პარიზულ საზოგადოებაში ქართველი თავადის ასულს პრინცესად იცნობდნენ - ვინ იყო კოკო შანელის ქართველი მოდელი? - კვირის პალიტრა

პარიზულ საზოგადოებაში ქართველი თავადის ასულს პრინცესად იცნობდნენ - ვინ იყო კოკო შანელის ქართველი მოდელი?

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ უდიდესი ფრანგი დიზინერის კოკო შანელის მოდელი ქართველი თავადის ასული, გალაკტიონ ტაბიძის მუზა, მერი შერვაშიძე იყო. როგორც ვიცით, მან 1921 წელს სტამბოლში გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. მაღალი წრის წარმომადგენელი მომხიბვლელი ქალბატონი, რომლის სილამაზე მთელ პარიზში იყო ცნობილი, კოკო შანელის მოდელი გახდა, თუმცა საზოგადოების მცირე ნაწილს თუ ეცოდინება, რომ ასევე ქართველი თავადის ასული რიმა ერისთავიც კოკო შანელის მოდელი გახლდათ.

ქსნის ერისთავების შთამომავალი ქალბატონი რუსულ არისტოკრატიულ წრესთან იყო დაახლოებული, მას როგორც სხვა დიდგვაროვნებს, სამშობლოს დატოვება და საზღვარგარეთ ცხოვრება მოუწია. 1907 წელს, როცა რიმას მამა გარდაიცვალა, დედა თამარ ერისთავი, პარიზში გაემგზავრა საცხოვრებლად, სადაც მოგვიანებით ემიგრაციის ბოლო ნაკადთან ერთად წასულმა მერი შერვაშიძემ, 16 წლის რიმაც თან წაიყვანა. სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებით, საფრანგეთში დაფუძნება მას არ გასჭირვებია. იქ უკვე ცხოვრობდა მისი დედა, თამარი, რომელსაც პარიზის მაღალი საზოგადოება "შავი ბრილიანტის“ სახელით იცნობდა. თამარმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა მისი ქალიშვილიც ბრწყინვალე საზოგადოების წევრი გამხდარიყო.

საფრანგეთში ჩასული ლამაზი ქართველი ქალბატონი, მალე მოექცა მაღალი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, არც თავის დამკვიდრება გასჭირვებია.

"თამარს მისმა დამ, ბებიაჩემმა - მარიამმა წინაპრებისგან, იმერეთის მეფეებისგან მემკვიდრეობით მიღებული ბრილიანტებითა და ზურმუხტებით შემკული ყელსაბამი მისცა. თამარმა სამკაული პარიზში მომგებიანად დააბანდა და შეძლებულად ცხოვრობდა“, - იხსენებს რიმა ერისთავის შთამომავალი მარინა ელიოზიშვილი.

პარიზულ საზოგადოებაში ქართველი თავადის ასულს Princesse Rimma Eristoff-ად იცნობდნენ. ის მართლაც გამოირჩეოდა დახვეწილი არისტოკრატიული გარეგნობით, შესანიშნავი გემოვნებითა და მუსიკალური ნიჭით.

არისტოკრატიული გარეგნობის ქართველმა გოგონამ მალე მიიქცია მსოფლიო მოდის შემქმნელის, კოკო შანელის ყურადღებაც. ის მოდების სახლ "იტებისა“ და კოკო შანელის მანეკენი გახდა.

როგორც ცნობილია, რიმა ერისთავს ოჯახი არ შეუქმნია, არავისთვის დაუკავშირებია ბედი. ბოლომდე დედასთან ერთად ცხოვრობდა. ორივე პარიზში გარდაიცვალა - თამარი 1975 წელს, რიმა კი 1982 წელს, დედის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ. დაკრძალულია ლევილში. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ