"მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ" - ვარსკვლავთცვენა "პალიტრაში"
"მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ" - ვარსკვლავთცვენა "პალიტრაში"
"მინდა გაზეთ "კვირის პალიტრასა" და მის მკითხველს ახალი წელი მივულოცო. მოხარული ვარ, რომ ფილმი "მარტო სახლში" თქვენთან პოპულარულია. გისურვებთ ბედნიერებას და სასიამოვნო საშობაო არდადეგებს"."
მაკოლეი კალკინი


ასე მოგვილოცა ჰოლივუდის ვარსკვლავმა კვირისპალიტრელებს ახალი წელი.

გადავწყვიტე, ჩვენი გაზეთის საახალწლო ნომერში "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ექსკლუზიური ინტერვიუები შეგახსენოთ.
რიგითობას დავიცავ და ორნელა მუტის ინტერვიუთი დავიწყებ. ცნობილია,­ რომ სუპერვარსკვლავების ინტერვიუზე დათანხმება იოლი არ არის, თუმცა ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ინტერვიუზე შევთანხმდით და იტალიელმა კინოვარსკვლავმა
თავის ცხოვრებაზე "კვირის პალიტრასთან" საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

"მოსკოვში ჩემს საყვარელ ქართულ რესტორნებს ვსტუმრობ"


"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში თვალს ადევნებენ სიახლეებს ჩემი ცხოვრების შესახებ. მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ მკითხველს ყურადღებისა და სითბოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კულტურაზე ცოტა რამ ვიცი, გაგებული მაქვს ამ მშვენიერ ქვეყანაზე,
თავისი დიდებული ბუნებით, ძლიერი კულტურული და ოჯახური ტრადიციებით და რაც მთავარია, ძლიერი სულის ადამიანებით. თავი მხოლოდ ერთი რამით შემიძლია­ ვიმართლო - განსაკუთრებით მიყვარს მსოფლიოში ცნობილი ქართული სამზარეულო, აქ, მოსკოვში, ჩემი საყვარელი ქართული რესტორნებიც კი ვიცი, სად არის და როცა შესაძლებლობა მაქვს, ვსტუმრობ".


"მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ"


"ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში. საოცრად შთამბეჭდავი იყო, რომ თქვენმა პატრიარქმა ილია II-მ თავისი ძვირფასი დრო დამითმო. მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა. ეს იყო ნეტარების დღე... შემდეგ მაჩვენეს უძველესი ეკლესიები (მეტეხის ტაძარი და ანჩისხატი)... ქართველები თბილი და უშუალო ხალხი ხართ. დავესწარი მართლმადიდებლურ წირვას, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მუდამ მემახსოვრება. გავეცანი ქართულ სამზარეულოს, ის მართლაც განსაკუთრებულია. გავისეირნე­ ძველი თბილისის ქუჩებში, შემდეგ კი პრეზიდენტის ულტრათანამედროვე რეზიდენცია ვნახე. მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ".
შერონ სთოუნი გულწრფელად საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე და კითხვას, ვინ არის მისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი, ასე პასუხობს: "მთავარი და განსაკუთრებული მამაკაცი მამაჩემია. მქონია ვნებიანი რომანები როგორც ამერიკელებთან, ისე უცხო ქვეყნების მამაკაცებთან. ამან საშუალება მომცა, უფრო ღრმად გამეცნო უცხო მამაკაცი და შესაბამისად, ქვეყანა. ზოგიერთი მათგანი შემზარავ მოგონებად დამრჩა. ორჯერ ვიქორწინე. პირველი ქმარი ძალიან კარგი პიროვნებაა, ახლაც ვმეგობრობთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს. 40 წლისამ კვლავ გადავწყვიტე გათხოვება,რადგან ძალიან მინდოდა შვილები და სწორედ აქ დავუშვი ბევრი შეცდომა... მივხვდი, რომ სულაც არ იყო საჭირო ტრადიციული გზით გავმხდარიყავი დედა და ორი ბიჭუნა ვიშვილე...
ჰო, სიყვარულზე მეკითხებოდით - თუ უნდა, მოვიდეს, წინ ვერაფერი დაუდგება, ისევე როგორც ვერაფერი შეაჩერებს კვირტის ყვავილობას გაზაფხულზე..."


"მივუახლოვდი ელიზაბეტს, თვალებში ჩავხედე და ვუთხარი..."


"საწოლში მერილინთან" - ამ სერიის ფოტოსესია მსოფლიოში ცნობილ კინოვარსკვლავსა და ფოტოხელოვან დუგლას კირკლენდს უკავშირდება, თუმცა კარიერის დასაწყისში სახელი ელიზაბეტ ტეილორის ფოტოებით გაითქვა:
"ჟურნალი Look-ი ელიზაბეტ ტეილორთან ინტერვიუს წერდა­ და რედაქტორმა მთხოვა მისი გადაღება. როდესაც მივედი, მკაცრად გამაფრთხილეს, ფოტოს გადაღება აკრძალულიაო. დაველოდე¬ ინტერვიუს დასრულებას, მივუახლოვდი ელიზაბეტს, თვალებში ჩავხედე და ვუთხარი: "მე დამწყები ფოტორეპორტიორი ვარ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს ჩემი კარიერისთვის, თუ თქვენი გადაღების შანსს მომცემთ?" დაფიქრდა და მითხრა: "ხვალ 8:30 საათზე მოდი". ამ ფოტოსესიამ მსოფლიო მოიარა...

"მე და ჩემი ბოიფრენდი დროის დიდ ნაწილს ჰავაიზე ვატარებთ"


90-იანი წლების სექსსიმბოლო კიმ ბესინჯერი დღეს კალიფორნიაში ცხოვრობს: "კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში, სანაპიროსთან ახლოს ვცხოვრობ, მომწონს აქაური კლიმატი და წყალი, რადგან წყლის სპორტის თითქმის ყველა სახეობას ვფლობ, განსაკუთრებით სერფინგი მიყვარს. ჩემი ქალიშვილი, აირლანდი (კიმ ბესინჯერისა და მსახიობ ალეკ ბოლდუინის შვილი) აქვე ახლოს ცხოვრობს. მას რვა ძაღლი ჰყავს, მე - ხუთი. ჩვენ გვიყვარს ცხოველები... ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა ცხოველთა დამცველ ჯგუფებთან თანამშრომლობაა, რათა შევაჩეროთ სის­ასტიკე, რაც პლანეტაზე არსებულ ყველა ცხოველს ემუქრება.
მე და ჩემი ბოიფრენდი დროის დიდ ნაწილს ჰავაიზე ვატარებთ, ჰავაი ჩვენი საყვარელი ადგილია. არაჩვეულებრივი ბოიფრენდი მყავს, 20 წლის წინ შევხვდი, ერთად ვმუშაობდით და კარგი მეგობრები ვიყავით. ბოლო სამი წელია, ერთად ვართ". 


"ჯონს ვკითხე, თუ ჰქონდა ის მაისური, რომელიც მე ვაჩუქე..."


თუ გაინტერესებთ, როგორ შეიქმნა ჯონ ლენონის სახელგანთქმული ფოტოსესია, მაშინ თავად ამ ფოტოს შემქმნელი, როკის ეპოქის ცოცხალი მემატიანე ბობ გრუენი მოგიყვებათ.
"ჯონმა მთხოვა, გადამეღო ახლო პლანით ფოტოები ალბომ ჭალლს&Bრიდგეს-ის ყდისთვის. შემდეგ რამდენიმე ფოტო რეკლამისთვისაც მოინდომა. ჯონს ფოტოგადაღება თავისუფალ გარემოში უყვარდა და შევთავაზე, მისი ბინის სახურავზე მოგვეწყო ფოტოსესია, გარშემო ნიუ-იორკის ხედებით. ჯონს ვკითხე, თუ ჰქონდა ის მაისური, რომელიც მე ვაჩუქე... ჩაიცვა და შეიქმნა კიდეც ის ცნობილი ფოტოსერია. მაშინ რას ვიფიქრებდით, რომ ძალიან პოპულარული გახდებოდა. ფოტო, რომელიც გამოსახავს ვნებას, ხალხს ამახსოვრდება. ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი ფოტოების ნახვისას აქვთ განცდა, თითქოს თავადაც კადრში არიან".

"მთელმა ჯგუფმა იცოდა, რომ ჰიჩკოკი ჩემზე ძალადობას ცდილობდა"


ალფრედ ჰიჩკოკის "ჩი­ტე­ბის"­ გადა­ღებიდან 53 წლის შემდეგ­ ალაპარაკდა რეჟისორის ძალადობაზე ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ტიპი ჰედრენი. 87 წლის მსახიობმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო, როდესაც მემუარებში დეტალურად აღწერა გენიალური რეჟისორის სექსუალური სწრაფვები. დაკოტა ჯონსონის ბებია და მელანი გრიფიტის დედა დღეს პოპულარობით ოჯახის წევრებს არ ჩამოუვარდება.
- თქვენს წიგნში აღწერთ, რომ ფილმ "მარნიზე" მუშაობისას ჰიჩკოკმა თქვენთან სექსუალური კავშირის დამყარება ძალადობრივად სცადა... მას შემდეგ ჰიჩკოკის ფილმებში აღარ გითამაშიათ.
- მე ვუთხარი ჰიჩკოკს, რომ არ მქონდა მასთან ურთიერთობის სურვილი და წამოვედი. მემუქრებოდა, რომ კარიერას დამინგრევდა... რის გაკეთებასაც ცდილობდა, ეს იყო საზიზღრობა, საშინელება. მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა იცოდა ეს, მაგრამ არავის შეეძლო დახმარება. ის ალფრედ ჰიჩკოკი იყო - მსოფლიოში სახელგანთქმული რეჟისორი, მე კი მარტოხელა დედა, რომელსაც გაუმართლა და ცნობილი გახდა.

P.S. "კვირის პალიტრის" ექსკლუზივები მომავალ წელსაც გაგრძელდება, მანამდე კი ყველა ჩემს რესპონდენტს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საინტერესო ინტერვიუებისთვის.


ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?