კარგი რჩევების გამო ლუჩიანო აშშ-ის მთავრობამ ციხიდან გაათავისუფლა - ცნობილი მაფიოზების ხმაურიანი ცხოვრება - კვირის პალიტრა

კარგი რჩევების გამო ლუჩიანო აშშ-ის მთავრობამ ციხიდან გაათავისუფლა - ცნობილი მაფიოზების ხმაურიანი ცხოვრება

ცნობილი მწერლის მარიო პიუზოს რომანი "ნათლია", რომელიც კრიმინალური ავტორიტეტების ცხოვრებას ეხება, მოგვიანებით ფილმის სცენარად გამოიყენეს. ფილმი კი საკულტო ეკრანიზაციად იქცა. ვიტო კორლეონე, რომელიც წიგნის მთავარი გმირია, მხოლოდ და მხოლოდ სახეა, იმ კრიმინალური ავტორიტეტებისა, რომლებიც სინამდვილეში არსებობდნენ.

გთავაზობთ ისტორიებს კრიმინალურ ავტორიტეტებზე, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მაფიოზური კლანები შექმნეს:

ძმები კრეები

რეჯინალდ (რეგი) კრეი და რონალდ (რონი) კრეი 1933 წლის 24 ოქტომბერს ლონდონში დაიბადნენ. გასული საუკუნის 50-იან-60-იან წლებში ტყუპმა ძმებმა შექმნეს ახალი დაჯგუფება "The Firm". ამ ბანდის წევრები უამრავჯერ დააკავეს სხვადასხვა დროს გაჩენილი ხანძრების, ყაჩაღობის, მკვლელობებისა და შანტაჟისთვის.

ძმებმა ლონდონში ღამის კლუბი გახსნეს, რომელიც იმ პერიოდისთვის საკმაოდ იშვიათი იყო. სწორედ ამ კლუბში იყრიდნენ თავს იმ დროისთვის ცნობილი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, ცნობილ ადამიანებს შორის იყო ფრენკ სინატრაც. როგორც ცნობილია, სინატრა იმ პერიოდის განგსტერული ჯგუფების მხარდამჭერი გახლდათ.

ცნობილი ადამიანების ერთ სივრცეში თავმოყრის შემდეგ, ძმები ცნობილი სახეები გახდნენ. ისინი რამდენჯერმე ტელე-შოუშიც მონაწილეობდნენ, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა იმ პერიოდის მაფიოზებში. 1968 წელს ძმებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რეგის სიმსივნე აღმოაჩნდა. ის გარდაცვალებამდე 8 კვირით ადრე გაათავისუფლეს. მისი ძმა რონი კი, შიზოფრენიის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე წლის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პაბლო ესკობარი

ესკობარი 1949 წლის 1 დეკემბერს კოლუმბიაში დაიბადა. the Medellin-ის კარტელის მეთაურს "კოკაინის მეფესაც" უწოდებდნენ. როგორც ამბობენ, ის იყო ყველაზე ძლიერი მმართველი, რომელიც ნარკო-კარტელის სათავეში ყოფილა. მისი აღზევების ხანა 1993 წლამდე გრძელდებოდა. შემდეგ კრიმინალური ავტორიტეტი ჩაცხრილეს. თუმცა დღესაც არ იციან ზუსტად, მან თავი მოიკლა თუ მართლა პოლიციელებმა ჩაცხრილეს. ჟურნალ "ფორბსის" ინფორმაციით, მისი ქონება 3 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ფრენკ კოსტელო

დაიბადა 1891 წლის 26 იანვარს იტალიაში.

მისი თავდაპირველი სახელი ფრანჩესკო კასტილიაა, იტალიიდან ნიუ-იორკში ოჯახთან ერთად მაშინ გადავიდა როცა ჯერ კიდევ 4 წლის იყო. სიღარიბეში და ამერიკის ქუჩებში გაზრდილი ფრანჩესკო შემდეგ ყველაზე გავლენიანი განგსტერი ხდება. როგორც აღმოჩნდა, ფრენკი ბავშვობაში ერთ-ერთ ავტორიტეტულ კრიმინალთან ჩარლი ლუჩიანოსთან მეგობრობდა. სწორედ ლუჩიანოს დახმარებით მოხვდა ის სხვადასხვა ბანდაში, მონაწილეობა მიიღო კრიმინალურ დანაშაულებებში და მალე სახელიც გაითქვა. მისი ბიზნესი მოიცავდა როგორც აზარტულ თამაშებს, ასევე ალკოჰოლური სასმელების კონტრაბანდას. საბოლოოდ, იტალიელმა ბიჭმა კრიმინალურ სამყაროში მწვერვალს მიაღწია და ლუჩიანოს ოჯახის მმართველადაც დაინიშნა.

კარლო გამბინო

კარლო მაფიოზთა ოჯახში დაიბადა და ამიტომ, პატარა ასაკიდანვე ჩაერთო კრიმინალურ სამყაროში. უკვე 19 წლის ასაკში ის "ოჯახის" სრულუფლებიან წევრად ითვლებოდა. მსგავსი შემთხვევა, რომ 19 წლის ასაკის ბიჭი მაფიოზური კლანის წევრი გამხდარიყო, ძალიან იშვიათი იყო. გამბინო ნიუ-იორკში დასახლდა. რამდენიმე წლიანი მშვიდი ცხოვრების შემდეგ ის ლუჩიანოს მაფიოზური ოჯახის მმართველის ალბერტ ანასტასიას მკვლელობაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ის თავად გახდა კრიმინალური დაჯგუფების მთავარი ფიგურა. გამბინოს რეპუტაცია თანდათან უფრო იზრდებოდა, ამიტომ ოჯახის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ლუჩიანოს ოჯახისთვის გამბინოს ოჯახი დაერქვათ. ის მაფიოზურ კლანს 22 წელი მართავდა.

"გამბინო შხამიან გველს ჰგავდა, სანამ საფრთხეს ხედავდა ჩუმად იყო, თავს მოიმკვდარუნებდა, როცა საფრთხე გადაივლიდა მაშინ გამოჩნდებოდა" - იხსენებს ნიუ-იორკელი გამომძიებელი.

ბენჟამინ შიგელი

დაიბადა 1906 წლის 28 თებერვალს ნიუ-იორკში.

შეუვალი ხასიათის გამო, ბრუკლინის კრიმინალებმა მას "ბარსი" შეარქვეს. იყო მაიერ ლანსკის ბანდის Murder Incorporated-ის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იყო. თანამშრომლობდა ლუჩიანოს ოჯახთანაც. მისი საქმიანობა ძირითადად არალეგალური ალკოჰოლის გავრცელებას და შეკვეთილ მკვლელობებს მოიცავდა.

"ფლამინგო" ერთ-ერთი პირველი კაზინო იყო ლას ვეგასში, რომლის შექმნაშიც შიგელმა თითქმის მთელი ქონება დააბანდა. სხვადასხვა საქმის გამო მას უამრავი მტერი ჰყავდა, ის 1947 წელს მოკლეს.

მაიერ ლანსკი

ის 1902 წლის 4 ივნისს ბელორუსში დაიბადა. მაიერი ერთ-ერთი იმ მაფიოზთაგანია, რომელიც არც ამერიკაში და არც იტალიაში არ დაბადებულა. ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში 9 წლის ასაკში გადავიდა.

მისი ძლიერი მხარე ფინანსები და სათამაშო ბიზნესი იყო. სწორედ მან შექმნა თამაშის უდიდესი იმპერია, რომელიც მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მისი საქმიანობა შვეიცარიულ ბანკებსაც კი შეეხო. კრიმინალურ სამყაროში ლანსკი ყველაზე ჭკვიან და ეშმაკ მმართველად მიიჩნევა. ის იმდენად მოხერხებული იყო, არც ერთხელ არ მომხვდარა ციხეში, რაც კრიმინალებისთვის შეუძლებელი იყო.

ჯონ დილინჯერი

ის ინდიანაპოლისში, აშშ-ში 1903 წლის 22 ივნისს დაიბადა.

დილინჯერი ყველასთვის ცნობილი ბანკების გაქურდვის შემდეგ გახდა. მისი ცხოვრება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, ის 31 წლის ასაკში ჩაცხრილეს, თუმცა მოასწრო ციხიდან ორჯერ გაქცევა. ამბობენ იმასაც, რომ მას დედინაცვალთან რომანი ჰქონდა.

ჩარლზ ლუჩიანო

სწორედ ამ დღეს დაიღუპა ლაკი ლუჩიანო

ჩარლზ ლუჩიანო კრიმინალურ სამყაროში ორგანიზებული დანაშაულებების მეფედ ითვლება. 10 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ის სიცილიიდან ნიუ-იორკში გადასახლდა. სწორედ მისი წყალობით დაიყო ნიუ-იორკის ბანდები 5 ოჯახად და ამის შემდეგ ხელმძღვანელობდა თავის შექმნილ "ლუჩიანოს" მაფიოზურ კლანს.

ლუჩიანო იმდენად გავლენიანი იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელები ლუჩიანოს მიმართავდნენ რჩევებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ დროს ციხეში იმყოფებოდა. კარგი რჩევების გამო კრიმინალური ავტორიტეტი ამერიკის მთავრობამ ციხიდან გაათავისუფლა. პატიმრობის შემდეგ ის ისევ სიცილიაში დააბრუნეს, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

ალ კაპონე

ალ კაპონე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია. 14 წლის იყო სკოლაში მასწავლებელს რომ დაესხა თავს - სწორედ აქედან დაიწყო მისი კრიმინალური ცხოვრებაც. შემდეგ ის დაჯგუფება Five Points შეუერთდა. მისი ძირითადი საქმე მოიცავდა ბორდელებს, ალკოჰოლური სასმელების უკანონო გასაღებას და შეკვეთილ მკვლელობებს.

ის ალკატრასის ციხეშიც კი მოხვდა, თუმცა გაათავისუფლეს. ალ კაპონე კრიმინალურ სამყაროში გონიერებითა და გამბედაობით გამოირჩეოდა, სიცოცხლის ბოლო წლებში მას სხვადასხვა დაავადება აწუხებდა.

"თუ თქვენი მეგობრები გთხოვენ მოელაპარაკოთ თქვენს მტერს, ესეიგი თქვენმა გამცემებმა თქვენს ზურგს უკან მოილაპარაკეს" - ამბობდა კრიმინალური ავტორიტეტი.

ჯესი ჯეიმსი

ჯესი მისურის შტატში 1847 წლის 5 სექტემბერს დაიბადა.

ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პირველი კრიმინალური ავტორიტეტი იყო. როგორც ამბობენ, ჯესი აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის ომშიც კი იბრძოდა. James-Younger-ის დაჯგუფების წევრი ბანკებსა და მატარებლებს ძარცვავდა, რის გამოც სახელი სიცოცხლეშივე გაითქვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი

მოამზადა ეკა გადახაბაძემ