"ძალიან ცოტა დრო მაქვს წუთისოფელში. "ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, ამდენი აღარ მცალია" - კვირის პალიტრა

"ძალიან ცოტა დრო მაქვს წუთისოფელში. "ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, ამდენი აღარ მცალია"

ალბათ, გიორგი გილიგაშვილი სერიალის - "ტიფლისის" მაყურებლებს ახსოვთ, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში სტუმრობის შემდეგ, გიორგი პოპულარობის ზენიტში აღმოჩნდა, რადგან მისი საუბრის სტილი, ტერმინოლოგია, სიდარბაისლე თანამედროვე ქართული სამეტყველო ენისგან განსხვავდება.

ამასთან დაკავშირებით გიორგის ასეთი აზრი აქვს: "ყველაზე თანამედროვე ის ტერმინოლოგიაა, რომელიც არ კვდება. წარმოიდგინეთ, 4 ათასი წლის წინ, ხეთების მეფე ამბობს: "ჩემმა მზემან, დავიპყარ ეგვიპტე". 4 ათასი წლის წინანდელ სიტყვას ვამბობ და თქვენ მეუბნებით, ძველიაო?! ჩემმა მზემ, ასე დედამიწაც ძველია, გალაქტიკაც და საერთოდ, ქუდები დავიხუროთ და აქედან წავიდეთ, რადგან ეს ყველაფერი ძველია..."

გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანი გახლავთ. მიიჩნევს, რომ ეროვნული მოტივები ოფიციალურმა გაერთიანებებმა კი არ უნდა წარმოაჩინოს, არამედ - "თითოეულმა ქართველმა საკუთარ თავში პატარა საქართველო უნდა აცოცხლოს..." ვეცადეთ, ეს საინტერესო პიროვნება "გზის" მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო.

- ტელეგადაცემაში გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდით. რეალურ ცხოვრებაში პოპულარობას გრძნობთ?

- მე ცნობილი დავიბადე: დაბადებისთანავე, ჩემს ოჯახში ყველა მიცნობდა (იცინის). მერე ნათესავებმაც გამიცნეს, მეზობლებმაც... თქვენ რასაც გულისხმობთ, სხვათა შორის, ჩემკენ მომართული მზერათა რაოდენობა გაორმაგდა თუ არ გასამმაგდა... რაც მთავარია, ეს ყველაფერი მავსებს და მახარებს. როცა სხვა იღიმის, მის ღიმილსა და ბედნიერებას ვიზიარებ. გულწრფელი ღიმილი გულწრფელი პოეზიაა, რაც ადამიანს ადამიანად დარჩენაში ეხმარება. დიდება უფალს...

- რატომ ჩამოგიყალიბდათ საუბრის ასეთი სტილი, მანერა?

- რა გითხრათ? ერთ დღეს არ გადამიწყვეტია, რომ ასე მესაუბრა. უბრალოდ, რაღაცებმა მოიტანა, პირველ რიგში - ჩემმა გენმა. ეს ჩემი სიტყვები არ არის - მინდა, ამას ხაზი გავუსვა: ხალხს ჩემი საუბარი იმიტომ მოეწონა, რომ ეს მათ გენშია, მათი წინაპრის სიტყვებია, ეს ყველაფერი მათია. ამიტომ შეიყვარეს და მეც ამიტომ მიყვარს ყველა. ჩვენ ერთნი ვართ, უერთმანეთოდ არ შეგვიძლია...

- როგორ გარემოში გაიზარდეთ?

- ხილიანელი ვარ, ჩემმა მზემ. იმ თაობის წარმომადგენელი გახლავარ, რომელიც 90-იან წლებს მეტ-ნაკლებად მოესწრო (1988 წელს დავიბადე). მეც ჩვეულებრივად გავიზარდე ქუჩური გარჩევების, ავტომატის ჯერით სროლების ფონზე... უბრალოდ, დედაჩემი დედამიწაზე ყველაზე ლამაზია, მამაჩემი კი - ყველაზე ძლიერი, ჩემი დები - ყველაზე მშვენიერები. ჩემს ძმას რაც შეეხება, ეს ბავშვი ისე მაბრაზებს, რომ ახლა მასზე მხოლოდ და მხოლოდ კარგი უნდა ვთქვა (იცინის), რადგან ყველაზე მეტად მიყვარს. მის მიმართ ჩემი სიყვარული ლამის სამშობლოს სიყვარულს უდრის. 17 წლის არის. ფაქტობრივად, ჩემს ხელში გაიზარდა.

...

- არც ერთ სოციალურ ქსელში არ ხართ დარეგისტრირებული...

- იმიტომ, რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს წუთისოფელში. "ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, ამდენი აღარ მცალია (იცინის)... მხოლოდ ამის გამო, თორემ პრობლემა არ მაქვს - ცუკერბერგს მოვიკითხავ (იღიმის)... (იხილეთ სრულად)