პიპას ბედნიერება - ბრიტანეთი, სამეფო ოჯახისთვის შესაფერი, ქორწილის მოლოდინშია - კვირის პალიტრა

პიპას ბედნიერება - ბრიტანეთი, სამეფო ოჯახისთვის შესაფერი, ქორწილის მოლოდინშია

ფოტოგალერეა

20 მაისს, ბერკშირში მდებარე, XII საუკუნეში აგებულ წმინდა მარკის სახელობის ეკლესიაში პიპა მიდლტონისა და ჯეიმს მეთიუზის ქორწილი გაიმართება.

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის დამ, პიპამ ნიშნობის შესახებ პირველად გასული წლის 19 ივლისს განაცხადა. მისი საქმრო მულტიმილიონერი,  2001 წელს შექმნილი კომპანია "Eden Rock Capital Management Group"-ის ფინანსური მენეჯერი და დამფუძნებელია.

მას საუნივერსიტეტო განათლება არ მიუღია და პირდაპირ კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას მიჰყო ხელი. ჯეიმსი თავისუფალ დროს ავტორბოლით არის დაკავებული.

მეთიუზმა მიდლტონს ხელი გასული წლის ივნისში სთხოვა და დაახლოებით 150-200 000 ფუნტის ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.

40 წლის ჯეიმს მეთიუზი და ჰერცოგინიას და 10 წელია, რაც ერთმანეთს იცნობენ, მაგრამ მათი სასიყვარულო ურთიერთობა 2015 წლიდან იღებს სათავეს. მეთიუზმა ქალიშვილის ხელი ჯერ მიდლტონის მამას სთხოვა და ამის შემდეგ თავად პიპას შესთავაზა დაქორწინება.

წყვილის მეგობარმა განაცხადა, რომ ჯეიმსი ტრადიციულია და სურდა, ყველაფერი წესისამებრ გაეკეთებინა. ამ ამბავს პიპას მშობლები - ქეროლი და მაიკლი სიხარულით შეხვდნენ. კენსინგტონის სასახლემ აპრილში განაცხადა, რომ პატარძლის ხელისმომკიდეები მისი დის შვილები - 3 წლის პრინცი ჯორჯი და 2 წლის პრინცესა შარლოტა, სიძის ხელისმომკიდე კი მისივე ძმა, 27 წლის სპენსერი იქნება, რომელსაც პოპულარობა ტელე-შოუ Made in Chelsea-მ მოუტანა.

პიპა მიდლტონმა პრესის ყურადღება მისი დის, კეტრინ მიდლტონისა და პრინც უილიამის 2011 წელს გამართული ქორწილის შემდეგ მიიპყრო, სადაც ის პატარძლის მეჯვარის ამპლუაში მოევლინა საზოგადოებას. პიპა მიდლტონი ასევე ცნობილი გახდა ქველმოქმედებითი საქმიანობითაც.

წმინდა მარკის სახელობის ეკლესია, სადაც წყვილი ჯვარს დაიწერს

ჯერჯერობით უცნობია, როგორ კაბას ჩაიცვამს პიპა ქორწილში, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მის კაბას ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი ჯაილს დიქენი კერავს. მიდლტონმა ქორწილში მიწვეულ სტუმრებს სთხოვა, თან იქონიონ მეორე კაბაც, ერთი - ცერემონიისთვის, მეორე კი საღამოს წვეულებისთვის. პატარძლის მეორე მოთხოვნაა, რომ მოწვეულ სტუმრებს მხოლოდ მეუღლეები, ან მათზე დანიშნული პარტნიორები ახლდნენ. ეს წესი მხოლოდ პრინცი ჰარის შეყვარებულს, ამერიკელ კინომსახიობ მეგან მარკლს არ შეეხო. ეს წყვილი ერთმანეთს ერთი წელია რაც ხვდება.

გაურკვეველია მისცემს თუ არა სამეფო ოჯახი პრესას ქორწილში დასწრების უფლებას.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ანა სიბოშვილმა