"დალის მოეწონებოდა საკუთარი ცხედრის ექსჰუმაცია" - ტაროს კარტზე მკითხავი ქალი ამტკიცებს, რომ დიდი მხატვრის ქალიშვილია - კვირის პალიტრა

"დალის მოეწონებოდა საკუთარი ცხედრის ექსჰუმაცია" - ტაროს კარტზე მკითხავი ქალი ამტკიცებს, რომ დიდი მხატვრის ქალიშვილია

გასულ პარასკევს ესპანეთის ქალაქ ფიგერასში, ლეგენდარული მხატვრის სალვადორ დალის ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდა. გადაწყვეტილება, ესპანეთის სასამართლომ 3 კვირის წინ მოქალაქის, მარია პილარ აბელი მარტინესის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. ქალი აცხადებს, რომ ის სალვადორ დალის შვილია. ექსჰუმაცია კი იმისთვის გახდა საჭირო, რომ მხატვრის არც ერთი ნივთი არ არსებობდა, რაზეც დნმ-ის კვალი იქნებოდა, რაც ექსპერტებს ანალიზის ჩასატარებლად და იდენტიფიკაციისთვის სჭირდებოდათ.

ოპერაციაზე, რომელიც 4 საათი გრძელდებოდა, მხატვრის კბილებიდან, ძვლებიდან და ფრჩხილებიდან სინჯები აიღეს.

ანალიზის ჩასატარებლად საჭირო გახდა მხატვრის საფლავიდან ნახევარტონიანი ფილა აეღოთ, რომელიც დალის საფლავს ფარავდა.

სალვადორ დალი 1989 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი საფლავი მხატვრის სახელობის მუზეუმში კატალონიაში, ქალაქ ფიგერასშია.

მარია პილარ აბელ მარტინესი რომელიც ტაროს კარტზე მკითხაობს, 1956 წელს დაიბადა. ის ამტკიცებს, რომ დედამისს ანტონიას დალისთან რომანი, სანამ ის დაიბადებოდა, ერთი წლით ადრე ჰქონდა. ანტონიას დედა კი იმ პერიოდში კადაკესში ერთ-ერთ ოჯახში სალვადორ დალის სახლის მახლობლად მსახურობდა.

ესპანეთის სასამართლოს დადგენილებას უარყოფითად შეხვდა მხატვრის ფონდის წარმომადგენლები, რომლებიც დალის ქონებას განკარგავენ.

აქამდე ცნობილი იყო, რომ სიურეალისტ მხატვარს შვილები არ ჰყავდა. ქალბატონი მარტინესი კი ამტკიცებს, რომ ბავშვობაში დედა და ბებია - მამის დედა უყვებოდნენ, რომ მისი მამა სალვადორ დალი იყო. მან ჟურნალისტებთან საუბრისას ბავშვობაში ბებიის ნათქვამი ციტატად მოიყვანა: "მე შენ ძალიან მიყვარხარ, თუმცა ვიცი, რომ შენ ჩემი ვაჟის შვილი არ ხარ, უფრო მეტიც, ვიცი რომ მამაშენი სალვადორ დალია"

აღმოჩნდა, რომ მარტინესის ინტერესები სახელმწიფო ინტერესებთან იკვეთება, რადგან დალიმ თავისი ქონება სახელმწიფოს დაუტოვა და თუ დამტკიცდ, რომ ქალბატონის მამა მართლაც მხატვარი იყო, მას უფლება აქვს მხატვრის ქონებაზე პრეტენზია გამოთქვას.

სალვადორ დალის ბიოგრაფის იან გიბსონის თქმით, თავად ფაქტი, რომ მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ქალთან "აბსოლუტურად აბსურდულია" რადგან, დალი ამაყობდა საკუთარი იმპოტენციით:

"დალი ყოველთის ტრაბახობდა რომ იმპოტენტი იყო. ამბობდა, რომ აუცილებელია იყო იმპოტენტი, რათა დიდი მხატვარი გახდე".

ახლო ურთიერთობა ჰომოსექსუალ პოეტ ფედერიკო გარსია ლორკასთან, აჩენდა ეჭვს, რომ დალიც ჰომოსექსუალი იყო, მაგრამ მხატვრის ბიოგრაფის აზრით, ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ.

კარლოს ლოზანო იხსენებს: "შეუძლებელი იყო დალის ვინმესთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონოდა, გალასთანაც კი, რადგან ის შეხებასაც კი ვერ იტანდა".

როგორც სალვადორ დალის ახლო მეგობარი ამბობდა, დალიმ ფსიქოლოგიური ტრამვა ჯერ კიდევ ბავშვობაში მიიღო.

"ვფიქრობ, დალის მოეწონებოდა მისი ცხედრის ექსჰუმაცია, ეს ხომ აბსოლუტურად სიურეალისტური ქმედებაა. ალბათ ამ ამბით დაინტრიგდებოდა", - განაცხადა დალის ბიოგრაფმა იან გიბსონმა.(წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

თარგმნა ეკა გადახაბაძემ