"არ მეგონა, რომ ასეთი მზრუნველი მამა იქნებოდა" - ქართველი კალათბურთელების ოჯახური ცხოვრება - კვირის პალიტრა

"არ მეგონა, რომ ასეთი მზრუნველი მამა იქნებოდა" - ქართველი კალათბურთელების ოჯახური ცხოვრება

იხილეთ ფოტოგალერეა

"ამ სიყვარულმა მოთმინება მასწავლა"

საქართველოს საკალთბურთო ნაკრები ბოლო ხანს გულშემატკივარს გამარჯვებებით ანებივრებს. მათი თამაშის ყურებისას ხვდები, რომ ბიჭები თითოეულ თამაშში სულსა და გულს დებენ. როგორც ამბობენ, მეუღლის წარმატებაში ლომის წილი სწორედ მეორე ნახევრებს აქვთ.

მაშინ, როცა ნაკრები ზაზა ფაჩულიასთან ერთად "ევრობასკეთზე" მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადებოდა, ცნობილი გახდა, რომ ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას მეუღლემ თიკა ალავიძემ იმშობიარა, წყვილს ორი ვაჟისა და ქალიშვილის შემდეგ, მეოთხე გოგონა შეეძინა.

ზაზამ და თიკამ ერთმანეთი 10 წლის წინ გაიცნეს , როგორც თიკა ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, მაშინ ის "სუხიშვილების" მოცეკვავე იყო:

"მაშინ ანსამბლ "სუხიშვილებში" ვცეკვავდი. მახსოვს, მცხეთაში გვქონდა კონცერტი და იქ მოვიდა. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ ზაზას ჩემი გაცნობა უნდოდა და კულისებში შემოიყვანა. სწორედ მაშინ შევხვდით პირველად.

ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე ზაზას ძალიან იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი მასთან აშშ-ში, დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა, რადგან ჩემთვისაც და ზაზასთვისაც ეს მანძილი ძალიან რთული იყო. ჩავედი ამერიკაში და იქ მოვაწერეთ ხელი", - იხსენებს თიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ანატოლი ბოისა და თეა ჩიხრაძეც უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან.

"ვხვდები, რომ ჩვენი სიყვარული ყველასგან განსხვავებულია. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ვაწყენინო, ოღონდ ტოლი იყოს კარგად, ბედნიერი და გაღიმებული ვნახო. ბევრს უკვირს ჩემი ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ მისთვის მართლა ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. დედაჩემი მეუბნება, სანამ ეს ადამიანი გამოჩნდებოდა შენს ცხოვრებაში, ძალიან ეგოისტი იყავი და მიხარია, რომ შეიცვალეო. ამ სიყვარულმა მოთმინება მასწავლა", - ამბობს თეა ერთ-ერთ ინტერვიუში.

თორნიკე შენგელიას მეუღლე სალომე ჯუღელი მოდელია, მისი ფოტოები ჟურნალ Vogue-ის ფრანგულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე - vogue.fr-ზე გამოქვეყნდა. მათ ორი შვილი ჰყავთ კახი და ცოტნე.

როგორც აღმოჩნდა, ძალიან კარგი მეუღლე და მამაა გიორგი ცინცაძეც:

გიორგი ცინცაძე: "ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, უფრო ნაკლებად ვარ ბავშვთან. დილით ვარჯიში მაქვს, რომლის შემდეგაც დასვენება მჭირდება, მერე ისევ ვარჯიში. ამიტომ, უმეტესად ნანა არის ბავშვთან. როცა დასვენების დღე მაქვს, აუცილებლად ოჯახს ვუთმობ. ისე, სხვა დღეებში მაინც ვახერხებ და დღის განმავლობაში ერთ-ორ საათს ვეთამაშები ხოლმე ბუბუს. სანამ დაიძინებს მასთან ვარ, მაგრამ, ძირითადად, ნანაზე გადადის ყველაფერი".

გიორგი შერმადინსა და ანი ამაშუკელს ერთი გოგონა ჰყავთ.

"არ ველოდი, რომ ასეთი კარგი და მზრუნველი მამა იქნებოდა. მე მაკონტროლებს ხოლმე, ბავშვს ხომ გამოუცვალე, ხომ ჩააცვიო. არ გაგვიცივდეს, ნუციკო არ ატიროთო - სულ ასეთი მოთხოვნები აქვს. ნუციკოზე გიჟდება, შვილიც ამავე გრძნობით პასუხობს. რასაკვირველია, უჩემოდ ვერ ძლებს, მაგრამ როცა მამას დაინახავს, გიჟდება. გიორგის რომ ვურეკავთ "სკაიპით" და ნუციკო დაინახავს, რომ მამამისი უყურებს, იპრანჭება, უცინის, უხარია, ცეკვავს. ხან რას ეუბნება თავისი ენით, ხან რას. ამბობს რაღაც სიტყვებს, დედას მცირე ასაკიდან ამბობს. ჯერ არ ალაპარაკებულა. ერთი წლის რომ არის, თითით გვაჩვენებს", - ამბობს ანი ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას

მანუჩარ მარკოიშვილსა და ანჟელა ნიკიტინს ერთი გოგონა ჰყავთ. ახლახანს შეუღლდნენ ვიქტორ სანიკიძე და მია ბიწაძე.

იხილეთ ფოტოგალერეა: ქართველი კალათბურთელების ოჯახური ცხოვრება

ეკა გადახაბაძე