ბიტკოინი - მომავლის ფული
28-03-2017
ბიტკოინი - მომავლის ფული
როდის დამკვიდრდება ელექტრონული ვალუტა საქართველოში?

ბლოკჩეინი და ბიტკოინი - თანამედროვე ტექნოლოგიებში ეს ორი ახალი სისტემა, ფაქტობრივად, ისტორიულ გარდატეხად ითვლება.
წარმოიდგინეთ ციფრული მონაცემების უზარმაზარი საცავი, რომლის წაკითხვაც თითოეულ მსურველს შეუძლია, ვისაც ინტერნეტი აქვს და თანაც ისე, რომ ინფორმაციის საცავს ერთი კონკრეტული მფლობელი, განმკარგავი კომპანია ან სახელმწიფო სტრუქტურა არ ჰყავს. საცავი, მსოფლიო მასშტაბით, ათი ათასამდე კომპიუტერული ქსელისგან შედგება, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითია. თავად უნდა გადაწყვიტოთ, ჩაერთოთ სისტემაში და თქვენი კომპიუტერის მოხმარების სანაცვლოდ, ანაზღაურებაც
კი მიიღოთ.

ქსელის გატეხა, ან ე.წ. გაჰაკვა, შეუძლებელია და ეს NASA-ს სპეციალისტებმაც კი ვერ მოახერხეს. სწორედ ამ სისტემას ეწოდება ბლოკჩეინი და ის მსოფლიომ ჩანაწერების შენახვის ყველაზე მნიშვნელოვან და დეტალურ მეთოდად აღიარა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტექნოლოგიური გარღვევა ციფრული ფულის სისტემასთან - ბიტკოინთანაა დაკავშირებული.

რა არის ბიტკოინი?
უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს შორის ბიტკოინის ინდუსტრია სულ უფრო აქტუალური თემა ხდება, მეტიც, ბიტკოინი დავოსში, 2015 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. მას მიუძღვნეს სპეციალური სესია, რომელშიც მონაწილეობდნენ ფინანსების სფეროს, ციფრული ინდუსტრიისა და აკადემიური წრეების მსოფლიო დონის წარმომადგენლები.

განხილვებისას ბიტკოინი დასახელდა როგორც ყველაზე ძლიერი პოტენციალის მქონე სისტემა.
მეტიც, ბიტკოინს ბევრი ინტერნეტსაც კი ადარებს, როდესაც წლების წინ, მართალია, ბევრი აღიარებდა ინტერნეტის ინოვაციურობას, თუმცა მხოლოდ ერთეულებს თუ შეეძლოთ მისი რეალური პოტენციალის შეფასება, დღეს კი, ფაქტია, ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელიც კი გახდა.

ბიტკოინი ციფრული ვალუტის სახეობაა, რომელიც ელექტრონულად იქმნება და ელექტრონულად ინახება. ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომლებსაც ბეჭდავენ, ბიტკოინს აწარმოებენ ფიზიკური პირები ან ბიზნესები სპეციალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რომლებიც, თავის მხრივ, მათემატიკური ამოცანების/ალგორითმების ამოსახსნელად შეიქმნა.

ბიტკოინის პროტოკოლი 2008 წელს კომპიუტერული პროგრამების დეველოპერმა სატოში ნაკამოტომ შექმნა. ეს არის მათემატიკურ ალგორითმებზე დაფუძნებული ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა. მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისეთი ვალუტის შექმნა, რომელიც იქნებოდა:
  1. აბსოლუტურად დამოუკიდებელი ნებისმიერი ცენტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტისგან;
  2. ელექტრონულად გაგზავნადი წამიერი სისწრაფის ტრანზაქციებით;
  3. ძალიან დაბალი საკომისიო მოსაკრებლით. მიზანი მიღწეულია - ბიტკოინით, მსგავსად ტრადიციული ვალუტებისა (დოლარი, ევრო, იენი და ა.შ.) შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის თუ სერვისის ელექტრონულად შესყიდვა.

უკვე საკმაოდ მრავალრიცხოვანია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც ბიტკოინს ანგარიშსწორების ლეგალურ ერთეულად მიიჩნევენ და იზრდება კომპანიების რიცხვიც, რომლებიც მომხმარებლებს ბიტკოინით გადახდის საშუალებას აძლევენ.
ალბათ, ვერავინ დაიჯერებდა, რომ ამ სფეროში მოღვაწე ერთი ცალკეული კომპანიის კაპიტალიზაცია რომელიმე წამყვანი ქვეყნის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციას გაუტოლდებოდა. მხედველობაში მაქვს კომპანია "გუგლი" და რუსეთის ფედერაციის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია.

  • ცნობისთვის: 2017 წლის მარტის დასაწყისში, პირველად ისტორიაში ბიტკოინის კურსმა ოქროს ფასს გადააჭარბა. Coindesk-ის ინფორმაციით, ბიტკოინის ფასმა 1 265 დოლარს მიაღწია. „ბლუმბერგის“ მონაცემებით კი, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი უნცია ოქრო 1 233 დოლარი ღირს. ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს 2013 წლის 29 ნოემბერს მიაღწია, როცა მისი ფასი 1242 დოლარამდე გაიზარდა.

ბლოკჩეინსა და ბიტკოინს უკვე საქართველოშიც კარგად იცნობენ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მზადაა დაინტერესებულ სტუდენტებს მსოფლიო ინოვაცია სრულყოფილად გააცნოს. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" BTU-ს რექტორი მიხეილ ბატიაშვილი საუბრობს:

- დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებში ბლოკჩეინი და ბიტკოინი ყველაზე ინოვაციურ სისტემადაა აღიარებული, რადგან ვირტუალური ფინანსების გარდა, ამ შემთხვევაში ინფორმაციის შენახვის წარმოუდგენელი მასშტაბის პროგრამასთან გვაქვს საქმე, რომლის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობაც გარანტირებულია. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ზესახელმწიფოებთან ერთად, რომელმაც ბლოკჩეინისა და ბიტკოინის მნიშვნელობა თავიდანვე გააანალიზა და ორივე სისტემის უდიდესი პერსპექტივა გააცნობიერა. დღეს ნებისმიერი კვალიფიციური პროგრამისტი სრული თავდაჯერებით გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში ტრანზაქციების უმრავლესობა სწორედ ვირტუალურად, ბიტკოინების საშუალებით მოხდება.

შესაბამისად, არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში წარმოუდგენელი მასშტაბის მოთხოვნა გაჩნდა ამ ორი კონკრეტული მიმართულების სპეციალისტებზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ინოვაციური სისტემის შესწავლის შესაძლებლობა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც მიგვეცა. უკვე მოვიწვიეთ სპეციალისტები, მათ შორის, ქართველები, რომლებსაც ანალოგიურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

პარალელურად, ვთანამშრომლობთ დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, რომ სწავლების პროგრამა მაქსიმალურად სრულყოფილი გავხადოთ. დავასრულეთ ლაბორატორიის მშენებლობაც, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. ჩვენი მიზანია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მივცეთ. ამიტომ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა არა მხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, სხვებსაც შეეძლებათ. ვიმეორებ, ნებისმიერ მსურველს გადავამზადებთ, რათა რაც შეიძლება ბევრი სპეციალისტი გავზარდოთ. რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში ბლოკჩეინისა და ბიტკოინის შესახებ პრეზენტაციაც გავმართეთ და მიხარია, რომ ინოვაციურმა სისტემამ ახალგაზრდების საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.


რუსუდან შელია
Levani
01 ივლისი 2017 11:43
Es ra moigones Dadga msoflios agsasruli
butuna
11 აპრილი 2017 18:09
ეგარის ბოლო ჯამი და კვეკნიერების დასასრული
კოსტა
03 აპრილი 2017 10:16
გვერხევა და აზრზე არა ვართ!!! დიახ, დაცული იქნება ჰაკერებისაგან, მაგრამ ვინც აკონტროლებს ის იქნება მბრძანებელი, მაგრამ თუ მის ბრძანებას არ შეასრულებ! ასე ნანატრად დაგროვილი 100000 ბიტკოინი, ,,მბრძანებლის" სურვილით 0 ბიტკოინად გადაიქცევა და მერე წადი ჭამე ბალახი და მიწა!

რედაქტორის რჩევით