შე ვირო, რა ლაზათიანად შაუქმნიხარ შამქმნელსა!.. - კვირის პალიტრა

შე ვირო, რა ლაზათიანად შაუქმნიხარ შამქმნელსა!..

შენ რა მუშტისტოლა თვალებით შემომცქერი, ზუსტად ვიცი, ახლა იმასა ფიქრობ, - ამდენ ხანს არ გავხსენებივარ და ახლა რა მაარბენინებდაო? ვერა ხედავ, დარდიანად

რო ვარ? შემაწუხა მარტოობამ და მიტომაც დაგადექ. ხო ამბობენ, - მარტო კაცი ბრალიაო და მარტო ვირი როგო არ იქნება ბრალი? ეს ოხერი, ზაფხულში ბალღები რო დაიფანტებიან, სუ ეგრე ვარ გამოყრუებული მარტოობითა! ამ ჩვენ ფოტოგრაფსაც ხო ჩამაუგრძელდა ცხვირი დარდითა, - სიფთას ვერა ხსნის, კლიენტი არ მოდის, ტყუილად მოგკაზმე, მაინც სურათს არავინ იღებსო. ერთი სიტყვით, ეგრე მწარედ არის საქმე! მაგრამა ეს ამბები იქით იყოს, ერთი ის მითხარ, საიდან მოხვედი, რო დეერჭე აქა ჩვენებური ვირივითა? რა მაგრადა დგახარ, კაცოო! გემოზე კი დაუღლიხარ, მაგ შენ შლაპიან პატრონსა, გაწვრილებული გაქვს ფეხები ჩვენებური ვაზის ჭიგოებივითა. ვინ არის და რა კაცია, რო სიქა ეგრე გაგაძრო. ჩვენა, კახელი ვირები, ეგეთ შემთხვევებში ეგრე ვაკეთებთ, - დაუფასებლობა თუ შევატყვეთ კაცსა, გავიდგამთ ფეხებსა და გვიყაროს მერე კაკალი, - ადგილიდანაც ვერავინ დაგვძრავს. იმის "აცე, ვიროს" ერთ ყურში რო ვუშვებთ სიამტკბილობითა, მეორეში ვატარებთ! ეგრეა საქმე! ჩვენებური ვირები ანტიკვარებივით ვართ პატივში, მაგრამა, რო გიყურებ, შენც ეგეთი ანტიკვარი ხარ, მა, რა ხარ! აი, ახლა რო ვარ, ამაზე მეტი ვირი ვიყო, თუ ცხოვრებაში შენისთანა ლაზათიანი ვირი მენახოს, კარგად შაუქმნიხარ შამქმნელსა!

აჰა, ვიჯერე გული ლაპარაკითა და დავადგები გზასა. არ გეწყინოს, მარტო რო გტოვებ. მაინც, როგორცა გატყობთ, შენ და შენს პატრონს მარტოობა ძალიანაც მოგწონთ, - მე ხო ვილაქლაქე, შენა კიდევ, კრიჭაც ვერ გაგახსნევინე. რო  მამეწყინება, ისევ მოვალ, მაშ, სად წავალ, ჩემიანი ისევ შენა ხარ!

აბა, შეხვედრამდე!