"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე"- პაიკივით თავმდაბალი დედოფლის ცხოვრება
27-09-2017
ფოტოგალერეა

შეუდარებელი ქართველი მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე პირველია ქალთა შორის, რომელმაც 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან ჩემპიონობა 1978 წელს, ასევე ქართველი მოჭადრაკისგან, ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილისგან გადაიბარა.

ვუნდერკინდი მოჭადრაკე 1961 წლის 17 იანვარს ქუთაისში დაიბადა.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მან 1978 წელს, ბიჭვინთაში მოიპოვა - იმ დროისთვის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 8,5:6,5 დაამარცხა. საინტერესოა, რომ მაია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი საინტერესო შემთხვევის წყალობით მოხვდა. მას საბჭოთა პირველობაზე სულ რაღაც
ნახევარი ქულა დააკლდა მე-4 ადგილის დასაკავებლად და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე-4 ადგილზე გასული ლუდმილა შერბინა ვერ წავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა... შედეგად მისი ადგილი მაიამ დაიკავა, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და შემდეგ კი ეს ტიტული კიდევ
4-ჯერ დაიცვა... 

1981 წელს ბათუმში პაექრობა ნანა ალექსანდრიასთან ყაიმით 8-8 დასრულდა, თუმცა ჩიბურდანიძემ ტიტული მაინც შეინარჩუნა. სამი წლის შემდეგ ვოლგოგრადში მან დაამარცხა ირინა ლევიტინა - 8-5. 1986 წელს მოწინააღმდეგე იყო ელენე ახმილოვსკაია , რომელთან მატჩშიც ჩიბურდანიძემ გაიმარჯვა 8½-5½. 1988 წელს, თელავში მცირე უპირატესობით დაამარცხა ნანა იოსელიანი 8½-7½.

საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში მაია ჩიბურდანიძემ 9 ოქროს მედალი მოიგო. როგორც თვითონ ამბობს, მათგან 4, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული, განსაკუთრებულად ძვირფასია...

1977 წელს მაია ჩიბურდანიძემ საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მოიპოვა, 1984 წელს კი ვაჟთა შორის. ჩიბურდანიძე საჭადრაკო ოსკარით 4-ჯერ დაჯილდოვდა.

როგორც ჩიბურდანიძე იხსენებს, ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში უფროსმა ძმამ ასწავლა:

"ჭადრაკის თამაში უფროსმა ძმამ 8 წლის ასაკში მასწავლა. მახსოვს, საღამოობით სიცივე რომ იყო, ბუხართან ვსხდებოდით და თამაშს ვიწყებდით. ის ჩემზე 10 წლით უფროსი იყო და რატომღაც ძალიან მალე დავიწყე მოგება. ძლიერი მათემატიკოსი იყო და ჩემი ეს მოგება მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო. ბრაზდებოდა აიღებდა ჭადრაკს, შეყრიდა ბუხარში და შემდეგ ვქექავდით ნაცარს და ბუხრიდან ვიღებდით. მეუბნებოდა, მსოფლიო ჩემპიონიც რომ გახდე, მაინც ვერ მომიგებო... შემდეგ ჩემი ძმა ტრაგიკულად დაიღუპა, ამ პერიოდში ჭადრაკზე ქუთაისში პიონერთა სახლში დავდიოდი და გამომიყვანეს, ამხელა ტრაგედიის დროს არავის ეცალა ჩემი ჭადრაკისთვის. რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე და ასე სასწაულებრივად განვაგრძე თამაში."

"უკვე 10 წლის ასაკში ძალიან ბევრი პრიზი მქონდა მოგებული, ამიტომ საჭიროება მოითხოვდა ქუთაისიდან თბილისში გადმოვსულიყავი და აქ გამეგრძელებინა თამაში".

1973 წელს მაია იყო ერთადერთი გოგონა, რომელმაც 11 წლის ასაკში ნონა გაფრინდაშვილს ერთობლივი სეანსისას მოუგო, სწორედ ამის შემდეგ გაიცნო ქართველი გოგონა საზოგადოებამ. 17 წლის ასაკში მან ნონა გაფრინდაშვილისგან უკვე მსოფლიო ჩემპიონობაც გადმოიბარა.

"არ მიყვარს წინასწარ ფიქრი იმაზე, რომ გავიმარჯვებ. უკვე ბოლო პარტიაში, როცა გადამწყვეტი იყო გავაკეთებდი თუ არა ყაიმს, აი, მაშინ შემეპარა გამარჯვებაზე ფიქრი, თორემ სხვა შემთხვევაში უბრალოდ ჭადრაკს ვთამაშობდი", - იხსენებს ნონა გაფრინდაშვილთან გადამწყვეტ თამაშს მოჭადრაკე.

როგორც საჭარდაკო ექსპერტები აფასებენ, მაია მთელი თავისი წარმატებული საჭადრაკო კარიერისას, დიდწილად საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს იმასაც, რომ ნონასავით გამარჯვების ჟინი და ამბიცია რომ მქონოდა, შეიძლება გაცილებით მეტისთვის მიმეღწიაო, თუმცა მეტი რაღა შეიძლება ყოფილიყო... არ დარჩა ქალთა ჭადრაკში ტიტული, რომელიც ქართველმა მოჭადრაკემ არ მოიპოვა.

2008 წელს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში, კერძოდ, ნალჩიკში ტარდებოდა, მაია იმდენად კარგ ფორმაში იყო, მას ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა რუსეთ-საქართველოს ომის გამო ამ პირველობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობას დღესაც იღებს. როგორც ამბობენ, მაია საოცრად თავმდაბალი, უბრალო ადამიანია, როგორც ერთ-ერთი მისი ნაცნობი ამბობს, ის პაიკივით თავმდაბალი დედოფალია... ეკლესიურად ცხოვრობს და ამბობს, რომ ყველაფერი რაც მის თავს ხდებოდა და ხდება უფლის ნებაა...

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ადრე როცა თამაში მიმდინარეობდა საზოგადოება უფრო მეტად იყო ჩართული, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა. მან უამრავ კარგ საქმესთან ერთად ახალი სისტემაც "მაიას ჭადრაკი" შემოიღო, რომელიც მოთამაშეებს განვითარებაში დაეხმარება.

"ჭადრაკი ბოლო ხანებში ჩიხში შევიდა, თითქოს უინტერესო გახდა, ახალი პულსია ჭადრაკისთვის საჭირო", - აღნიშნავს ჭადრაკის დედოფალი.

"დედა ყოველთვის მეუბნებოდა, არასდროს იამაყო შენი წარმატებებით და თავში არ აგივარდესო. ვფიქრობ, ადამიანებს სიყვარული აკლიათ, ჭეშმარიტად უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. ღმერთს შევთხოვდი, რომ საქართველოს მშვიდობა ჰქონდეს, არ დავკარგოთ ჩვენი ტრადიციები და ქრისტიანული ზნეობა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ლეგენდარულმა მოჭადრაკემ.

იხილეთ ფოტოგალერეა


იხილეთ ასევე: ნონა გაფრინდაშვილი: "3 ქორწილი მქონდა"

ეკა გადახაბაძე

თინათინი
15 იანვარი 2018 00:37
საყვარელი მაიკო.........
daviti nino-ს
27 ოქტომბერი 2017 15:21
მაია ქუთაისში ცხოვრობს, ნონა კი თბილისში.
30 სექტემბერი 2017 15:18
დიდებული, ლეგენდარული, , ღვთისგანრჩეული და გამოჩინებული, სათნო, თავმდაბალი და არ ვიცი, კიდევ-რა!

რედაქტორის რჩევით