"ძალიან მინდა მამის გაცნობა, ურთიერთობა მასთან" - 32 წლის ხათუნა ყენია მამას ეძებს - კვირის პალიტრა

"ძალიან მინდა მამის გაცნობა, ურთიერთობა მასთან" - 32 წლის ხათუნა ყენია მამას ეძებს

AMBEBI.GE-მ დაიწყო ახალი რუბრიკა "მკითხველის ამბები", რომელშიც გამოქვეყნდება საიტის მკითხველის ისტორიები და საინტერესო ამბები. ახალი რუბრიკის პირველი სტუმარი 32 წლის ხათუნა ყენიაა, რომელიც, როგორც ამბობს, მამას და მის ნათესავებს ეძებს.

"დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ვარ ჟურნალისტი, მაგრამ პროფესიით არ მიმუშავია, ერთ-ერთ ცნობილ კერძო წარმოებაში ვსაქმიანობ. ვცხოვრობ მარტო, მიუხედავად იმისა, რომ არ მყავს დედმამიშვილები, მყავს კარგი სამეგობრო და სანათესაო (დედის მხრიდან) წრე, მარტოობას არ ვუჩივი.

ვცხოვრობ ნორმალურად, ვსწავლობ უცხო ენებს, ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, უკეთესი მომავლის, როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში... არანაირი მატერიალური დაინტერესება არ მაქვს, ბინაც მაქვს და კარგი სამსახურიც, უბრალოდ, მინდა, ვიცნობდე მამას (ტარიელ ყენიას)! იქნებ და, ან ძმაც მყავს? სამომავლოდ, ეს უნდა ვიცოდე..."

როგორც ხათუნა ამბობს, მშობლები კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, მაგრამ არ იცის, მათ შორის რა მოხდა, ფეხმძიმედ მყოფი დედა მამამ რატომ მიატოვა, რატომ გაშორდნენ... თუმცა, სანამ დედა ცოცხალი ჰყავდა, ეუბნებოდა, რომ მამა ავარიაში დაიღუპა, რომ მისი გვარი ყენია სამეგრელოდან, სოფელ ნაჯახაოდან მოდის, რომ ჰყავს ბაბუა, გიორგი და ბიძა - ბადრი (უკრაინაში)... თუმცა, ხათუნამ მხოლოდ დედის გარდაცვალების შედეგ გაარკვია, რომ სამეგრელოსთან მის გვარს არაფერი აკავშირებდა... "მეგობარმა სოფელ ნაჯახაოში მოიკითხა და უთხრეს, რომ იქ ტარიელ გიორგის ძე ყენიას არასდროს უცხოვრია და იმ სოფელში ყენიები საერთოდ არ არიან," - განმარტავს ხათუნა.

მან სანათესაოშიც (დედის მხრიდან) სცადა ამ საკითხის გარკვევა, მაგრამ როგორც ამბობს, ამაზე საუბარი მათ არ მოისურვეს...

"ჩემი ეჭვები, რომ მამა ცოცხალი იყო, იმან გაამძაფრა, რომ რამდენიმე წლის წინ, ჩემს დეიდაშვილს წამოსცდა, - მამაშენი რუსეთში წავიდა და სულაც არ დაღუპულა ავარიაშიო... რა თქმა უნდა, ამ ამბავმა ყველაფერი ყირაზე დააყენა... დედა გვიან გათხოვდა, 40 წლის იყო, მამაც მაგ ასაკის ყოფილა. თუ ცოცხალია, სადღაც 72-75 წლამდე უნდა იყოს. დედის ნათესავებთან დეტალების გარკვევა ერთხელაც ვცადე, მაგრამ დეიდაშვილმა და დეიდამ მითხრეს, - რად გინდა, მისი ამბის გაგება, მძიმე ხასიათის იყოო... მაგრამ ასეთი პასუხები უფრო მიმძაფრებს ინტერესს... ისე, დედაც არ იყო რბილი ხასიათის, ჯიუტი და თავისნათქვამი ქალი გახლდათ, ამაყიც, თუმცა ალალი და უბოროტო...

- ე.ი. ამდენი წლის განმავლობაში მამას ერთხელაც არ მოუკითხიხარ?

- არანაირი დაინტერესება მისი მხრიდან არ ყოფილა, არც მისი ნათესავებისგან... ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს, შესაძლოა, იყო კიდეც, მაგრამ ჩემამდე ამ ამბავს არ მოუღწევია. მოკლედ, ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი... როგორც ვიცი, დედა გარიგებით გათხოვდა, ამ საქმეში ბებიას, დედის დედას დიდი წვლილი მიუძღვის... ბებომ გააცნო ისინი ერთმანეთს, მისი მოწონებული სასიძო გახლდათ. მამა არქიტექტორი ყოფილა, დედა - ბიოლოგი იყო, 90-იან წლებამდე მუშაობდა, მერე როგორც ყველა, ისიც უსამსახუროდ დარჩა...

დედაჩემი წარმოშობით ქუთაისიდან გახლდათ, გვარად შუკაკიძე, სტუდენტობის პერიოდიდან თავის დედასთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა... წლების შემდეგ კი მამაჩემზე იქორწინა და გავუჩნდი მე... მამასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვებს კიდევ ის ამძაფრებდა, რომ დედას არ უნდოდა ამ თემაზე ჩემთან საუბარი... როდესაც წამოვიზარდე, ვფიქრობ, რომ შეგნებულად მირევდა თავ-გზას, ალბათ, რომ არ მომეძებნა... მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები გვეხმარებოდნენ, 90-იან წლებში, როგორც ყველას, ცხოვრება ჩვენც გვიჭირდა. სხვა საფიქრალი გვქონდა. მოკლედ, ვიზრდებოდი ოჯახში (დედა და ბებია მზრდიდნენ), სადაც მამა არ ყოფილა და არც მასზე საუბარი იყო მიღებული...

გაგრძელება