მიკროჩიპი ადამიანის სხეულში უკვე რეალობაა - მითები და საფრთხეები - კვირის პალიტრა

მიკროჩიპი ადამიანის სხეულში უკვე რეალობაა - მითები და საფრთხეები

დღესდღეობით უამრავი კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს ხელის მტევანში დასამოტაჟებელ მიკროჩიპებს, რომელიც მათ სწრაფ და ნაყოფიერ მუშაობას შეუწყობს ხელს. რა მოსალოდნელი რისკები ახლავს მიკროჩიპის ადამიანის სხეულში მოხვედრას?

მიკროჩიპები დაახლოებით ბრინჯის მარცვლის სიდიდისაა და მაგრდება ხელის გულზე, საჩვენებელ და ცერა თითს შორის.

33 წლის დევიდ უილიამსი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ეს იმპლანტი  აქვს გაკეთებული, შესაბამისად, გარშემომყოფებისგან განსხვავებით,  ხელის ერთი დაქნევით შეუძლია, მაგალითად, ოფისის კარის გაღება. მიკროჩიპი დაახლოებით ისეთივეა, როგორც უკონტაქტო ბარათი. უილიამსი, რომელიც კომპანია ozilla-ს სისტემის დამფუძნებელია, წარმოადგენს იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ე.წ ბიოჰაკერებად იწოდებიან. ეს ენთუზიასტების ჯგუფია, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სხეული თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი აღმოჩენებით. "მოამარაგონ".

უილიამსმა ამ შემთხვევაში გადაწყვიტა უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ჩაემონტაჟებინა რადიო სიხშირის იდენტიფიკატორი მოწყობილობა (radio frequency identification device (RFID)) - ჩიპი.

ჩიპის რომელიმე მოწყობილობასთან დარეგისტრირების შემდეგ, უილიამსისთვის შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ფუნქციების გამოყენება. მაგალითად, ხელის ერთი მოძრაობით შეუძლია მთელი თავისი კონტაქტების სიის თანამშრომლის ტელეფონში გადაგზავნა.

უილიამსი ამბობს, რომ მას ძალიან ცუდი მეხსიერება აქვს და იმპლანტის ჩამონტაჟების შემდეგ აღარ ესაჭიროება პაროლებისა თუ გასაღებების დამახსოვრება - ახლა მას ყველაფერი თან აქვს. ასევე მოსწონს, თუ როგორ მარტივად, ხელის მხოლოდ ერთი მოძრაობით შეუძლია ვინმეს საკუთარი ტელეფონიდან ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადაუგზავნოს. ეს ბევრი ადამიანისთვის მიმზიდველად ჟღერს და RFID მიკროჩიპებით დაინტერესებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. როგორც უილიამსი ამბობს, მისი ჩადგმის პროცედურა უმარტივესია და სტერილიზაციის წესების დაცვით, ადამიანს თვითონაც შეუძლია მიკროჩიპი ჩაიმაგროს.

მიკროჩიპის კაპსულა ასანთის ღერთან შედარებით

ასეთი ჩიპების მწარმოებელი კომპანიის (Dangerous Things ) ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შარშანდელ CNBC-ის ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე დაახლოებით 10 000-ზე მეტი ჩიპი გაყიდა.

მიუხედავად მომხმარებლების რიცხვის ზრდისა, ასევე იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ღელავენ კონფიდენციალობასა და პერსონალურ უსაფრთხოებაზე. ახლახან, მანქანების ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც აშშ-ში ფუნქციონირებს, გააკეთა განცხადება, რომ თავიაანთ თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში, სთავაზობენ ჩიპის იმპლანტების დამონტაჟებას.

Three Square Market  აცხადებს, რომ 300 დოლარის ღირებულების ჩიპით თანამშრომელს შეეძლება გააღოს კარები, ისარგებლოს საოფისე კომპიუტერის სხვადასხვა ფუნქციით და ამ კომპანიის კაფეტერიაში საკვებიც კი შეიძინოს. კომპანიის 50 თანამშრომელი უკვე დათანხმდა მიკროჩიპის იმპლანტაციის შეთავაზებას. ასეთივე სიტუაციაა მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიებში. ზოგიერთმა კომპანიამ 10 წლის წინ დაიჭირა თადარიგი და დაიწყო მიკროჩიპების ჩამონტაჟება თავიანთ მუშახელზე.

პარალელურად მრავალი აქტივისტი აპროტესტებს მიკროჩიპების გავრცელებას, რადგან ფიქრობენ, რომ მათი საშუალებით მოხდება თანამშრომლებზე თვალთვალი. კიბერნეტიკის პროფესორი კევინ ვორვიკი კი აცხადებს, რომ მიკროჩიპების გარეშეც შესაძლებელია ადამიანებზე ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება. ჩვენ ისედაც ვიყენებთ მიკროჩიპებს ჩვენს ბარათებზე, ძაღლებზე... ასე რომ, ჩიპი უბრალოდ საფულიდან სხეულზე გადაინაცვლებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპანიები ყოველთვის აძლევენ თავიანთ მუშახელს არჩევანის თავისუფლებას, უნდათ თუ არა ჩიპის იმპლანტაცია.

გასათვალისწინებელია, რომ ყოველდღიურად ვიყენებთ მრავალ ისეთ მოწყობილობას თუ ტექნოლოგიას, რომელიც ბევრად მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენს შესახებ (GGoogle, Apple and Facebook) , ვიდრე ერთი უბრალო მიკროჩიპი, - აცხადებს პროფესორი ვორვიკი.

კრაკოვის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი პაველ როტერი კი ამბობს, რომ მობილური ტელეფონებიდან ჰაკერული გზით მარტივია ინფორმაციის ამოღება, ასევე კამერისა თუ ჯი-პი-ეს-ის ფუნქციების ჩართვა და თვალთვალი. რაც შეეხება უილიამსის მიკროჩპს, ის მხოლოდ მაშინაა მართვადი, თუ "მკითხველისაგან" რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებითაა და ის ჯი-პი-ეს-ის გმოყენებით ადამიანის თვალთვალს გამორიცხავს. (წყარო)

მოამზადა ანა სიბოშვილმა