უცხოპლანეტური ცივილიზაციის არსებობის მთავარი მტკიცებულებაა?! - რა ხდება "ზონა 51"-ში - კვირის პალიტრა

უცხოპლანეტური ცივილიზაციის არსებობის მთავარი მტკიცებულებაა?! - რა ხდება "ზონა 51"-ში

აშშ-ის მთავრობა კატეგორიულად უარყოფდა ზონის არსებობის ფაქტს, კითხვაზე კი, რატომ იყო ნევადის უდაბნოში უზარმაზარი ტერიტორია ეკლიანი მავთულით შემოსაზღვრული, პასუხობდა, თითქოს იქ რადიოაქტიური ნარჩენები იყო დამარხული

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიდუმლო ბაზა, "ზონა 51", ცოტა ხნის წინ რუკაზეც არ იყო აღნიშნული, არ მოიხსენიებოდა ცნობარში, მის თავზე კი, არასდროს დაფრინავდნენ სამოქალაქო თვითმფრინავები. აშშ-ის მთავრობა კატეგორიულად უარყოფდა ზონის არსებობის ფაქტს, კითხვაზე კი, რატომ იყო ნევადის უდაბნოში, ლას-ვეგასიდან 150 კილომეტრში უზარმაზარი ტერიტორია ეკლიანი მავთულით შემოსაზღვრული და მკაცრად დაცული, პასუხობდა, თითქოს იქ რადიოაქტიური ნარჩენები იყო დამარხული.

მითები ვერ გააქარწყლა ვერც ამერიკის ხელისუფლებამ, რომელმაც 2013 წლის 14 ივლისს, საიდუმლოს ვადის გასვლისა და პრესაში თანამგზავრული ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, აღიარა, რომ ნევადაში მართლაც არის რაღაც, მაგრამ კონკრეტულად რა, თქმა არ შეიძლება და მართალია, საზოგადოებამ კატეგორიულად მოითხოვა ზონის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება, მაგრამ აშშ-ის მთავრობამ ისევ იცრუა და განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი დაიკარგა. დღესაც კი ნებისმიერს, ვინც ტერიტორიაზე ცდილობს შეღწევას, შეიარაღებული პატრული ობიექტთან მისასვლელ გზაზევე აკავებს, მათ კი, ვინც მაინც ახერხებს მავთულხლართებში გაძრომას, გაუფრთხილებლად ესვრიან. მართალია, ცნობისმოყვარეთა დაღუპვის ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ძალიან ბევრს მოუხდა სამხედრო წესების დარღვევისთვის 600-დოლარიანი ჯარიმის გადახდა.

საიდუმლო ობიექტი "ზონა 51" ნევადის შტატის უდაბნოში, მთის ხეობაში მდებარეობს. მისკენ მიმავალ უკაცრიელ გზაზე თითქმის 100 კილომეტრის გაყოლებაზე არც დასახლებული პუნქტია, არც საგზაო მაჩვენებელი, უზარმაზარი აბრები გაფრთხილებთ "აკრძალული ზონა!" კი მხოლოდ ბაზის სიახლოვეს ჩნდება.

ღამით რაიონი მომავლის ქალაქს ემსგავსება, რადგან, გავრცელებული ხმებით, მის ტერიტორიაზე დღესაც შეიძლება მანათობელი ობიექტების დანახვა. ზონაში რამდენიმე ანგარია, რომელთაგან ყველაზე დიდი "ბოინგ 747"-ს იტევს, დანარჩენების დანიშნულება ნაკლებად არის ცნობილი.

მარილიანი ტბის გრუმ-ლეიკის სამხრეთ ნაპირზე გასაიდუმლოებული მშენებლობა 1951 წელს დაიწყო. რამდენიმე წელი "ზონა 51" აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საცდელი პოლიგონის შემადგენლობაში შედიოდა. მიწისქვეშა ანგარებში ატომური ცდები, აეროდრომზე კი საავიაციო ტექნიკის უახლესი ნიმუშების გამოცდა მიმდინარეობდა. 1955 წელს აეროდრომის პერსონალს მოულოდნელად ბაზის დატოვება მოსთხოვეს, მათი ადგილი კი ნახევარი წლით სამხედრო მშენებლებმა დაიკავეს, რომელთაც ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ნაწილი მიწის ქვეშ გადაიტანეს. მუშაობის დასრულების შემდეგ ობიექტი სამოქალაქო პირებს გადააბარეს. ბევრი დარწმუნებულია, რომ 50-იანი წლების ბოლოს სწორედ აქ გადმოიტანეს ეგრეთ წოდებული უცხოპლანეტური ტექნიკის ნიმუშები.

1947 წლის ივლისში პატარა ქალაქ როზუელში ჩამოვარდა გამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე საათში გააქრო. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო იმდენად ოპერატიულად მუშაობდა, რომ მთელი 30 წელი ინციდენტი არავის გახსენებია.

1978 წელს პრესაში გამოჩნდა მაიორ ჯესი მარსელას განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ სწორედ მის ჯგუფს ევალებოდა როგორც კატასტროფაგანცდილი ობიექტის, ისე უცხოპლანეტელი პილოტების ტრანსპორტირება. როგორც ჩანს, სწორედ როზუელში ჩამოვარდნილი საფრენი ობიექტი და მისი ეკიპაჟი იყვნენ "ზონა 51"-ის პირველი სტუმრები. ჯესი მარსელას ნაამბობი უფოლოგებისთვის დღემდე უცხოპლანეტური ცივილიზაციის არსებობის მთავარი მტკიცებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური ბიურო ჯიუტად ამტკიცებს, თითქოს როზუელის შემთხვევა სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩვეულებრივი მეტეოზონდი. არადა, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სამხედრო, რომელიც იმ პერიოდში პოლიგონზე მსახურობდა, ირწმუნება, რომ ბაზის მშენებელთა ბატალიონს ჯერ ათასკაციანი სპეციალური ჯგუფი მოჰყვა კოდური სახელით "წითელი შუქი", მერე კი მეცნიერებიც შეუერთდნენ და ყველა ბაზის ტერიტორიაზე დასახლდა.

მართალია, ოფიციალური განცხადება არავის გაუკეთებია, მაგრამ სამხედროსთვის ცნობილი გახდა, რომ სპეციალისტებმა საფრენი აპარატების შესწავლა დაიწყეს. თითქოს ბაზაში იყო ორი გამართული და ერთი დაზიანებული კოსმოსური ხომალდი და მათი წყალობით პლანეტებს შორის ფრენებიც იგეგმებოდა. როგორც ამბობენ, მორიგი ცდის დროს ერთ-ერთი აპარატი აფეთქდა და ორი პილოტი იმსხვერპლა.

საიდუმლო გაამხილა ბაზის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ბობ ლაზარმა, რომლის თქმით, ზონის ერთ ანგარში მთავარი სტრატეგიული ობიექტი, ამოუცნობი მფრინავი აპარატების შემსწავლელი უფოლოგიური ლაბორატორია იყო.

როგორ მოიპოვებდნენ მეცნიერები ინფორმაციას სხვა პლანეტების ცივილიზაციაზე, დღემდე გამოცანად რჩება, თუმცა, არსებობს ვარაუდი, თითქოს მონაცემები დედამიწაზე კატასტროფაგანცდილი და დაზიანებული უცხოპლანეტური ხომალდების მეშვეობით გროვდებოდა. ლაზარის განცხადებით, ზონა მუდმივად იზიდავდა უცნაურ ობიექტებს, რასაც ბაზაში დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობაც ადასტურებდა - ზონის ტერიტორიაზე ნებისმიერი არასტანდარტული საფრენი აპარატის გამოჩენისთანავე მოწყობილობა ვიბრირებდა და სიგნალს გამოსცემდა.

უფოლოგები და მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამერიკისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მთავრობა დღემდე მალავს ინფორმაციას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, რადგან ისინი არა მარტო პასიურად აკვირდებოდნენ მათ, არამედ აქტიურადაც ურთიერთობდნენ უცხოპლანეტელებთან. იმავეს ამბობს ზონის კიდევ ერთი თანამშრომელი, სკოტ რეინიც, რომელმაც ტელეეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ საიდუმლო ბაზის ანგარში რამდენიმე უცხოპლანეტელი ბინადრობდა. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა რეინი შეურაცხადად გამოაცხადეს. პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა აღიარა ნევადის უდაბნოში პოლიგონის არსებობა, თუმცა, აბსურდად ჩათვალა უფოლოგიური ლაბორატორიის მუშაობა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.