6 აგვისტოს კარგი ამინდი გამოვიდა... და ბირთვული დარტყმის ბრძანებაც გაიცა - წლების განმავლობაში აკრძალული ფოტოები - კვირის პალიტრა

6 აგვისტოს კარგი ამინდი გამოვიდა... და ბირთვული დარტყმის ბრძანებაც გაიცა - წლების განმავლობაში აკრძალული ფოტოები

ფოტოგალერეა

1945 წლის 6 და 9 აგვისტოს აშშ-მა იაპონის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენა. 1945 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ჰიროსიმაში ბირთვული ბომბი სახელად "ბიჭუნა" ("Little Boy"),  სამი დღის შემდეგ კი  მეორე ბომბი სახელად "მსუქანა" ("Fat Man") ნაგასაკში ჩამოაგდეს.

მსოფლიო ისტორიაში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ომში ბირთვული იარაღი გამოიყენეს. ორ იაპონურ ქალაქში ბომის ჩამოგდებას მასობრივი განადგურება მოჰყვა, სხვადასხვა შეფასებით დაიღუპა 150-დან -  246 ათასამდე ადამიანი.

პირველი ატომური ბომბები "მანჰეტენის პროექტის" ფარგლებში დიდი ბრიტანეთისა და კანადის დახმარებით შეიქმნა. თავდაპირველად პროექტი ამერიკელი და ევროპიდან გაქცეული ცნობილი მეცნიერების ინიციატივით დაიწყეს, რომელთა შორის იყო ალბერტ აინშტაინიც.

მნივნელოვანია, რომ ამერიკელების მთავარი სამიზნე ჰიროსიმა, ხოლო სათადარიგო სამიზნეები კოკურა და ნაგასაკი იყო. დაბომბვის თარიღი - 6 აგვისტო იმიტომ აარჩიეს, რომ წინა დღეებში სამიზნე ქალაქში ღრუბლიანი ამინდები იყო, რაც თვითმფრინავებს ხედვაში ხელს უშლიდა. 6 აგვისტოს კარგი ამინდი გამოვიდა. საზღვაო კაპიტანმა უილიამ პარსონსმა დეტონატორები აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩართო... შეტევა ისე განახორციელეს, როგორც დაიგეგმა. ურანის ბომბმა ქალაქი გაანადგურა.

დაბომბვამდე ერთი საათით ადრე, იაპონელთა ადრეული აღმოჩენის რადარების ქსელმა ამერიკული თვითმფრინავების ჯგუფი დააფიქსირა, რომელიც იაპონიის სამხრეთს უახლოვდებოდა. გამოცხადდა განგაში და რადიომაუწყებლობა იაპონიის ბევრ ქალაქში შეჩერდა.

მზვერავმა თვითმფრინავმა, რომელსაც მაიორი კლოდ იზერლი მეთაურობდა, ჰიროსიმას მიაღწია და კარგი ამინდის გამო ეთერში რვა ნიშანი -Y2, Q2, B2, C1 გაგზავნა, რაც ნიშნავდა - "ხედვა კარგია, რეკომენდაციას ვიძლევი დაიბომბოს პირველადი მიზანი". შედეგად "ენოლა გეიმ" კურსი ჰიროსიმისაკენ აიღო.

რაც შეხება ქალაქ ნაგასაკს, ის სამხრეთ იაპონიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო ნავსადგური იყო. მას ომის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ქალაქში აშენებული სამრეწველო ქარხნები საზღვაო ხომალდებს, არტილერიულ დანადგარებს და მრავალი სახის სამხედრო დანიშნულების საქონელს უშვებდა.

9 აგვისტოს, 11 საათისათვის ღრუბლები ნაგასაკის თავზე გაიფანტა, რამაც მისი ბედი გადაწყვიტა. ატომური ბომბი სახელად "მსუქანა" რომელიც 6,4 კგ პლუტონიუმ-239 შეიცავდა, ქალაქის ინდუსტრიული ნაწილში ჩამოაგდეს. ის 43 წამის შემდეგ მიწის ზედაპირიდან 469 მეტრის სიმაღლეზე, მიცუბიშის ფოლადსადნობი ქარხნის და მიცუბიში-ურაკამის საარტილერიო ქარხნის შორის, შუა გზაზე აფეთქდა. აფეთქების სიმძლავრე 21 კილოტონის ექვივალენტური, აფეთქების შედეგად წარმოშობილი დარტყმითი ტალღის სიჩქარე კი საათში 624 მილი  იყო.

იაპონელებმა ნაგასაკი დაბომბვის შემდეგ დაახასიათეს, როგორც "სასაფლაო ძეგლის გარეშე". ზოგიერთი შეფასების თანახმად, ნაგასაკის 240 000 მაცხოვრებლიდან 70 000 ადამიანი მაშინვე დაიღუპა, ხოლო 60 000 ადამიანმა სხვადასხვა სახის დამწვრობები და ჭრილობები მიიღო.

გთავაზობთ ფოტოგალერეას ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული იარაღით დაბომბვაზე, ფოტოებზე აღბეჭდილია თუ როგორ ემზადებოდნენ ამერიკელი სამხდროები ქალაქების დასაბომბად და როგორ ამზადებდნენ ბომბს. ფოტოები National Archives- ში ინახებოდა და მათი საზოგადოებისთვის ჩვენება დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ