობდა და უახლოეს პერიოდში ნიშნობის გამოცხადებას აპირებდა.

მოგვიანებით, გამოცემასთან წყვილის ქორწილის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარყო. ამის შემდეგ, სავარაუდო სასიძომ განაცხადა, რომ კატერინა პუტინასთან უბრალო ნაცნობობა აკავშირებდა.

"კატიას 10 წელია ვიცნობ, მაგრამ ქორწინების გეგმები არ მაქვს. მე მხოლოდ 26 წლის ვარ, ამიტომ ქორწინებაზე ფიქრი ნაადრევია, გავრცელებული ინფორმაციები კი არასწორია", - განაცხადა მან.

კატერინა ტიხონოვას სამსახური

2015 წლის იანვარში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვას სახელით და გვარით, "ნაციონალური ინტელექტურული განვითარების" ფონდს უხელმძღვანელებდა.

"ის არ იყო ფორმალური ხელმძღვანელი, ამბობდნენ, რომ პუტინი იძულებული გახდა თავისი ქალიშვილის ჩაერთო ამ პროექტში, რადგან ვერ ნახა ისეთი ადამიანი, რომელსაც ენდობოდა", - წერდა ჟურნალისტი ოლეგ კაშინა.

2015 წლის ნოემბერში "გაზპრომბანკის" დირექტორთა საბჭოს უფროსის მოადგილემ, ანდრეი აკიმოვმა "როიტერს" განუცხადა, რომ კატერინა ტიხონოვა ვლადიმირ პუტინის ქალიშვილია.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, კატერინა ტიხონოვა უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მუშაობს. ასევე, ტიხონოვა არის არაკომერციული ფონდის "ნაციონალური ინტელექტულური განვითარების" და "ნაციონალური ინტელექტუალური რეზერვის ცენტრის" დირექტორი.

ამას გარდა, კატერინა ტიხონოვა დაინეტრესბეულია აკრობატული როკ - ენ - როლით და შეიცარიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილიც დაიკავა.

პირადი ცხოვრება

"როიტერის" ინფორმაციით, 2015 წელს 29 წლის კატერინა ტიხონოვამ საკუთარი თავი წარადგინა, როგორც კირილ შამალოვის მეუღლედ, რომელიც ნიკოლაი შამალოვის ვაჟია, ის კი პუტინის დიდი ხნის მეგობარია და ბანკ "რუსეთის" აქციონერია (რომელსაც, "რუსული ელიტის პირად ბანკად" მოიხსენიებენ). "როიტერის" ცნობითვე, ტიხონოვას და შამალოვის ქორწილი 2013 წლის თებერვალში სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, სათხილამურო კურორტზე გაიმართა. წყვილის პირადი კაპიტალი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო