"უსაზღვროდ შეუყვარდა ვაჩნაძის ქალი, მაგრამ თქმით ვერაფერს უბედავდა" - გიორგი შავგულიძის ცხოვრების სიყვარული - კვირის პალიტრა

"უსაზღვროდ შეუყვარდა ვაჩნაძის ქალი, მაგრამ თქმით ვერაფერს უბედავდა" - გიორგი შავგულიძის ცხოვრების სიყვარული

"რამდენი ჩვენგან წასული კაცის

ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,

მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც,

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს", - დაწერს მიხეილ ქვლივიძე მისი გარდაცვალების შემდეგ.

გიორგი შავგულიძე 1910 წელს დაიბადა ქუთაისში. სკოლაში ჟორას ეძახდნენ. იმდენად მოიხდინა არცთუ სასიამოვნოდ მოსასმენი სახელი, რომ მერე ბევრმა მისი სიყვარულით შვილს ჟორა დაარქვა. სკოლა 1928 წელს დაამთავრა, სწავლის გაგრძელება სურდა, მაგრამ ვერ შეძლო, მამა ჰყავდა რეპრესირებული.

ფოტოგალერეა

ძველ ქუთათურებს კარგად ახსოვდათ ისარივით მოჭიმული ჭაბუკი, რომელიც თეთრი ხიდიდან რიონში თავითეშვებოდა. ბევრი ბაძავდა, მაგრამ ჟორასავით მაინც ვერ გამოსდიოდათ ვერც ხიდიდან გადახტომა, ვერც ცურვა. არც არავინ ეცილებოდა პირველობაში.

...და ერთხელაც, როცა სახელოვანი მარჯანიშვილი ხიდზე მისეირნობდა, თვალი მოჰკრა ათლეტურ ჭაბუკს. რიონში ისე ლამაზად გადაეშვა, რომ რეჟისორმა აღფრთოვანება ვერ დამალა. დაელოდა, სანამ ნაპირზე გამოცურავდა, მერე მიუახლოვდა და ჰკითხა:

- ყმაწვილო, ვინ ხარ, რა გვარის?

ჟორამ მაშინვე იცნო რეჟისორი, ის ხომ იმ დროს ქუთაისის თეატრს თავკაცობდა.

- გიორგი შავგულიძე ვარ, ბატონო კოტე, ისე კი შინაურულად ჟორას მეძახიან!

გაუკვირდა რეჟისორს:

- შენ მე მიცნობ?

- თქვენ ვინ არ გიცნობთ, მე კი თეატრი ისე მიყვარს, ყოველდღე ქანდარაზე ვზივარ.

რეჟისორს ბევრი აღარც უფიქრია, ხელი მოჰკიდა ჭაბუკს და თეატრში მიიყვანა. მაშინ 18 წლის იყო გიორგი, მარჯანიშვილს კი უტყუარი ალღო ჰქონდა, კოჭებში ატყობდა, რომ მისგან დიდი მსახიობი დადგებოდა.

მალე კოტე მარჯანიშვილი თბილისში გადავიდა და ჟორაც თან გაჰყვა. შავგულიძე მარჯანიშვილის საყვარელ მსახიობად ითვლებოდა. სხვებს თუ არაფერს აპატიებდა, გიორგის დაგვიანებაზეც კი არ საყვედურობდა.

მარჯანიშვილის თეატრის დასში ჟორამ მომხიბვლელი მსახიობი, ლიზი ვაჩნაძე გაიცნო. იგი ვეჯინელი თავადის, კონსტანტინეს ასული იყო. ლიზიკოს მშობლებიც რეპრესირებული იყვნენ. შავგულიძეს უსაზღვროდ შეუყვარდა ვაჩნაძის ქალი, მაგრამ თქმით ვერაფერს უბედავდა. "ყვარყვარეში" ლიზი გულთამზეს თამაშობდა, ჟორა - ერასტის (მის შეყვარებულს), სახელოვანი უშანგი ჩხეიძე კი - ყვარყვარეს. ერთ-ერთ სცენაში ყვარყვარეს გულთამზე მუხლებზე უნდა დაესვა და მიალერსებოდა, ამას შავგულიძე ძალიან განიცდიდა. იგი ჯერ ყვარყვარეს რეპლიკას უნდა დალოდებოდა, მერე გასულიყო სცენაზე და აქეთ-იქით მიეყარა გულთამზეც და ყვარყვარეც, თუმცა, ვინ უცდიდა რეპლიკას! მანამდე გავარდებოდა ხოლმე, სანამ ყვარყვარე-უშანგი მუხლებზე დაისვამდა გულთამზე-ლიზის. სცენა ფუჭდებოდა. რეჟისორი კი შენიშვნას არ აძლევდა... ერთხელაც თვითონ ლიზიმ უსაყვედურა ჟორას, დაგვაცადე, ადრე ნუ შემორბიხარო... ეწყინა ჟორას და რეპლიკის მერეც აღარ გავიდა სცენაზე. უშანგი იძულებული გახდა, სცენიდან დაეძახა კულისებში მდგომისთვის: ე, ბიჭო, ჟორჟიკა, სად ხარო? თითქოს ამას ელოდაო შავგულიძე, გავარდა სცენაზე და ისე მოისროლა "ყვარყვარე", ლამის დარბაზში გადააგდო. მოგვიანებით, როცა უშანგი ჩხეიძემ შემთხვევით ჟორას პორტსიგარში ლიზის ფოტო აღმოაჩინა, მიხვდა ჟორჟიკას უცნაური ქცევის მიზეზს. იგი რეპლიკას გაცილებით ადრე ამბობდა და აღარც "გულთამზეს" ეალერსებოდა.

აღდგენილ "ხატიჯეში" ლიზი ხატიჯეს თამაშობდა, ხატიჯეს დედის როლს კი მარჯანიშვილის მეუღლე, ელენე ვაჩნაძე. ორივეს შავი კაბა ეცვა, შავი ჩადრები ჰქონდათ სახეზე ჩამოფარებული. შავგულიძე ახალგაზრდა ინჟინრის როლს ასრულებდა. ერთხელ რეჟისორის მეუღლემ დაასწრო ლიზის ჩაცმა და კულისებისკენ გაემართა. ჟორას თავისი შეყვარებული ეგონა, უკნიდან მიეპარა და მოეხვია. შეშინებულმა ქალმა მაშინვე ჩადრი გადაიძრო და გიორგი რომ დაინახა, ლამის გადაირია, აქეთ შავგულიძეს გადაუტრიალდა გული, როგორი საქმეა, მსახიობი თეატრის მთავარი რეჟისორის ცოლს რომ ეხვევა!

იმ საღამოსვე მარჯანიშვილმა თავის კაბინეტში დაიბარა შეყვარებული წყვილი. კარგა ხანს უყურა დარცხვენილ ჟორას, მერე გაეღიმა და თავისებურად დაუცაცხანა, რა იყო, ბიჭო, ვინც კი ვაჩნაძეა, ყველა შენი გგონიაო?.. ცოტაც მაცალე, მოსკოვში ვარ წასასვლელი, იქიდან რომ დავბრუნდები, დიდ ქორწილს გადაგიხდითო.

"იქიდან" ვეღარ დაბრუნდა მარჯანიშვილი, ვერც ქორწილი გადაიხადეს შეყვარებულებმა, მაგრამ 1934 წელს ხელი მოაწერეს და ჩერქეზოვის ქუჩაზე, მიწის პირზე აშენებულ ერთ პატარა უსარკმლო ოთახში დასახლდნენ. ტყუპი ვაჟი შეეძინათ - ჯუანშერი და ნურადინი. მძიმე პირობებში უხდებოდა ცოლ-ქმარს შვილების გაზრდა. პატარა ჯუნა დაავადდა და გარდაიცვალა. სასოწარკვეთილ მშობლებს ნუკრიღა შერჩათ და ისიც ხშირად ავადმყოფობდა, ოთახი ხომ ძალიან ნესტიანი და ბნელი იყო. დამთავრდა ომი, მაგრამ საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესებიათ. არადა, ჟორა შავგულიძეს უკვე ყველა იცნობდა, ყველას უყვარდა. შემდეგ ნუკრი დაავადდა ჯირკვლების ანთებით. ნუკრი და მაშინდელი ცეკას მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის ვაჟი გელა ერთ კლასში სწავლობდნენ. ლიზიმ ასეთი რამ მოფიქრა, დაწერა წერილი კანდიდის სახელზე და როგორც მშობელმა მშობელს თავისი გასაჭირი უამბო, შვილს კი სთხოვა, გელას წიგნი გამოართვი, ვითომ რამის ჩანიშვნა გინდა და ეს წერილი ჩაუდე. ბიჭი წიგნს გადაშლის, მამის სახელზე რომ იქნება, აუცილებლად გადასცემს და იქნებ რამე გვეშველოსო. ნუკრი ჯერ უარობდა, მერე კი დედის სურვილი შეასრულა და სასწაულიც მოხდა. მალე ცნობილი ჟორა შავგულიძის მეუღლე აღმასკომში დაიბარეს და ოროთახიანი ბინის გასაღები გადასცეს. გიორგი შავგულიძე ისეთი გახარებული იყო, რომ ცოლ-შვილისთვის მაშინვე ხელი დაუტაცია და სასწრაფოდ გავარდნილა ახალ ბინაში, ვინმემ არ შეგვასწროს შესახლებაო, პატარა ბიჭივით დარბოდა თურმე ოთახებში, ვერ იჯერებდა, ნუთუ ორივე ოთახი ჩვენიაო.

ღმერთს უყვარს გამორჩეული ადამიანები, ალბათ, ამიტომაც მიჰყავს თავისთან... იმ დღეს სპექტაკლი არ ჰქონდა ჟორას, ფილმში იღებდნენ, ლიზი კი სცენაზე იდგა, კომედიაში ჩინოვნიკის ცოლს თამაშობდა. ერთ ეპიზოდში შეწუხებული ხმით ამბობდა: "რა უბედური ვყოფილვარ". რა იცოდა ქალმა, რომ მისი სიტყვები სიმართლეს შეესაბამებოდა. იმ წუთებში გიორგი შავგულიძე უკვე აღარ იყო ცოცხალი. მას პლეხანოვზე ტროლეიბუსი დაეჯახა. როცა მძღოლმა მიწაზე უსულოდ დავარდნილი შავგულიძე დაინახა, თავში წაიშინა ხელები, ეს რა კაცი მოვკალიო...

გიორგი შავგულიძე არა მარტო ქალაქს, მთელ საქართველოს დააკლდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მარინა ბაბუნაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)