"არასდროს ბრაზდებიან, არ წუწუნებენ, ერთმანეთში არ ჩხუბობენ" - ჰუნზას ტომელთა ხანგრძლივი სიცოცხლის ფენომენი - კვირის პალიტრა

"არასდროს ბრაზდებიან, არ წუწუნებენ, ერთმანეთში არ ჩხუბობენ" - ჰუნზას ტომელთა ხანგრძლივი სიცოცხლის ფენომენი

მდინარე ჰუნზას ველი ინდოეთისა და პაკისტანის საზღვართან მდებარეობს. მას"ახალგაზრდობის ოაზისსაც" ეძახიან. ამ ადგილებში ადამიანები საშუალოდ 110-120 წელს ცოცხლობენ. ისინი თითქმის არასდროს ავადმყოფობენ და ახალგაზრდულადაც გამოიყურებიან. მათი დღეგრძელი სიცოცხლის მიზეზების ძიებამ მეცნიერები ჩიხში შეიყვანა.

ჰუნზას ველის მცხოვრებნი, მათი მეზობელი ტომებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად გვანან ევროპეიდული რასის წარმომადგენლებს. ლეგენდის თანახმად, ეს პატარა მთიანი ჯუჯა სახელმწიფო ალექსანდრე მაკედონელის ინდოეთში ლაშქრობის შემდეგ გაჩნდა.

ფოტოგალერეა

ისინი ზუსტად იმ ადგილას სახლობენ, სადაც მსოფლიოს სამი უმაღლესი მთათა სისტემა ჰიმალაი, ჰინდუკუში და ყარაყორუმი ერთიანდება.

დღეს ჰუნზა პაკისტანის იმ სამინისტროს მიერ იმართება, რომელიც ქაშმირისა და ჩრდილოეთ ტერიტორიების საკითხებს განაგებს.

მათ საკუთარი ენაც აქვთ - ბურუშასკი, რომლის ნათესაობა მსოფლიოს რომელიმე ენასთან ჯერ კიდევ ვერ დაამტკიცეს, თუმცა მოსახლეობამ აქ იცის უდრუ - რომელიც პაკისტანის ოფიციალური ენიდან ერთ-ერთია და ინგლისურიც. ისინი ისლამს აღიარებენ, თუმცა არა ტრადიციულს, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, რამედ ისმაილიტური სექტის მიმდევრები არიან, რომელიც ყველაზე მისტიკურ განშტოებად მიიჩნევა.

ამიტომაც ჰუნზაში თქვენ ვერ ნახავთ ტრადიციულ მოწოდებას ლოცვისკენ, აქ უფალთან საუბარი ყველას პირადი საქმეა.

ჰუნზას მოსახლეობა 15-გრადუსიან ყინვაშიც კი გაყინულ მდინარეში ბანაობს. აქ 40 წლის ქალბატონები ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ხოლო 65 წლის ქალები ბავშვებს აჩენენ. ზაფხულში ისინი ცოცხალი ხილით იკვებებიან, ხოლო ზამთარში მათი ძირითადი საკვები მზეზე გამომშრალი გარგარი, დაფქული მარცვლეული და ცხვრის ყველია.

საინტერესოა ისიც, რომ გაზაფხულზე, როცა ჯერ კიდევ ხილი არ არის მწიფე, მოსახლეობა 2 თვის განმავლობაში თითქმის არაფერს მიირთმევს. ამ პერიოდში ისინი დღეში ერთხელ გამომშრალი გარგარისგან დამზადებულ წვენს სვამენ. ამ მარხვას ჰუნზას ყველა მაცხოვრებელი მკაცრად იცავს.

შოტლანდიელმა ექიმმა მაკკარისონმა პირველმა გამოიკვლია ჰუნზას ტომი და აღმოაჩინა, რომ აქ დასახლებული ხალხი ცილებს ნორმაზე გაცილებით ნაკლებად გამოიყენებენ.

მათი დღიური კილოკალორია საშუალოდ 1933-ს შეადგენს, აქედან 50 გ არის ცილა, 36 გ ცხიმი და 365 გ ნახშირწყლები.

წიგნში, რომელიც ამ ტომის შესახებ დაიწერა, ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მათი კვება განსხვავებულია:

- ვეგეტარიანელობა - ბევრი ხილი და ბოსტნეული

- უმი საკვები პროდუქტი

- პროდუქტის დამზადებისას არ არის გამოყენებული არც ერთი დანამატი

- ალკოჰოლსა და ტკბილეულს იშვიათად მიირთმევენ

- ზომიერად გამოიყენებენ მარილს

- გამოიყენებენ ჰუნზას ნიადაგზე მოყვანილ პროდუქტს

- აქვთ შიმშილის რეგულარული პერიოდი

შეიძლება ითქვას, რომ მათი ხანგრძლივი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ძირითადად კვების რაციონზეა დამოკიდებული.

1984 წელს ტომის ერთ-ერთი მაცხოვრებელი საუდ აბდულ მობუდი ლონდონში ჩავიდა, სადაც აეროპორტის თანამშრომლები აღმოჩენილმა ამბავმა აღაფრთოვანა. როგორც დოკუმენტებით ირკვეოდა, საუდი 1823 წელს იყო დაბადებული, ანუ ის იმ დროისთვის 160 წლის იყო. მობუდის თანმხლებმა განაცხადა, რომ მამაკაცი ტომში წმინდანად იყო აღიარებული. მობუდის ჯანმრთელმა ორგანიზმმა და უნაკლო მეხსიერებამ გააკვირვა ბრიტანელი მეცნიერები.

ჯანმრთელობაზე და ხანგრძლივ სიცოცხლეზე საუბრისას, ტომის წარმომადგენლები ყოველთვის ამბობენ, რომ უნდა იყო ვეგეტარიანელი, იშრომო ფიზიკურად, სულ იმოძრაო და არ უნდა შეცვალო ცხოვრების რიტმი. სწორედ ამის შემდეგ იცხოვრებ 120 და 150 წელს.

აღსანიშნავია, რომ მათი შრომისუნარიანობა მთელს მსოფლიოს აკვირვებს, როგორც ჰუნზას ტომის წარმომადგენლები ამბობენ, აუცილებელია მუდამ კარგ ხასიათზე იყო და ხშირად გაიცინო, მაშინაც კი როცა შიმშილობ. როგორც მაკკარისონმა ტომის შესწავლის შემდეგ განაცხადა: "მათი ნერვული სისტემა განსაკუთრებულია, არასდროს ბრაზდებიან, არ წუწუნებენ, ერთმანეთში არ ჩხუბობენ და ყოველგვარ გასაჭირს როგორც ფიზიკურს, ასევე სულიერს, დიდი სიმშვიდით ეგებებიან". (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

თარგმნა ეკა გადახაბაძემ