ეგზოტიკური ტომი, რომელიც თავს უცხოპლანეტელთა შთამომავლად მიიჩნევს
ეგზოტიკური ტომი, რომელიც თავს უცხოპლანეტელთა შთამომავლად მიიჩნევს
"ჩვენ არა გვყავს მბრძანებელი, არ ვემორჩილებით არავის და თავისუფლებით ვტკბებით", - ამაყად ამბობენ სურმელები, რომლებიც თავს უცხოპლანეტელების შთამომავლებად მიიჩნევენ და ძალიან ამაყობენ თავიანთი წარმომავლობით, ორიგინალური მორთულობა აქვთ და უცნაური ნახატებით იჭრელებენ სხეულს, არ ცნობენ ცივილიზაციას და ქედმაღლურად უყურებენ სტუმრად მისულ ცნობისმოყვარეებს.

აფრიკის გულში, ეთიოპიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სუდანისა და კენიის საზღვართან, სამყაროსგან უზარმაზარი მთებით იზოლირებულ ტერიტორიაზე, ცხოვრობს ნახევრად მომთაბარე ტომი - სურმა, რომელიც სულ რაღაც 28 ათას აბორიგენს აერთიანებს.

მძიმე კლიმატური პირობების და რთული რელიეფის, გაუვალი გზებისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის წყალობით მცირერიცხოვანი
სურმა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული და ანთროპოლოგიურად ნაკლებად შესწავლილი ტომია. თუმცა, სულაც არ ანაღვლებს გარე სამყაროსთან კონტაქტის დეფიციტი, ცივილიზაციის მიღწევებიდან კი მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატს ცნობს და ჩალის ქოხებით, შინაური პირუტყვითა და პრიმიტიული შრომის იარაღებითაც კმაყოფილია.


მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის მიმდევარ სურმას მშვიდ ცხოვრებას მხოლოდ მეზობელი ტომების თავდასხმები არღვევს, თუმცა, არასოდეს იხევს უკან და მტრულად განწყობილ მეზობლებს საკადრის პასუხს სცემს. მართალია, მარცხის შემთხვევაში, როცა მტერი დაუნდობლად ანადგურებს მოსავალს და იტაცებს შინაურ საქონელს, ტომი იძულებულია, დატოვოს საცხოვრებელი და სხვაგან გადაბარგდეს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც მშობლიურ ადგილებს
უბრუნდება.

თავდაცვისთვის მუდმივმა მზადყოფნამ სურმა ძლიერ და დახელოვნებულ მებრძოლებად აქცია, რაზეც ტრადიციული დღესასწაული დონგაც მიანიშნებს - რიტუალური ორთაბრძოლები მოსავლის აღების შემდეგ იმართება და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით ცეკვა-სიმღერა და მხიარულება არ წყდება. სოფლებს თავ-თავიანთი ფალავნები გამოჰყავთ, რომლებიც რამდენიმე ბრძოლას მართავენ და ორმეტრიანი ჭოკებით ცდილობენ მეტოქეების დამარცხებას. ორთაბრძოლათა უმეტესობა წუთზე ნაკლებს გრძელდება. სხვა აფრიკული ტომებისგან განსხვავებით, სურმას მეომრები მკერდს, ხელებსა და ფეხებს მეტალის ფარებით იცავენ, თავსა და ყელს კი სქელი ქსოვილით იხვევენ, რომ მძიმედ არ დაშავდნენ.

ველური ტომი ორთაბრძოლებს ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მართავს და მხოლოდ მოწინააღმდეგის მოკვლას კრძალავს. წესის დამრღვევი სასტიკად ისჯება და ქონებაჩამორთმეული ოჯახთან ერთად შერცხვენილი ტოვებს თემს, ქალიშვილს კი დაზარალებულის ოჯახს გადასცემს. სამაგიეროდ, გამარჯვებული სარგებლობს უდიდესი პატივით და თამამად ირჩევს გულშემატკივარ გოგონათა ჯგუფიდან საცოლეს, რომელიც, რა თქმა უნდა, არასოდეს ამბობს უარს ჩემპიონისა და სოფლის სიამაყის ცოლობაზე.

თუ სურმას მამაკაცებისთვის დონგა ძალისა და მოხერხებულობის დემონსტრირების საშუალებაა, მოდის მოყვარული ქალებისთვის დღესასწაული პოდიუმს ემსგავსება - გასაქანი ეძლევა ადგილობრივი მხატვრების ფანტაზიას და სხეულზე ორიგინალური მოხატულობის ჩვენება თითქმის მთელი დღე გრძელდება. მართალია, უძველეს დროში ამგვარი მოხატულობა რიტუალური იყო და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მკაცრი წესების დაცვით კეთდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სხეულის მოხატვას დეკორატიული დანიშნულება შერჩა და დღეს სურმას წარმომადგენლები ნებისმიერი მიზეზით თუ უმიზეზოდ იხატავენ ტანს. ოსტატთა პალიტრა მწირია და მხოლოდ ორ ფერს - თეთრს, ბუნებრივ ცარცს, რომელიც ფონად გამოიყენება, და მოწითალო ნარინჯისფერს, ჟანგმიწას ხმარობენ. ნახატის დატანამდე წყალში კარგად გახსნილი ცარცით იფერებიან, გაშრობის შემდეგ კი ნამიანი თითებით იკეთებენ საჭირო ნახატს და მეტი ეფექტურობისთვის ფრაგმენტულად იშორებენ თეთრ ფერს, რაც კანის ბუნებრივ შოკოლადისფერთან ერთად უნიკალურ სამფერიან შეხამებას ქმნის.
განსაკუთრებით პოპულარულია პარალელური ტალღოვანი ხაზები, რომლებიც ყელიდან და მხრებიდან ვერტიკალურად ეშვება მუხლებამდე და ხშირად მკერდსა და მხრებზე სწორი ზოლებით, წერტილებითა და ხვეულებით ივსება. ფერწერის დიდი სიყვარულის მიუხედავად, მომთაბარე აბორიგენების კანონიკური ნახატი მხოლოდ პრიმიტიულ ელემენტებს ცნობს და სასტიკად ეწინააღმდეგება გეომეტრიული ფიგურების გამოყენებას. ფავორიტ ფერებს შორის წითელია, რომელიც ქალების პრივილეგიად ითვლება და მაკიაჟის დომინანტი ფერია.

უფროსებს არც ბავშვები ჩამორჩებიან, რადგან შთამომავლობაზე საღებავის დაზოგვა სურმას ტომში ცუდ ტონად ითვლება. პატარების სახეებს ან წრე, მზის სიმბოლო ამშვენებს, ან მზესუმზირა, რომელსაც თეთრ ფონზე ნარინჯისფერი წინწკლებით გამოსახავენ. ორიგინალურ ნახატებს, რომელთაც სურმა, ერთი მხრივ, მალარიის გადამტანი საშიში მწერებისგან დასაცავად, მეორე მხრივ კი, მტრისა და ბოროტი სულების თუ ჯადოქრების დასაფრთხობად იყენებს, მისტიკური მნიშვნელობა აქვს და დაშიფრულ ინფორმაციას ატარებს - სწორედ სიმბოლოებით აღნიშნავენ ტომის წევრები საკუთარ სახელს, ასაკსა და კლანის კუთვნილებას.

სურმა სილამაზესაც თავისებურად აღიქვამს. ტანისა და სახის მოხატვის შემდეგ ქალები ტუჩებსა და ყურებს სხვადასხვა ზომის ფირფიტებით იმშვენებენ. ამ ადათის წარმოშობა, რომელიც მხოლოდ სურმას ტომმა შეინარჩუნა, უცნობია. 15-18 წლის გოგონებს ქვედა ტუჩს უჭრიან, რაც მტკივნეული და სახიფათო ოპერაციაა, მერე კი უდგამენ მომცრო ფირფიტას, რომელიც პერიოდულად შედარებით მოზრდილით იცვლება. მისი საბოლოო ზომა გოგონას მშობლების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ამგვარი დისკები დამცავ ფუნქციასაც ასრულებს, რადგან გატაცების ან მონად გაყიდვის შემთხვევაში, სხვა აფრიკული ხალხებისგან განმასხვავებელი ამ თავისებურების წყალობით შეიძლება ამ ტომის ქალების მოძიება. სახის სამკაულთან ერთად, მოწიფული გოგონები ატარებენ მეტალის ფირფიტებისა და თოფის მასრებისგან აკინძულ წინსაფარს, რომელიც ხუთ კილოგრამზე მეტს იწონის და მათ გარდერობში გათხოვებამდე რჩება, რათა თავი დაიცვან აბეზარი თაყვანისმცემლებისგან.

მართალია, სურმა ცივილიზებულ სამყაროს ძალზე ჩამორჩება განვითარებით, მაგრამ ზნეობრივ კანონებს მაინც შესაშური ერთგულებით იცავს და ქორწინებამდე დაფეხმძიმებული გოგონა მთელი სოფლის სირცხვილად ითვლება, მას სიცოცხლის ბოლომდე თვისტომთაგან გაკიცხვის მოთმენა უწევს. საქვეყნოდ შერცხვენილს ვერც ვერაგ მაცდუნებელთან შეუღლება შველის და რაც მთავარია, სამუდამოდ ემშვიდობება ტუჩით დისკის ტარების პრივილეგიას. სხვათა შორის, სურმას ტომში შეუღლება განსაკუთრებული რიტუალით არასოდეს აღინიშნება. საპატარძლოს მშობლები სასიძოს მხოლოდ ათ ან ოც ძროხას, ზოგჯერ ავტომატს ან თოფს აძლევენ.

მართალია, სამყაროსგან იზოლირებული სურმას დასახლებამდე მიღწევა ძნელია, მაგრამ მკვლევრები და განსაკუთრებით, ტურისტები არაფერს იშურებენ ეგზოტიკური აფრიკული ტომის თუნდაც რამდენიმე ფოტოს ხელში ჩასაგდებად. სურმა არასოდეს ავლენს აგრესიას თეთრსახიანებთან, თუმცა, არც ურთიერთობის დიდ სურვილს გამოხატავს. მეტიც, ცუდად დაფარული ქედმაღლობით მასპინძლობს სტუმრებს და ხშირად აბუჩადაც იგდებს. არც პატარა აბორიგენები ხვდებიან უცხოელებს სიხარულით და არასდროს კადრულობენ შეთავაზებული საღეჭი რეზინის ან ყველას საყვარელი გამაგრილებელი სასმლის მიღებას. მართალია, სურმელები დიდი ხანია შეეჩვივნენ გადაჭარბებულ ინტერესს და არც ფოტოკამერების ჩხაკუნი აშინებთ, მაგრამ მათი პოზირებაზე დათანხმება არც ისე იოლია.

თუ კარგ გუნებაზე არიან, ფოტოსესიას უსასყიდლოდ თანხმდებიან, მაგრამ თუ უგუნებობამ შეუტია, უზარმაზარ თანხას მოითხოვენ და შევაჭრებასაც არა აქვს აზრი, რადგან უბოდიშოდ შეტრიალდებიან და წავლენ. მართალია, ფულის დანიშნულება აბორიგენებს დიდხანს არ ესმოდათ და ანგარიშსწორების ერთადერთ ფორმად გაცვლას აღიარებდნენ, მაგრამ გამოხდა ხანი და მათაც აღმოაჩინეს კუპიურების დანიშნულება და სწრაფადაც შეისწავლეს ახლომდებარე სოფლებში ბაზრის მდიდარი ასორტიმენტი. ქედმაღლობით განთქმული სურმას სიამაყე და ადამიანების მიმართ გულგრილობა მათი წარმომავლობით აიხსნება, რადგან, როგორც თავად ამბობენ, მათი შორეული წინაპრები, არც მეტი, არც ნაკლები, უცხოპლანეტელები იყვნენ. ლეგენდის თანახმად, ყოფილ უცხოპლანეტელებს და ახლა უკვე აფრიკელ ველურებს ტელეპათიის უნარი აქვთ და ფიქრის შორ დისტანციაზე გადაცემა შეუძლიათ. სურმა იოლად წვრთნის ველურ ცხოველებს და არც კანიბალიზმს ერიდება. თუმცა, როგორც ამტკიცებენ ისლანდიელი მეცნიერები, რომელთაც ოთხ თვეზე მეტი გაატარეს სურმას ერთ-ერთ სოფელში, აბორიგენები არასოდეს ყოფილან კაციჭამიები. რა თქმა უნდა, ისლანდიურ ექსპედიციას ადგილობრივები ჩვეული ამპარტავნებით შეხვდნენ და მეცნიერებს დიდი დრო დასჭირდათ მათი გულის მოსაგებად. თავიდან გაუგებარი იყო მათი ამპარტავნების მიზეზი, მოგვიანებით კი, გაიგეს, რომ მხოლოდ მათთვის დაუშვიათ გამონაკლისი და რამდენიმე კითხვას უპასუხეს, რადგან სურმას ტომისთვის მიუღებელია დედამიწელებთან ურთიერთობა.

"ჩვენ ზეცაში ჩვენს ღმერთ ტუგოსთან ერთად ვცხოვრობდით. ერთხელ მან ღრუბლებში გასასვლელი გახსნა და თოკები მოგვცა დედამიწაზე დასაშვებად. აქ მდინარე კიბიშის ხეობაში მოვედით. მერე ერთმა ქალმა თოკი გადაჭრა და ზეცა დაიხურა. მას შემდეგ ჩვენ არ ვიცით, სად ვეძებოთ ტუგო", - ამბობს სურმას უძველესი თქმულება, რომელიც მეცნიერთა ნაწილში მხოლოდ ირონიას იწვევს, მაგრამ ნაწილისთვის ამტკიცებს მოსაზრებას, რომ სურმას ისტორია ძვ. წ. მე-5 საუკუნეში იწყება, როცა ეთიოპიის მთებში ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა კატასტროფა განიცადა. ეკიპაჟი, რომელსაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა, იძულებული გახდა, დედამიწაზე დარჩენილიყო და დღევანდელი სურმას წინაპრად იქცა. რა თქმა უნდა, უცხოპლანეტელთა შთამომავლების საყვარელ მითებს ვერასოდეს გაამყარებს რეალური ინფორმაცია, თუმცა, მეცნიერებმა მაინც შეძლეს ტომის უცნაური წარმომავლობის მატერიალური მტკიცებულებების მოპოვება და სურმას ტერიტორიიდან გრუნტის და მინერალების სინჯების აღების შემდეგ დაადგინეს, რომ ძვ. წ. მე-5 საუკუნეში ტომის მფლობელობაში არსებული მიწებიდან ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრში მართლაც მოხდა რეაქტიული აფეთქება. აღმოჩენილ მინერალთა უმეტესობა უდავოდ კოსმოსური წარმოშობისაა.

სხვათა შორის, თითქმის ყველა აფრი­კული ტომის თქმულება წინაპრების გალაქტიკაში მოგზაურობას ასახავს. მათ ლეგენდებს მხარს უჭერენ უფოლოგები და შეთქმულების თეორიის მოყვარულები, რომლებიც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ შავი კონტინენტი დიდი ხანია უცხოპლანეტელთა სათადარიგო ბაზაა და აფრიკის დაუსახლებელი ტერიტორიის გულისყურით შესწავლის შემთხვევაში მართლაც შეიძლება უამრავი კოსმოსური საიდუმლოს ამოხსნა.

იხილეთ სიუჟეტი
ანა-ს
15 ნოემბერი 2017 13:10
ანა შენ რა გვარის ხარ? გვარების შედარებას და კვლევებს არ გირჩევ, გეტყობა ამის ნიჭი არა გაქვს, სხვა რამეში მოძებნე შენი შესაძლებლობები...
ბესო
15 ნოემბერი 2017 12:49
ნეტა რუსებმა იციან ამათი არსებობა? თორემ აფხაზეთის აღიარებას მოსთხოვენ, აბა აფხაზეთის უმეტესობა ამათი ღირსიც არაა.
მარი
15 ნოემბერი 2017 09:43
მოგესალმებით. სურმელები სამხრეთ-დასავლეთით ცხოვრობენ და არა სამხრეთ-აღმოსავლეთით. ეს ისე ცნობისთვის
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?