"სანამ კორტზე ვარ, ერთადერთი მიზანი მექნება..." - მსოფლიოს პირველი ჩოგნის უცნაური ჩვევა და პირველი გამარჯვება - კვირის პალიტრა

"სანამ კორტზე ვარ, ერთადერთი მიზანი მექნება..." - მსოფლიოს პირველი ჩოგნის უცნაური ჩვევა და პირველი გამარჯვება

"ჩემთვის ის მხოლოდ მეუღლე არ არის, მირკა ისეთი მეგობარია, როგორიც ყველას უნდა ჰყავდეს"

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი ათ წელზე მეტია პირველობას არ კარგავს და საუცხოო თამაშით მსოფლიო სპორტის ტოპ-ათეულში შედის.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა კარიერაში 92-ე ტიტული მოიპოვა. გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირის ფინალში, ბალახის კორტზე როჯერმა 53 წუთში დაამარცხა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი - 6:1, 6:3. 35 წლის შვეიცარიელმა ოთხი ეისი ჩააწოდა და ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. მიმდინარე სეზონში ეს ფედერერის მეოთხე ტიტულია. მანამდე მან ავსტრალიის ღია პირველობა, ინდიან უელსისა და მაიამის "მასტერსები" მოიგო. როჯერმა ჰალეს ტურნირზე მეცხრედ გაიმარჯვა.

როჯერ ფედერერი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 1981 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. სპორტსმენს ორი ქვეყნის შვეიცარიისა და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეობა აქვს, თუმცა ის შვეიცარიის სახელით ასპარეზობს. როჯერს მშობლებმა ბავშვობაში შეაყვარეს ჩოგბურთი. საყვარელი სპორტით გატაცებული როჯერის დედა მწვრთნელიც კი გახდა. მშობლებს პატარა როჯერი მუდამ თან ახლდა. როგორც ცნობილია, სპორტთან ერთად, როჯერი მუსიკით იყო გატაცებული. პროფესიონალურ ჩოგბურთში ჩართვამდე, ის ფორტეპიანოზე უკრავდა. შვიდი წლის ასაკში პირველად მიიღო მონაწილეობა ჩოგბურთის შეჯიბრში. როგორც ამბობენ, ის საკმაოდ ემოციური ბავშვი იყო, თამაშის დროს ხშირად ისროდა ჩოგანს და ყვიროდა, ამის გამო მწვრთნელი სჯიდა და კორტს ატოვებინებდა. როცა ფედერერი 9 წლის გახდა, მშობლებმა ინდივიდუალურად მიიყვანეს მწვრთნელთან როჯერ კარტერთან.

"ბავშვობიდან მინდოდა კარგი ჩოგბურთელი გავმხდარიყავი. სანამ კორტზე ვარ, ერთადერთი მიზანი მექნება - ვიყო პირველი! როცა კარიერას დავასრულებ, მინდა ვთქვა: "რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" და ამ სიტყვების სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებული ვიყო".

ფედერერმა პირველ წარმატებას ჯერ კიდევ 1998 წელს მიაღწია. მან უიმბლდონის ტურნირში გაიმარჯვა. პირველი მატჩი კი არგენტინელ ჩოგბურთელთან ლუკას არნოლდ კერისთან გამართა. 2001 წლის თებერვალში კი ATP-ს პირველი ტიტულის მფლობელი გახდა. საბოლოო ჯამში მას უამრავი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის ავსტრალიის ღია ჩემპიონატი - 4-ჯერ; როლან გაროსის - 2009 წელს ; უიმბლდონი - 7-ჯერ; მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის ტიტული (ATP) - 2004, 2005, 2006, 2007და 2009 წლებში და სხვა.

"როცა კორტზე ვარ, ვცდილობ მარცხმა წყობიდან არ გამომიყვანოს. კარიერის დასაწყისში ერთი-ორჯერ ჩოგანი მოვისროლე, ბურთს ფეხი დავარტყი, მაგრამ კარგა ხანია ასეთი რამ აღარ დამმართნია. დღეს ვარჯიშისას უფრო ვღიზიანდები, ვიდრე კორტზე... არ მოგატყუებთ - არ მიყვარს, როცა მოთამაშე კორტზეა და ცუდი დარტყმის და აცილებული ბურთის გამო ღიზიანდება".

"ბევრს ჰგონია, რომ ძალიან იოლია ამდენი ტურნირის მოგება. იოლად არაფერი მოდის. უიმბლდონის პირველად მოგებამდე წლების განმავლობაში დღეში, თითქმის 8-10 საათი ვვარჯიშობდი. არ დაიჯეროთ, თუ ვინმე იტყვის, რომ იოლად გაიმარჯვა. ეს ძალიან დიდი სიცრუეა".

ფედერერი ყოფილ ჩეხ ჩოგბურთელზე, მიროსლავა ვავრინეცზე დაქორწინდა. მათ ერთმანეთი სიდნეიში ოლიმპიურ თამაშებზე გაიცნეს. მაშინ ფედერერი 18 წლის იყო, გოგონა სპორტსმენზე სამი წლით უფროსია. მიროსლავა საკმაოდ კარგი სპორტსმენი იყო, ისიც შვეიცარიის ნაკრების სახელით ასპარეზობდა და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა ასეულშიც კი შედიოდა, თუმცა 24 წლისამ ფეხი მოიტეხა და კორტზე ვეღარ დაბრუნდა. მიროსლავამ საკუთარი ცოდნა და სპორტის სიყვარული მეუღლის წარმატებას მოახმარა და მის PR-მენეჯერად მუშაობდა. 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, მათ პრესას განუცხადეს, რომ ბავშვს ელოდებიან. 2009 წელს სოციალური ქსელი ახალმა ამბავმა მოიცვა, მიროსლავამ ტყუპი გოგონები გააჩინა, 2014 წელს კი ტყუპი ბიჭები გაუჩინა სპორტსმენ მეუღლეს.

"მე და მირკას ბევრი რამ გვაერთიანებს, საერთო ინტერესები გვაქვს და ვგრძნობთ, რომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. მასთან ყველა თემაზე შემიძლია ძალიან დიდხანს საუბარი და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს - კარგად ვისვენებ. ჩემთვის ის მხოლოდ მეუღლე არ არის, მირკა ისეთი მეგობარია, როგორიც ყველას უნდა ჰყავდეს".

"რა იქნება ჩოგბურთის შემდეგ? არ ვიცი, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. შესაძლოა სამპრასივით საჩვენებელი მატჩები გავმართო ან მწვრთნელი გავხდე, მაგრამ დღეს მხოლოდ კარიერა მაღელვებს… ძალიან მინდა, რომ გულშემატკივრებს ოცდაათი წლის შემდეგაც ვახსოვდე. მინდა, რომ მათ როჯერ ფედერერი არამარტო კარგ ჩოგბურთელად მოიგონონ, არამედ როგორც ქველმოქმედად".

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ