"იპოლიტე წუწუნებდა, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდებაო" - კვირის პალიტრა

"იპოლიტე წუწუნებდა, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდებაო"

ფოტოგალერეა

"ცამეტი ჩემი ციფრია. კარგად მაქვს დაცდილი - ოჯახში 13 სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი; ქუთაისში ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი; ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზანების მე-13 სახლში გადმოვედი; რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 1953 წლის 13 ივნისს მივიღე, სახალხო არტისტის წოდება კი 13 ივლისს, 1960 წელს..."

იპოლიტე ხვიჩია

1910 წლის 31 დეკემბერი... ხონის რაიონის პატარა სოფელ კონტუათში ალექსანდრეს და პისტი ყვინჩიებს მეექვსე შვილი შეეძინათ, რომელსაც იპოლიტე დაარქვეს... 14 წლის იპოლიტემ თბილისში, სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ხაშურის რაიონის საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციაში ინსტრუქტორად, შემდეგ - აგურის ქარხანაში მგეგმავი ეკონომისტის თანამდებობაზე. სოხუმშიც მუშაობდა - მეთულუხჩედ და პურის მცხობლადაც კი.

იპოლიტეს ძმამ, საშამ, ხონის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი ჩამოაყალიბა და ძმაც მიიწვია. ხონის თეატრში იპოლიტემ დასამახსოვრებელი სახეები შექმნა: ბახვა ფულავა ("სამი სიცოცხლე"), კინტო ვანუა ("ქრისტინე"), ბორისი ("ჟანგი"), ყვარყვარე ("ყვარყვარე თუთაბერი") ალმასხანი ("ნაგანი"), ნეოფიტე ("ნეოფიტე მთქნარია") და სხვა.

1936 წელს იპოლიტემ მეშახტეთა ცენტრალურ კლუბში დაიწყო მუშაობა გამგედ და სამხატვრო ხელმძღვანელად. იმ დროს ქუთაისის თეატრში დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად მისულმა დოდო ანთაძემ იპოლიტეც მიიწვია. სცენაზე მის ყოველ გამოჩენას ჯერ - ღიმილი, შემდეგ კი თავშეუკავებელი ხარხარი მოსდევდა. იპოლიტესთვის დამახასიათებელი განუმეორებელი იმპროვიზაციის უნარი ხშირად კურიოზად ქცეულა სცენაზე თუ სცენის მიღმა.

ლუბამ კარიერას თავი დაანება და იპოლიტეს მიუძღვნა მთელი სიცოცხლე - შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი

1961 წელს კინოსტუდია "ქართული ფილმის" მიწვევით სამუშაოდ რუსთაველის თეატრსა და "ქართულ ფილმში" გადავიდა და ოჯახით დედაქალაქში დაფუძნდა.

რუსთაველის თეატრში ორიოდე საინტერესო ნამუშევარი შემატა თავის სცენურ სახეთა გალერეას: ტრიფონი ("მეტეხის ჩრდილი") და სპირიდონი ("უკანასკნელი მასკარადი"), მერე კი კინოსა და ტელევიზიაში განაგრძო საქმიანობა.

იპოლიტე ხვიჩიამ კინოში ათეულობით როლი ითამაშა: ალმასხანი ("საბუდარელი ჭაბუკი"), იპოლიტე ნემსაძე ("მანანა"), კუჭკუჭი ("ბურთი და მოედანი"), ქორიძე ("თხუნელა"), მელიტონი ("თოჯინები იცინიან"), სანდრო ("არ იდარდო!"), ბონდო დოლაბერიძე ("ფეოლა"), იპოლიტე ("მხიარული რომანი"), ვარლამი ("პირველი მერცხალი"), კაჟა ბულავა ("დათა თუთაშხია") და სხვა.

ბატონი ჯემალ ღაღანიძე იპოლიტე ხვიჩიას შესახებ იხსენებს: "იპოლიტე ხვიჩია ხშირად წუწუნებდა, ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ თავს ვარიდებ იქ მისვლასო.

ერთხელაც, "ფეოლას" გადაღებების დროს, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მოვიდა და იპოლიტეს სთხოვა: ბაბუა მომიკვდა და ძალიან გთხოვთ, დამდეთ პატივი, მობრძანდით პანაშვიდზე და დამაფასეთო... წავედით... შევედით ეზოში და ატყდა ფხუკუნი. არ შევიმჩნიეთ და სამგლოვიარო სახეებით ავუყევით კიბეს.

შედგა თუ არა ოთახში იპოლიტემ ფეხი, იყვირა ჭირისუფალმა: "დედა, ეს ვინ მოვიდა! იპოლიტე, შენ შემოგევლე!.. სევასტი, ადექი, ასე უნდა სტუმრის დახვედრა, შე უნამუსო? ის მაინც არ გახსოვს, "ბურთი და მოედანში" "ტრუსიკით" რომ დარბის?.." ატყდა ხორხოცი... მერე ვშაყირობდით: "ეს რა ჩაიდინე, იპოლიტე, ის მიცვალებული პატიოსნად იწვა და შენ რომ შეხვედი, გავხედეთ და, არ იცინოდა? როგორ ჩაშალე პანაშვიდი!" ამის შემდეგ იპოლიტეს ფეხი პანაშვიდზე აღარ ყოფილა.

ჯანმრთელობაშერყეული იპოლიტე სახლიდან იშვიათად გამოდიოდა, სამაგიეროდ, ბევრს კითხულობდა, წერდა მოგონებებს და, რაც მთავარია, თამაშობდა ნარდს... ნარდის დიდი მოყვარული გახლდათ ჟურნალისტი და პოეტი კირა კვეიძე, რომელთანაც იპოლიტე სულ ჩხუბობდა... ერთ-ერთი შეხლა-შემოხლის შედეგად შეიქმნა ასეთი ხელწერილი:

"მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ, ძვირფასი პარტნიორების წინაშე დავიცვა (ნარდში) ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი:

1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ (მაინც წამასწრებენ და რა ფასი აქვს).

2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორს შემდეგი სიტყვები: ჩათლახო, უპატრონო, კრეტინო, დეგენერატო, კიკა და ა.შ.

3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო ჩემს სასარგებლოდ სხვას პარტიის მითვისებაში.

4. (მეოთხე მუხლის პირობა ხელწერილის სიძველის გამო განაკეცში არ იკითხება).

5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიით და არ დავამცირო წაგებული ნიჭიერი მოწინააღმდეგე.

6. ვაღიარო ერთხელ და სამუდამოდ, რომ კირა და მარიკა ჭეშმარიტად დიდებული ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეები არიან და მათთან თამაში მგვრის სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი.

...ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ, ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ.

რაზედაც ხელს ვაწერ, იპ. ხვიჩია

P.S. ხელწერილზე კი ვაწერ ხელს, მაგრამ თუ ავდექი... თქვენი იპო".

სიკვდილის პირას მყოფმა შვილიშვილს, მანანა ხვიჩიას, გამოსამშვიდობებლად უთხრა: "იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო! სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია - სიყვარულიც არის და სიყვარულიც... ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცის. ფულის შემგროვებელი ადრე ბერდებაო..."

დიდი მსახიობი 1985 წლის 31 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

იხილეთ ფოტოგალერეა: იპოლიტე ხვიჩია - ქართული კინოკომედიის ვარსკვლავი