"დედე" და "საშიში დედა" - ქართველი ქალი რეჟისორების ტრიუმფი აზიის ოსკარზე - კვირის პალიტრა

"დედე" და "საშიში დედა" - ქართველი ქალი რეჟისორების ტრიუმფი აზიის ოსკარზე

ორი ახალგაზრდა, ქართველი რეჟისორების დიდი წარმატება Asia Pacific Screen Awards-ზე, რომელიც ავსტრალიაში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ცერემონიალს "აზიურ ოსკარსაც" კი უწოდებენ.

დამწყები რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმმა "საშიში დედა", მთავარი პრიზი გრან-პრი დაიმსახურა, ხოლო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ნატა მურვანიძემ "აზიური ოსკარი" მოიპოვა.

ფილმის მთავარი გმირის - მანანას როლს ცნობილი ქართველი მსახიობი ნატა მურვანიძე ასრულებს, ფილმში ასევე მონაწილეობენ: დიმიტრი ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთანდილ მახარაძე. კინოსურათი ქართულ-ესტონური პროექტია, რომლის სცენარიც ანას ეკუთვნის. ფილმი ქართველი დიასახლისის ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ასეთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: ოჯახი თუ მწერლობა.

ანა ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ქალიშვილია, რომლის ფილმი "მანდარინები" "ოსკარის" ნომინანტი" იყო და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

Asia Pacific Screen Awards-ზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა მარიამ ხაჭვანის ფილმმა "დედე", რომელსაც "აზიის ოსკარი" ნომინაციაში "კულტურული მრავალფეროვნება" იუნესკოს პატრონაჟით გადაეცა.

მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი ფილმი სვანურ ენაზეა. სვანია მასში მონაწილე ყველა მსახიობი. მთავარ როლებში არიან, ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი და ნუკრი ხაჭვანი. გადაღებები სვანეთში, უშგულში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა.

კინოპროექტი "დედე" ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და "სანდენსის" კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა. რამდენიმე თვის წინ, ქართული ფილმი "დედე" კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.

ამას გარდა, მარიამ ხაჭვანის ახალმა სცენარმა "ნენე" აიღო "აპსა ფილმ ფონდის" ფულადი გრანტი პროექტის განვითარებისთვის.

იხილეთ ასევე: სვანური ტრადიცია და ბებიას თავს გადახდენილი ამბავი, რამაც რეჟისორ მარიამ ხაჭვანს საერთაშორისო აღიარება მოუტანა