"ექიმო, ცოლი მეუბნება, რომ დებილი ვარ!"
15-11-2017
"ექიმო, ცოლი მეუბნება, რომ დებილი ვარ!"
რუბრიკის "ექიმები ხუმრობენ" სტუმარია თერაპევტი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ტატუნაშვილი:

მოგეხსენებათ, იმისთვის, რომ იარაღის ტარების ნებართვა მიიღოს ადამიანმა, მან უნდა გაიაროს შემოწმება ნარკოდისპანსერსა და ნევროლოგიურ დისპანსერში. ნევროდისპანსერი. მოქალაქეები დერეფანში სხედან, ექიმს მიღება აქვს, კორიდორში გამომავალი კარი ღიაა. ყველას ესმის სტანდარტული კითხვები და პასუხები. ექიმის მისაღებში ახალგაზრდა მამაკაცი შედის. ექიმი ეკითხება, ხომ არ უჩივის თავის ტკივილებს, თავბრუხვევას, ნერვულ დარღვევებს, დეპრესიას და ასე შემდეგ, რაზეც მამაკაცი პასუხობს: "საერთოდ არაფერს არ ვუჩივი, ექიმო, მაგრამ
ცოლი მეუბნება, რომ დებილი ვარ!" დერეფანში მსხდომები იატაკზე გაწვნენ. ექიმი ლამის მაგიდის ქვეშ შეძვრა, მაგრამ ჯანმრთელობის ცნობა პაციენტს მაინც მისცა.

"გაიქეცი, პეტროვიჩ, გაიქეცი!!!"
ეს კურიოზი ერთ-ერთი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოხდა. პალატაში მძიმე პაციენტები წვანან. ზოგი თავიდან ფეხებამდე თაბაშირშია, ზოგს გირები ჰკიდია... მოკლედ, მოწყენილობაა. მათ ცხოვრებას
ოდნავ ახალისებს მარტოხელა ტარაკანა, რომელსაც მოფერებით პეტროვიჩს ეძახიან
. ყველა პაციენტმა იცის მისი საყვარელი გზა ფანჯრის რაფაზე და ფანჯარასთან ყველაზე ახლოს მწოლიარე ავადმყოფის ხელით ამ გზაზე გემრიელ ნამცეცებს უწყობენ.
ერთ მშვენიერ დღეს, გამთენიისას, პალატაში ძლიერ ნასვამი ორივე ფეხმოტეხილი მამაკაცი შემოიყვანეს. უკვე თაბაშირის ნახვევები ედო, მაგრამ ალკოჰოლისგან იყო გათიშული. კარის მახლობლად იწვა, ეძინა და ოთახს პირიდან ამომავალი ალკოჰოლის ოხშივარით ავსებდა. გათენდა, ექიმები სამსახურში გამოცხადდნენ და აი, დილის შემოვლაზე მოხდა ყველაზე საინტერესო რამ - პალატაში შემოდის განყოფილების გამგე, რომელიც სინჯავს პაციენტებს და უცებ ფანჯრის რაფაზე მოსიარულე ტარაკანს ამჩნევს, რომელიც გემრიელი სასუსნავის ძებნაში საკუთარ მარშრუტს მიუყვება. ექიმმა, რომელიც სანიტარიული პირობების ასეთი სასტიკი დარღვევის გამო საშინლად გაბრაზდა, ფეხსაცმელი გაიძრო და ტარაკნისკენ გაექანა... პალატაში მწოლი პაციენტები ერთხმად აღრიალდნენ: "გაიქეცი, პეტროვიჩ, გაიქეცი!!!" - და ისიც გაიქცა, დილით შემოყვანილი ფეხებმოტეხილი მამაკაცი, რომელიც შემთხვევით მართლა პეტრეს ძე აღმოჩნდა. ნახევარი საათის ძებნის შედეგ ძლივს მიაგნეს - ერთი სართულით ზემოთ, ქალთა განყოფილებაში იყო შეყუჟული... (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით