"მე მის თვალებში საკუთარი ანარეკლი შემიყვარდა" - ცოლები, რომელთაც ქმრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს - კვირის პალიტრა

"მე მის თვალებში საკუთარი ანარეკლი შემიყვარდა" - ცოლები, რომელთაც ქმრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს

როგორც ამბობენ, ყოველი ძლიერი მამაკაცის უკან ჭკვიანი ქალი დგას. ვინ იცის რა ბედი ეწეოდა ჩვენთვის ცნობილ და საყვარელ პოეტებს, მუსიკოსებსა თუ მხატვრებს, მათ გვერდით კარგი მეუღლეები რომ არ ყოფილიყვნენ. გთავაზობთ ქალბატონთა ისტორიებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით მეორე ნახევრების წარმატებაში.

მერსედეს ბარჩა პარდო

მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი გაბრიელ გარსია მარკესი მომავალ მეუღლეს საცეკვაო მოედანზე შეხვდა, მაშინ გოგონა 13 წლის იყო. გაბრიელმა მერსედესს ცოლობა მაშინვე სთხოვა, ისიც დათანხმდა თუმცა მათი ქორწილი მხოლოდ 13 წლის შემდეგ შედგა.

გოგონას მუდამ სწამდა, რომ მისი მეუღლე გენიოსი იყო. მერსედესი მარკესის გვერდით იყო, როცა ის "მარტოობის ას წელიწადზე" მუშაობდა. ამბობენ, როდესაც გაბრიელმა წიგნზე მუშაობა დაასრულა, იმის ფულიც კი არ ჰქონდა ხელნაწერი რედაქციაში გაეგზავნა. მეუღლეზე უგონოდ შეყვარებულმა მერსედესმა კი მისთვის ყველაზე საჭირო ნივთები: თმის ფენი და სამზარეულოს მიქსერი გაყიდა, რათა გაბრიელს წიგნი რედაქციაში გაეგზავნა. ძალიან მალე წიგნმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, გაბრიელმა კი სოლიდური ჰონორარიც მიიღო. რაც მთავარია გაბრიელ გარსია მარკესმა ამ წიგნის დაწერის შემდეგ ნობელის პრემია მიიღო.

იოკო ონო

"ბითლზების" მსმენელები მას ხშირად ჯგუფის დაშლაშიც ადანაშაულებენ. თუმცა, როგორც მელომანები ამბობენ, ჯგუფის დაშლის წინაპირობა იოკოსა და ლენონის შეხვედრამდე არსებობდა.

იოკომ ლენონს ახალი სამყარო გააცნო, რომელიც სავსე იყო ავანგარდული მხატვრობით, ლიტერატურით და ექსტრავაგანტული პერფომანსებით. სწორედ იოკოს დამსახურებად მიიჩნევენ ლენონის პირველ სოლო ალბომსაც. ალბომის ერთ-ერთი სიმღერა Imagine კი მსოფლიო ჰიტად იქცა. ლეგენდარული მომღერალი ხშირად გამოხატავდა სიყვარულს იოკოს მიმართ და ამბობდა, რომ ორ სხეულში ერთი სულია.

ჯულიეტა მაზინა

რეჟისორ ფედერიკო ფელინისა და მსახიობ ჯულიეტა მაზინას ქორწინება 50 წელს გაგრძელდა. ისინი განსხვავებული ხასიათის იყვნენ, ფედერიკოს ქალბატონების ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდა, ჯულიეტა კი მშვიდი, მოკრძალებული ქალბატონი იყო, რომელსაც ოჯახის სიწმინდე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნდა. განსხვავებების მიუხედავად გენიალური რეჟისორი და მსახიობი ქალბატონი უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, მათი განშორება ერთ თვეზე მეტი არასდროს გაგრძელებულა. "მე მის თვალებში საკუთარი ანარეკლი შემიყვარდა", - გაიხსენა ჯულიეტასთან შეხვედრიდან წლების მერე ფელინიმ.

ამბობენ, რომ თუ ჯულიეტა ფილმის გადაღებებს არ ესწრებოდა, გაღიზიანებული ფელინი გადასაღებ მოედანზე საშინელ სკანდალებს აწყობდა. გამუდმებით სახლში რეკავდა და საყვარელ ქალს უამრავ წვრილმანს ეკითხებოდა. ჯულიეტა უკეთებდა რედაქტირებას სცენარს, ის არჩევდა მსახიობებს და გამოთქვამდა აზრს სხვადასხვა სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯულიეტას რამდენიმე ფილმმა წარმატება მოუტანა, მან უარი თქვა სამსახიობო კარიერაზე და მთელი ცხოვრება ფედერიკოს მიუძღვნა.

სოფია ანდრეევნა

სოფია ანდრეევნას ლევ ტოლსტოი ხშირად მფარველ ანგელოზსაც ეძახდა. ის მწერლის გვერდით 48 წელი იყო. მეუღლეზე შეყვარებული ქალბატონი დამხმარის როლსაც ითავსებდა, როგორც ცნობილია, მან "ომი და მშვიდობა" 7-ჯერ გადაწერა. ის იყო მწერლის მენეჯერიც, საყვარელი ქალიც, გამომცემელიც, ხოლო ტოლსტოის გარდაცვალების შემდეგ მისი კულტურული მემკვიდრეობის მფარველიც. არისტოკრატი ქალი მოთმინებით იტანდა გენიოსი მეუღლის ახირებებს და იცავდა თაყვანისმცემლებისგან, რომლებიც მწერლის გასაცნობად მათთან სახლში ხშირად მოდიოდნენ.

სოფია ანდრეევნა აღიარებდა, რომ ცხოვრობდა გენიოსთან ერთ ჭერქვეშ. "ორმოცდარვა წელი ვიცხოვრე ლევ ტოლსტოისთან, - ამბობდა ის ქმრის გარდაცვალების შემდეგ, - და მაინც ვერ გავიგე, როგორი კაცი იყო იგი!".

უნა ო'ნილი

54 წლის მსოფლიო ვარსკვლავი ჩარლი ჩაპლინი და 17 წლის ლამაზი დამწყები მსახიობი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, ფილმის რეჟისორი კი თავად ჩაპლინი გახლდათ.

ჩარლი ჩაპლინს ქალების მუსუსს ეძახდნენ. მას უნას გაცნობამდე სამი ცოლი ჰყავდა. მალევე ხვდებოდა, რომ არც ერთი ქალი არ იყო მისი შესაფერისი და გამუდმებით ბედნიერებას ეძებდა. უნასთან ურთიერთობა კი განსაკუთრებული აღმოჩნდა. ასაკში დიდი სხვაობის მიუხედავად, მათი ქორწინება 34 წელი გაგრძელდა.

როგორც ცნობილია, გოგონამ ის პირველ შეხვედრაზე ვერ იცნო. არც იყო გასაკვირი. მუდამ მაწანწალად გადაცმული მსახიობის მიღმა ძნელი ამოსაცნობი იყო სიმპათიური, ცისფერთვალება მამაკაცი. ჩარლი გააოცა უნას სილამაზემ, განათლებამ და ხასიათის სიმტკიცემ.

"რაც მეტად ვეცნობოდი, მით უფრო მომწონდა მისი მოთმინება, იუმორი, სხვისი აზრის პატივისცემა. ისე შემიყვარდა, როგორც პატარა ბიჭს შეუძლია თავდავიწყებით შეყვარება, მაგრამ მეშინოდა იმ ასაკობრივი სხვაობის, ჩვენ შორის რომ იყო. მამამისი ხომ სულ ერთი წლით გახლდათ ჩემზე უფროსი. ეს შიში თავად უნამ დამაძლევინა. მან კარგად იცოდა, რა უნდოდა… და ჩვენ გადავწყვიტეთ ფილმის დასრულებისთანავე დავქორწინებულიყავით", - წერდა ჩაპლინი.

მათ 8 შვილი შეეძინათ. უფროსი ქალიშვილი ჯერალდინა შემდეგ ცნობილი მსახიობი გახდა. უნამ ოჯახის გამო უარი თქვა კარიერაზე, ის მუდამ მეუღლის გვერდით იყო და ეხმარებოდა.

კლემენტინა ჩერჩილი

მშფოთვარე პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილი საყვარელი კლემენტინას გვერდით უწყინარ და მშვიდ ახალგაზრდად გარდაიქმნებოდა ხოლმე. როგორც პოლიტიკოსი ამბობდა, კლემენტინა მისი საუკეთესო მეგობარი და თანამებრძოლი იყო.

კლემენტინა არ ჰგავდა სხვა მაღალჩინოსნების ცოლებს, ის გამჭრიახი გონებითა და მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა, არც მეუღლის ჩრდილში ყოფნა უყვარდა. როგორც ამბობენ, მათ სყვარულის ახალი ფორმულა მოიგონეს.

ერთმანეთს წერილებითაც მიმართავდნენ და ასე უხსნიდნენ სიყვარულს. ხშირად იმასაც ამბობდნენ, რომ კლემენტინამ ამოხსნა ამოცანა, თუ როგორო არ უნდა მოსწყინდეს კაცს ქალთან ურთიერთობა 57 წლის განმავლობაში.

გალა

ელენა დიაკონოვა, რომელიც მსოფლიოსთვის გალას სახელითაა ცნობილი, პირველი იყო, რომელმაც ესპანელი მხატვრის გენიალური ნიჭი შეამჩნია. როგორც ამბობენ, გალას გაცნობის პერიოდში სალვადორ დალი საკუთარ პრობლემებს ებრძოდა. ის გაგიჟების ზღვარზეც კი იყო.

დროთა განმავლობაში გალა გახდა მისი მუზა, მოდელი, დედა და მენეჯერიც. სწორედ გალას ხელმძღვანელობით იმართებოდა გენიალური სიურეალისტის გამოფენები.

საყვარელი ქალის გვერდით დალიმ მოახერხა და დაძლია პრობლემები. ნახატებზე კი სახელს ასე აწერდა: "გალა-სალვადორ დალი" და ამბობდა, რომ სწორედ მისი წყალობით მიაღწია წარმატებას.

"გალა მამაზე, დედაზე, პიკასოზე და ფულზე მეტადაც კი მიყვარს. მადლობა შენ, გალა!", - ხშირად ამბობდა მხატვარი.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ