"შიშველი მახა" - დაუმარცხებელი სიყვარულის ლეგენდა - კვირის პალიტრა

"შიშველი მახა" - დაუმარცხებელი სიყვარულის ლეგენდა

მთელი ესპანეთი დარწმუნებული იყო, რომ გოიას ბრწყინვალე ნახატების სერიის - "შიშველი მახას" მენატურე თავად ალბას ჰერცოგის მეუღლე, ულამაზესი მარია-ტერესა გახლდათ

1808 წელს ესპანეთში შეჭრილი ნაპოლეონის არმიის მაროდიორმა ჯარისკაცებმა უმდიდრესი არისტოკრატის - ჰერცოგ ალბათა სახლის რიგით მე-13 ჰერცოგის, დონ ხოსე ალვარეს დე ტოლედოს გარდაცვლილი მეუღლის, მარია ტერესას საფლავი გახსნეს და ღირებული რომ ვერაფერი მოიხელთეს, ნეშტი მოისროლეს, ძვლები მიმოფანტეს...

მთელი ესპანეთი დარწმუნებული იყო, რომ სამეფო აკადემიის ფერწერის განყოფილების დირექტორის, უკვე აღიარებული დიდი მხატვრის - ფრანცისკო ხოსე დე გოია-ი-ლუსიენტესის ბრწყინვალე ნახატების სერიის "შიშველი მახას" მენატურე თავად ალბას ჰერცოგის მეუღლე, ულამაზესი მარია-ტერესა გახლდათ. ყველამ იცოდა, რომ ეს მაღალი გემოვნებისა და უზადო სილამაზის ქალი და მისი მეუღლე მფარველობდნენ გოიას. თავიანთ მადრიდულ სასახლეში მათ მხატვარს სახელოსნოც კი მოუწყვეს.

ქვეყანაში ვერავის ნახავდით, რომ ალბას ჰერცოგის მეუღლისა და გამოჩენილი მხატვრის მხურვალე ტრფობის ლეგენდაში ეჭვი შეეტანა. მით უმეტეს, ამბავს რომანტიკას ისიც მატებდა, რომ მარია-ტერესა უაღრესად განათლებული ქალი იყო, ხოლო გოიამ, რომელიც ჩრდილო ესპანეთში, არაგონში, მიკარგულ მთის სოფელში ხელმოკლე ხელოსნის ოჯახში დაიბადა, განათლების სიმწირის გამო გამართულად წერაც კი ვერ ისწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

KvirisPalitra.Geამ სიყვარულის ყველას სჯეროდა, ჰერცოგ ალბას მკაცრ შთამომავალთა გარდა. მემკვიდრეები დაუღალავად ებრძოდნენ ჰერცოგის მეუღლის მიჯნურობის ლეგენდას მთელი ორსაუკუნე-ნახევრის მანძილზე - მას შემდეგაც, რაც ამ რომანტიკული ტრფობის ისტორია ესპანეთს გასცდა და მსოფლიოს საკუთრება გახდა.

XX საუკუნეში ალბების საგვარეულომ "საძულველი" ლეგენდის "საბოლოოდ დასასამარებლად" მარია-ტერესას საფლავი ექსპერტიზის ჩასატარებლად გახსნა, სურდათ გაეზომათ ძვლების სიგრძე და დაემტკიცებინათ, რომ ისინი არ შეესაბამებოდა "შიშველი მახას" პროპორციებს... მაგრამ ნაპოლეონის ჯარისკაცების მაროდიორობის შემდეგ ძვლები ისე არეულიყო, რომ ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი გახდა და სიყვარულის ლეგენდამ საბოლოოდ გაიმარჯვა.

უდიდესი ესპანელი მხატვარი და ნოვატორი ფრანსისკო გოია 1746 წლის 30 მარტს დაიბადა სოფელ ფუენდეტოდოსში. მამა - ხოსე გოია ოქროთი მოვარაყების ოსტატი იყო, დედა კი გაღარიბებული არისტოკრატიის წარმომადგენელი. გოიას უფროსი ძმა - კამილო მოძღვარი გახდა, შუათანა თომასი კი მამის კვალს გაჰყვა. ნაბოლარა ფრანსისკო 13 წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად სარაგოსაში გადავიდა, სადაც იგი მხატვარ ლუსან-ი-მარტინესის სახელოსნოში მიაბარეს.

3-წლიანი სწავლის შემდეგ კი პირველი შეკვეთაც მიიღო - მშობლიური სოფლის ეკლესია მოხატა. 19 წლის გოიამ ნატიფი ხელოვნების სან-ფერნანდოს სამეფო აკადემიაში სცადა ჩაბარება, მაგრამ ნახატი დაუწუნეს. მაშინ იტალიაში წავიდა, პარმის სამხატვრო აკადემიის მეორე პრემია მიიღო და სარაგოსაში დაბრუნდა. ლუსან-ი-მარტინესმა კი თავისი შეგირდი სან-ფერნანდოს სამეფო აკადემიის წევრს, სასახლისა და მეფე კარლოს III-ს პირად მხატვარ ფრანსისკო ბაიეუს წარუდგინა. სწორედ ამ უკანასკნელის პროტექციით მიიღო გოიამ სამეფო მანუფაქტურის შპალერის დასურათების შეკვეთა.

გოია ბაიეუს ჩაესიძა კიდეც - მისი და ხოსეფა შეირთო ცოლად და მადრიდში გადაბარგდა.

სამეფო შპალერისთვის მუყაოზე შექმნილმა 45-მა ნახატმა გოიას პოპულარობა მოუტანა. 1780 წელს სასახლეშიც დაუშვეს - დახატა მეფის პორტრეტი და ჯვარცმა აკადემიურ სტილში. სამეფო  აკადემიაშიც მიიღეს. 1786 წელს გოია აკადემიის ვიცე-დირექტორი ხდება, ხოლო კარლოს III III-ს გარდაცვალების შემდეგ, ახალი მეფის, კარლოს  IV-ს სასახლის მხატვარი.

ჰერცოგ ალბას მეუღლეს მხატვარი პირველად 1791 წელს შეხვდა და ქალი მისი მუზა და მფარველი გახდა. გოია მას გაუთავებლად ხატავდა, ქალაქგარე სასახლე ფრესკებით მოუხატა. 1792 წელს კი მეგობრის სანახავად ქალაქ კადისში ჩასულ მხატვარს მძიმე სნეულება შეეყარა. გოია ძლივს გადარჩა, მაგრამ ორწლიანი ავადმყოფობის შემდეგ ნაწილობრივ სმენა და მხედველობა დაკარგა.

1795 წელს, ცოლისძმის გარდაცვალების შემდეგ, გოია სამეფო აკადემიის ფერწერის განყოფილების დირექტორი გახდა. ამ პერიოდიდან იღებს სათავეს მისი შედარებით თავისუფალი დამოკიდებულება ხატვისა და გრავიურის ტექნიკის მიმართ, დაინტერესდა ასევე ოფორტით. გროტესკისა და რეალობის ახლებური მხატვრული ხედვით შექმნილმა 80 ოფორტისგან შემდგარმა სერიამ - "კაპრიჩოს" ქვეყანა განაცვიფრა მწვავე სოციალური სატირით. ამავე წლებში მოხატა მადრიდის ეკლესია სან-ანტონიო დე ლა ფლორიდა (1798), რელიგიურ სცენაში ათასამდე პერსონაჟია გამოსახული. შექმნა პორტრეტების მთელი სერია. მათ შორის ჰერცოგის მეუღლის პორტრეტებიც.

1808 წელს ესპანეთი ნაპოლეონმა დაიპყრო - კარლოს  IV-ს ქვეყანა აუჯანყდა და მან ტახტი შვილს, ფერდინანდ VIIII-ს დაუთმო, რომელიც ნაპოლეონმა საფრანგეთში შეიტყუა და დაატყვევა. გოია აჯანყებისა და რეპრესიების მოწმე გახდა, რაც მის ტილოებზე აისახა (მათგან ყველაზე ცნობილია "მადრიდელ მეამბოხეთა დახვრეტა 1808 წლის 3 მაისის ღამით", 1814). ამავე პერიოდში ქმნის ოფორტების სერიას "ომის უბედურებანი". ესპანეთის ტახტზე ფერდინანდის დაბრუნების შემდეგ გოია მადრიდის გარეუბანში დასახლდა, სადაც თავის საცხოვრისს "ყრუს სახლი" უწოდა და კედლები შემაძრწუნებელი სურათებით მოხატა. 1824 წელს კი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო მხატვარი სამუდამოდ საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში დასახლდა. აქვე გარდაიცვალა 82 წლისა. 1828 წლის 16 აპრილს დიდი მხატვარი მადრიდის სან-ანტონიო დე ლა ფლორიდას ეკლესიაში დაკრძალეს.