ქობულეთური ამბები, ანუ "ქარბორბალა" აჭარულად - კვირის პალიტრა

ქობულეთური ამბები, ანუ "ქარბორბალა" აჭარულად

როგორც კი ნაცნობმა სინოპტიკოსმა დასავლეთ საქართველოში უახლოესი ათი დღის საიმედო პროგნოზი გვამცნო და დაბეჯითებით გვითხრა, - მენდეთ, მზიანი დღეები იქნებაო, - ჩანთები ფაცხაფუცხით ჩავალაგეთ და ქობულეთის გზას დავადექით.

კაი ხანია, ხუთ მეგობარს გადაწყვეტილი გვქონდა, შვილებთან ერთად დაგვესვენა ერთ დიდ სახლში. თავიდანვე ე.წ. კერძო სექტორი ავირჩიეთ, რადგან ჩვენი "ბიუჯეტი" ფეშენებელურ სასტუმროში ფუფუნებით დასვენების უფლებას არ გვაძლევდა. სხვათა შორის, არც გვინანია. სასტუმროში ყოფნით იმდენ კურიოზს ნამდვილად ვერ წავაწყდებოდი და მოსათხრობიც არაფერი მექნებოდა. ნამდვილად სხვა ეშხი და ხიბლი ჰქონია ჩვეულებრივ სახლში ცხოვრებას; მასპინძელი ცდილობს, დამსვენებელს ისეთი კომფორტი შეუქმნას, რომ გაისადაც მოუნდეს მასთან სტუმრობა. ასეთ შემთხვევაში, როგორც ქობულეთელები ამბობენ, ბინის ქირაზე "სკიდკა" მოსულა.

თუმცა, თავიდან დავიწყებ...

"კვირის პალიტრა" მოვიდაა...

ქობულეთში 26 ივლისს, კვირადღეს ჩავედით. ორშაბათს დილით კი, სანაპიროზე, პრესის ჯიხურებთან თუ სტელაჟებთან რამდენჯერმე მისწვდა ყურს: - "პალიტრა" გაქვთ?" თუ უარის ნიშნად გამყიდველები თავს გაიქნევდნენ, კითხვას მიაგებებდნენ: "კი, მაგრამ რატომ იგვიანებენ?" სამაგიეროდ, ორი საათის შემდეგ ჟურნალებთან ერთად ყოველ მეორეს (დამსვენებელსაც და აქაურსაც) "კვირის პალიტრა" უჭირავს ხელში.

შუადღის თაკარა მზეს "ჩვენი სახლის" მწვანე ეზოში ვემალებით. ვხედავ, მოაგარაკეთა მიმართ მუდამ ყურადღებიანი 25 წლის მარინა (დიასახლისის ქალიშვილი ჩემი სეხნიაა) გაზეთს ჩაჰკირკიტებს. ჩვენს მისვლაზე თავიც არ აუწევია. ფერით შორიდანვე ვხვდები, რომ "კვირის პალიტრას" კითხულობს. ვერ ვითმენ, ახლოს მივდივარ და გაზეთში ვიჭყიტები. მაინტერესებს, რომელ გვერდს ეცნობა... ნაცნობი დიზაინი (ლამის "მშობლიური"!) ნაცნობი სათაურით - "თქვენთვის, ქალბატონებო!" მეღიმება. მარინა ამბობს, რომ ეს რუბრიკა განსაკუთრებით უყვარს და ყოველთვის ამ გვერდით იწყებს გაზეთის კითხვას, მერე კი სხვა გვერდებზე გადადის და სტრიქონს არ ტოვებს წაუკითხავს. ჩემი მეგობარი ჩემს თავს თავიდან აცნობს... იმ წუთიდან მოყოლებული მასპინძლები თავს გვევლებოდნენ. ჩემს დანახვაზე სახე ებადრებოდათ და ჩვენი "კვირის პალიტრა" მოვიდაო, გაიძახოდნენ. არ დაგიმალავთ და ძალიან მსიამოვნებდა.

დათვკაცა თუ კაცდათვა?

მობილურებისა და ციფრული ფოტოაპარატების გამოჩენისთანავე ზღვის ფოტოგრაფების საქმე უკან-უკან წავიდა. ვიღას სჭირდება ჩვეულებრივი და სტანდარტული ფოტო ათასგზის გაგონილი ფრაზით - "აბა, გაჩერდით, თვალი არ დახუჭოთ, ვიღეეებ", როცა წუთში როგორიც უნდათ, ისეთს გადაიღებენ... მაგრამ ქართველი რისი ქართველია, რომ რაიმე გამოსავალი არ მოძებნოს? ხომ იცით, ხერხი სჯობია ღონესაო. ჰოდა, გამოჩნდნენ კიდეც "ახალი ფოტოგრაფები" თანმხლები "ობიექტებით". ხშირად დაინახავთ ფოტოგრაფებს ნამდვილ დათვის ბელთან, მაიმუნთან ან ბავშვებისთვის საყვარელი მულტფილმების - "სპაიდერმენის" ან "სფანჩ ბობის" თოჯინასთან ერთად. როცა დათვიანმა კაცმა წინ ჩაგვიარა, ჩემმა მეგობარმა დათვიც იცნო და კაციც, - უი, არც ერთი არ შეცვლილხართ, ისევ ისეთები ხართ, როგორიც ამ ორი წლის წინ იყავითო. მეც ვუყურებდი ამ სანახაობას და ვფიქრობდი, ასე როგორ დაემსგავსა პატრონი ბელს-მეთქი. წითური წვერით და ჩამომრგვალებული "გაბარიტებით" ნამდვილად გაგიჭირდებოდათ ბელისგან გარჩევა. ფოტოგრაფი გაჩერდა, ხელით თვალები მოიჩრდილა და ამის მთქმელს გახედა: "მე ვარ იგივე, თორე აგი ბელი სხვაა. ორი წლის წინ რო დამყავდა, იგი ახლა იმხელაა, ამ სანაპიროზე რო გამოვაჩინო, აქ აღარავინ დარჩებაო" - და გზა გააგრძელა. ყავისფერი ფუმფულა ბელი კი უძალიანდებოდა. ვიღაცას "კოკა-კოლას" ბოთლი დაეგდო და იმის ლოკვა ახლა ყველაფერს ერჩივნა, ფოტოგრაფს ხან ფეხზე წაავლო თათი, ხან გაჩერება სცადა და ერთ ადგილას დაბზრიალდა, მაგრამ ჯერ კიდევ პატარა გახლდათ და ყელზე მობმული ჯაჭვით იძულებული იყო, ძუნძულ-ძუნძულით გაჰყოლოდა.

ქარბორბალა

ორი კვირის განმავლობაში წვიმას მაინც ვერ გადავურჩით. ეს არც გაგვკვირვებია, რადგან ძნელია, აჭარა წარმოიდგინო შხაპუნა (თუნდაც თავსხმა) წვიმის გარეშე.

მესამე დღეს ისე უცებ გაწვიმდა, გულს შემოგვეყარა, მაგრამ მასპინძლებმა დაგვამშვიდეს - ნუ გეშინიათ, აგი მალე გადაიღებსო. ჩვენ მაინც ეჭვიანად შევყურებდით ზღვიდან წამოსულ შავ ღრუბელს... და მალე ისეთი რამ დავინახეთ, რაც მხოლოდ ამერიკულ ფილმებში თუ გვინახავს. ზღვასა და ღრუბლებს შორის შავი სვეტი გაჩნდა, რომელიც თანდათან ნაპირს უახლოვდებოდა. მივხვდით - ქარბორბალა იყო. გვეგონა, ბათუმს უახლოვდებოდა. დავრეკეთ ნაცნობებთან. იმათ პირიქით, ჰგონებიათ, რომ ქობულეთთან იყო ეს უცნაური ბუნებრივი მოვლენა. გვიან გავიგეთ, ქარბორბალა თურქეთის სანაპიროს მისდგომია, მაგრამ ხმელეთზე აღარ "ასულა", ზღვის სიღრმეშივე ჩაკარგულა. ასეა თუ ისე, სანამ ქარბორბალას ტრიალ-ბზრიალს ვაკვირდებოდით და შორიდან სურათებს ვუღებდით, აქაურები შიშით მისჩერებოდნენ ამ დიდ დამანგრეველს, რომელიც დაახლოებით 50-70 მეტრის სიმაღლეზე ზღვიდან ატანილ წყალს ავისმომასწავებლად ატრიალებდა.

ერთი სიტყვით, ქარბორბალას გადავურჩით, მაგრამ ექსცესები მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან. თუმცა, ამაზე შემდეგ ნომერში გიამბობთ.