"მოულოდნელად მედეამ შეიტყო, რომ შვილმა როლიდან მოხსნა..." - კვირის პალიტრა

"მოულოდნელად მედეამ შეიტყო, რომ შვილმა როლიდან მოხსნა..."

ფოტოგალერეა

თეატრი უფრო უყვარდა, მაგრამ კინომ დიდი სიხარული და პოპულარობა მოუტანა. არადა, მხოლოდ 16 ფილმში გადაიღეს. ბოლო ფილმი 2005 წელს იყო. მისი კინოროლებია: ჟუჟუნა ("ბედნიერი შეხვედრა")," ცქრიალა ("ჭრიჭინა"), მელანო ("ბაში-აჩუკი"), მეეზოვე ქალი ("მანანა"), მეფოლადის ცოლი ("დღე უკანასკნელი, დღე პირველი"), ნინო ("ნინო"), თამრო ("გლახის ნაამბობი"), ქეთო ("თხუნელა"), სოფიო ("მხიარული რომანი") და სხვ.

ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ჩახავა 1921 წლის 15 მაისს მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში დაიბადა. გოგონას ცეკვა უყვარდა. 14 წლის იყო, როცა მამამისი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლენინგრადში გაგზავნეს, ოჯახთან ერთად. პატარა მედიკო ნევისპირა ქალაქის ერთ-ერთ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. 1936 წელს, როცა ჩახავების ოჯახი თბილისში გადმოსახლდა, მომავალი მსახიობი სუხიშვილების ახალგახსნილ ჯგუფშიც ცეკვავდა. 1938 წელს, მამის რჩევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, მაგრამ როგორც კი შეიტყო თეატრალური ინსტიტუტის დაარსება, ისევ მამა დაეხმარა, რომლის თანაკურსელიც იყო აკაკი ხორავა, და, იმის მიუხედავად, რომ გამოცდები დამთავრებული იყო, მის მოსასმენად კომისია შეიკრიბა: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, დოდო ალექსიძე, მალიკო მრევლიშვილი და გიორგი ტოვსტონოგოვი. მოუსმინეს მედეა ჩახავას, რომელსაც ორჯერ ერთსა და იმავე ადგილას დაავიწყდა ლექსი, დაასკვნეს, ემოციური გოგონააო და შეთავსებით მიიღეს ინსტიტუტში. მოგვიანებით გადაწყდა, რომ მედეა ჩახავა თეატრალურ ინსტიტუტში დარჩენილიყო, სადაც მალე მომავალი მეუღლე, ნოდარ ჩხეიძე გაიცნო.

პოეტ გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი თეატრალურ ინსტიტუტში სამედიცინო ინსტიტუტიდან მოხვდა. ნოდარ ჩხეიძემ მალე მოახერხა მედეას მოხიბვლა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ.

1943 წელს მსახიობს შეეძინა ვაჟი - თემურ ჩხეიძე, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა.

სულ ცოტა ხანში დაიწყო ქართული თეატრის ახალი ეპოქა - გამოჩნდა მიხეილ თუმანიშვილის "შვიდკაცა". ახალგაზრდა მსახიობებმა, მედეა ჩახავამ, რამაზ ჩხიკვაძემ, გიორგი გეგეჭკორმა, ეროსი მანჯგალაძემ, გურამ საღარაძემ, ბადრი კობახიძემ და თვითონ მაესტრომ ახალი ფურცელი ჩაწერეს რუსთაველის თეატრის ისტორიაში.

გავა დრო და დიდი მაესტრო მიხეილ თუმანიშვილი მედეა ჩახავაზე იტყვის: "გავიდა მრავალი წელი და მედეა ჩახავას სახელი ჩემთვის იქცა თეატრალური სიყმაწვილის ძვირფას, საყვარელ მოგონებად... მედეა ჩახავა, ცვილივით დამყოლი და ელასტიკური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით, ხორცს ასხამდა ჩანაფიქრს... მე ძალიან მიყვარს მედიკო, როგორც მსახიობი და, შესაძლოა, სუბიექტური ვარ, მაგრამ მგონია, რომ ბევრი რამ, რაც მან სცენისთვის გამოძერწა, იყო ნამდვილი ხელოვნება. მოვიგონოთ თუნდაც მისი მომხიბვლელი სახე ფეფელა ან ეშმაკი მელაკუდა "ჭინჭრაქადან", ორივე ლიდა: ერთი - აქტიური, თავისი ხალხის ბედნიერებისთვის მებრძოლი და მეორე - მოსიყვარულე, ტანჯული და მშვენიერი.

მრავალი რეპეტიცია, საუბარი, კამათი, წყენა - განუყრელად ახლდა ჩვენს შემოქმედებით პროცესს. ბევრი საინტერესო და ბედნიერი ცხოვრებისეული წუთი მაგონდება, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ მოგონებად შემომრჩა, მაგრამ ეს იყო ლამაზი, მშვენიერი დრო ნამდვილი ტალანტის გაფურჩქვნისა. მისი ქალურობა აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა, აღფრთოვანებულიყო და განეცადა. ეს დიდი ნიჭია - უმღერო სიყვარულს".

1944 წელს მედეა ჩახავამ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა, მალე კი კოტე მახარაძე შეუყვარდა. მსახიობი ყოველთვის აპროტესტებდა კოტესთვის მიკერებულ დონ ჟუანის იარლიყს: "დონ ჟუანი ქალებზე ნადირობდა, კოტეს კი არასოდეს უაქტიურია, პირიქით, ქალები აქტიურობდნენ. კოტეც არ ამბობდა უარს ლამაზ ქალებზე, მაგრამ ჩვენ ამაზე კონფლიქტი არ მოგვდიოდა."

მედეა ჩახავას არც მერე ჩაუდვია წყენა გულში, როცა კოტე ოჯახიდან წავიდა და არც მაშინ, როცა სოფიკო ჭიაურელთან ოჯახი შექმნა: "ჩემი და კოტეს დაშორებაში სოფიკოს არანაირი წვლილი არ მიუძღოდა. ჩვენ რომ დავშორდით, მათ შემდეგ შეუყვარდათ ერთმანეთი და რატომ არ უნდა მქონოდა კარგი ურთიერთობა სოფიკოსთან? კოტე რომ უყვარდა?"

თემურ ჩხეიძე ერიდებოდა დედასთან მუშაობას. არც ქალბატონი მედიკო ითხოვდა, შვილმა როლები მომცესო. მიხეილ ჯავახიშვილის "ქალის ტვირთზე" მუშაობა რუსთაველის თეატრში 1976 წელს დაიწყეს (დამდგმელი თ. ჩხეიძე, მხატვარი მ. შველიძე, ქორეოგრაფი ი. ზარეცკი). ქეთევან ახატნელის როლზე სამი მსახიობი დაამტკიცეს. მედეა ჩახავას ქვრივი ახატნელი უნდა ეთამაშა. დაიწყო რეპეტიციები, მაგრამ მოულოდნელად მედეამ შეიტყო, რომ შვილმა როლიდან მოხსნა. რეჟისორმა შეცვალა კონცეფცია - სპექტაკლის მთლიანი ორგანული ქსოვილისათვის ზედმეტად ჩათვალა ქვრივი ახატნელის სახე და როლზე მხოლოდ მარი ჯანაშია დატოვა. მედეას გული დასწყდა, მომზადებული როლი ვეღარ ითამაშა და ჩუმად იტირა...

გავიდა დრო, სასტიკი და დაუნდობელი. რუსთაველის თეატრის პრიმამსახიობს როლებს აღარ აძლევდნენ. ცხოვრება თეატრში გრძელდებოდა მედეა ჩახავას გარეშე, არადა, მაყურებელი ითხოვდა საყვარელ მსახიობთან შეხვედრას. ამ იძულებით შემოქმედებით პაუზასაც ჩვეული თავმდაბლობით უძლებდა. თემურ ჩხეიძე უკვე მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი იყო და რუსთაველის თეატრში ის ვერაფერს შეცვლიდა დედის სასარგებლოდ. მაშინ ედუარდ შევარდნაძემ სთხოვა თემურ ჩხეიძეს, დედაშენი ათამაშე და ჩვენც გაგვახარეო. ქალბატონი მედიკო ფრთხილად და ფარული იუმორით შეახსენებდა შვილს: "ბატონი ედუარდის თხოვნა ხომ გახსოვს?!" "ჰო, დედა, ჰო," - ეტყოდა თემურ ჩხეიძე, მაგრამ როლი არ ჩანდა. მერე კი ნანატრი დღეც დადგა: 2004 წელს სამეფო უბნის თეატრში დაიდგა სპექტაკლი "აქ, ამ სავანეში".

ახლობლები ამბობენ, რომ სიცოცხლის მოყვარულ მსახიობს სიკვდილის - არა, მაგრამ მიწის ქვეშ ყოფნის ეშინოდა - უეცრად მიწის ქვეშ რომ გამეღვიძოს, რა უნდა ვქნაო? ამიტომ შვილებს სთხოვდა, როცა გარდავიცვლები, დამწვით და ჩემი ფერფლი ჩემი მოამაგე მშობლების საფლავს მოაყარეთო, მაგრამ ამისთვის ვერ გაიმეტეს...

მედეა ჩახავა 2009 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონის მიწას მიაბარეს."

"დედას ტრაბახი არ უყვარდა, მაგრამ ბოლოს ამბობდა ხოლმე: "აბა, მითხარით, ვინ დგას, ან ვინ იდგა ჩემი ხნის სცენაზე?" სულ იმას ევედრებოდა ღმერთს, ლოგინად ნუ ჩამაგდებ, ნუ დამაუძლურებო. უსმინა ღმერთმა... თვალებზე ცრემლი მაწვება, მაგრამ მაინც ისეთი განცდა მაქვს, თითქოს არც წასულა", - ამბობს მისი ქალიშვილი. მაკა მახარაძე.

1960 წელს მედეა ჩახავას საქართველოს სახალო არტისტის წოდება მიენიჭა, 1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა, 2006 წელს კი რუსთაველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

იხილეთ ფოტოგალერეა