ჯვრისწერა მყინვარწვერზე და სიყვარულის წყალობით დაძლეული ურთულესი გზა - კვირის პალიტრა

ჯვრისწერა მყინვარწვერზე და სიყვარულის წყალობით დაძლეული ურთულესი გზა

25 წლის ბეჟან წინწალაშვილმა და ია მანგოშვილმა ხელი თბილისში, იუსტიციის სახლში მოაწერეს, მაგრამ ჯვარი მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მდებარე ტაძარში დაიწერეს - ტრადიციულ ქორწილს ასე ამჯობინეს და არაჩვეულებრივი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან. ბეჟანი მუსიკოსია. რამდენიმე წლის წინ სტუდია "ქართველო" დააფუძნა და მომავალ თაობას ხალხურ საკრავებზე დაკვრასა და სიმღერას შეასწავლის. ულმაზეს ქორწილის ამბავს ჟურნალი "გზა" 31 აგვისტოს ნომერში უყვება. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

ია:

- არ გვინდოდა ტრადიციული ქორწილი გვქონოდა და ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც მყინვარწვერზე დაიწერა ჯვარი. როგორც ვიცით, მეშვიდე წყვილი ვართ.

ბეჟანი:

-  33 კაცი ვიყავით, თითოეულს 25-კილოიანი ზურგჩანთა გვქონდა. გერგეტის სამებასთან ახლოს, სეტყვაში მოვყევით. პროგნოზით მხოლოდ წვიმას ველოდით და ცოტა არ იყოს, შეგვაშფოთა ამინდის ასეთმა ცვლილებამ. სანამ გერგეტის ტაძრამდე მივიდოდით, სეტყვამ გადაიღო და სტეფანწმინდას ცაზე ისეთი უშველებელი ცისარტყელა გადაეკრა, რომლის მსგავსიც არასდროს მინახავს.

- პატარძალსაც ატარებინეთ 25-კილოიანი ტვირთი?

ია:

- სხვანაირად არ შეიძლებოდა, ყველას თავისი ტვირთი ჰქონდა სატარებელი. ერთი დიდი ჩანთით მარტო კოსმეტიკა მქონდა წაღებული. საქორწინო კაბა კი, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო, ჩემმა მაზლმა - თორნიკემ ატარა მთელი გზა.

ბეჟანი:

- მიგვქონდა სამი დღის სამყოფი საკვები, ჩოხები და ჯვრისწერისთვის სხვა ბევრი აუცილებელი რამ. ამიტომ ვიქირავეთ ცხენები საბერწემდე (ეს ის ადგილია, რომლის შემდეგაც ალპური ზონა იწყება და ბალახიც კი აღარ გვხვდება), შემდეგ კი ყველაფერი თვითონ ვზიდეთ. მეორე დღეს ავედით მეტეოსადგურზე, გადავიარეთ ყინულის დიდი ფენა - მყინვარის ენას ეძახიან იმ ადგილს და საკმაოდ სარისკოა იქ გავლა. მეტეოსადგურიდან საათ-ნახევრის სავალზეა პატარა სამების ეკლესია - მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტაძარი ზღვის დონიდან.

იქ ბალახიც კი არ ამოდის, გაუსაძლისი ბუნებრივი პირობებია, ზაფხულშიც ძალიან ცივა. მოძღვარი, მაყრიონი, ოპერატორები - ყველამ იცოდა, რომ წინ რთული გზა გვქონდა. ბედნიერები ვართ, რომ არაერთი სირთულის მიუხედავად, მაინც შევძელით იმის გაკეთება, რაც გვინდოდა.

ია:

- სამ დღეში მოვასწარით ასვლა-ჩამოსვლა. უფრო მეტი დრო რომ გვქონოდა, ასე არ დავიღლებოდით. ჩემთვის რთული აღმოჩნდა გზა მყინვარწვერამდე, თუმცა ემოციურად - ძალიან დატვირთული. ჯერ მარტო იქიდან გადმოხედვა რად ღირს! ბოლომდე ახლაც მიჭირს მაშინდელი გრძნობების სიტყვით გადმოცემა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნინო ჯავახიშვილი